საქართველოში, 2019 წლის 7 თებერვალს სასამართლომ დააკმაყოფილა “თანასწორობის მოძრაობის” იურისტების სარჩელი, რომლითაც ყადაღა დაედო იმ ქონებას, რომელიც მამამ სექსუალური ორიენტაციის გამო, თავის შვილს მოტყუებით წაართვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ორგანიზაციის განცხადებით, საქმე ეხება უძრავ ქონებას, რომელიც ბაბუამ თავის არასრულწლოვან შვილიშვილს, გ.ფ-ს 5 წლის წინ აჩუქა. მას შემდეგ, რაც გაიგეს გ.ფ-ს სექსუალური ორიენტაციის შესახებ, ეს ქონება მამამ – კ.ფ-მ, ბაბუამ და მამიდამ ერთი წლის წინ ჯერ გადააფორმეს ისევ ბაბუის სახელზე, შემდეგ კი მამიდაზე.
კანონის თანახმად, მამას, როგორც მეურვეს უფლება ჰქონდა მისი შვილის სახელზე რიცხული ქონება სხვაზე გაეფორმებინა. თუმცა "თანასწორობის მოძრაობა" ამბობს, რომ მამის ეს ქმედება დისკრიმინაციული საფუძვლით იყო განპირობებული - მამას არ მოსწონდა, რომ მის შვილს განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია და თვითგამოხატვა აქვს.
"თანასწორობის" იურისტებმა სწორედ ეს გარემოება მიუთითეს სარჩელში, რომ მოპასუხე მხარემ, დისკრიმინაციული მოტივით გამოიყენა ყველა მის ხელთ არსებული ზომა, რათა არასრულწლოვანი გ.ფ დაეტოვებინა საკუთრების და თავშესაფრის გარეშე.
გარდა ამისა, ირკვევა, რომ შვილის ქონების გაჩუქებამდე მამა მასზე ხშირად ძალადობდა. როგორც იურისტები ამბობენ, კვირაში ორჯერ ან სამჯერ მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
მოძალადე მამა 2018 წლის თებერვალში სასამართლომ დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.
"სასამართლო გაეცნო “თანასწორობის მოძრაობის” იურისტების წარდგენილ შუამდგომლობას, შეამოწმა მისი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ყადაღის გამოუყენებლობა გააძნელებდა, ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას, ან გამოიწვევდა სადავო ან დარღვეული უფლების განხორციელების შეუძლებლობას, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.
„თანასწორობის მოძრაობის“ იურისტებმა სწორედ ეს გარემოება მიუთითეს სარჩელში, რომ მოპასუხე მხარემ, დისკრიმინაციული მოტივით გამოიყენა ყველა მის ხელთ არსებული ზომა, რათა არასრულწლოვანი გ.ფ დაეტოვებინა საკუთრების და თავშესაფრის გარეშე",- აცხადებენ "თანასწორობის მოძრაობაში".
“თანასწორობის მოძრაობის” იურისტების მიზანია, რომ გ.ფ-მ აღიდგინოს დარღვეული უფლება და დაიბრუნოს ქონება, რომელიც მისი საკუთრება იყო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment