Saturday, June 15, 2019

შსს: მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე დაკავებულებიდან 7 ადამიანი პატიმრობაში რჩება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამნისტრომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 14 ივნისს გამართული ორი კონტრაქციის შემდეგ, დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა. 
„შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა. სამინისტრო იცავდა და დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“ - ნათქვამია შსს განცხადებაში. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


შსს ცნობით, გუშინ, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს 28 პირი, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე ჟურნალისტების მიმართ. 

„პოლიციის მიერ დაკავებული პირებიდან 7 რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.

სამინისტრო დეტალურად სწავლობს აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი თითოეული ინციდენტის ამსახველ შესაბამის ვიდეო-მასალას, რომელსაც უმოკლეს ვადებში მიეცემა სამართლებრივი შეფასება“- ნათქვამია განცხადებაში. 

„აქვე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მათი ეფექტიანი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიუღებელია ამ მოტივით ძალადობა და ძალადობის მუქარა. თითოეულ ფაქტზე სამინისტრო ახდენდა და მომავალშიც მოახდენს სათანადო რეაგირებას. სამართალდარღვევის ყველა ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი. 
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრებისას დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში“ - ნათქვამია შსს განცხადებაში. 
„თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა, მონაწილეებმა და მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორია პოლიციის თანხლებით გუშინ დატოვეს. 
თავდაპირველად, მთავრობის ადმინისტრაციასთან პროტესტის გამოხატვა, ლგბტ თემის წარმომადგელებმა და მათმა უფლებადაცველებმა დაგეგმეს. ამით ისინი საპატრიარქოს განცხადების გაპროტესტებას აპირებდნენ.
თუმცა იქ მისვლა  მათ ქართული მარშის და სამღვდელოების წარმომადგენლებმა დაასწრეს, რომლებიც ამბობენ, რომ არ დაუშვებენ ლგბტ თემის წევრების  შეკრებას. 
კონტრაქციაზე მივიდა ლევან ვასაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარებას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს. ამ ორ საპროტესტო აქციას, ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა. 
ბოლო მონაცემებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს.
14 ივნისს საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტ პრაიდის ჩატარება, რომელიც თბილისში 18-23 ივნისს არის დაგეგმილი. „თბილისი პრაიდი“ 18 ივნისს საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება და 23 ივნისს ღირსების მარშით დასრულდება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment