Tuesday, June 11, 2019

გოგონა ხულოდან, რომელიც ლუდვიგ-მაქსიმილიანის კლინიკაში გადის პრაქტიკებს

ხულოელი გოგონა, რომელიც ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის აკადემიურ სასწავლო კლინიკაში გადის პრაქტიკებს, როგორც თავად ყვება, აღნიშნულ უნივერსიტეტთან გასაუბრება სკაიპში, გერმანულ ენაზე გაიარა, რის შემდეგაც მას მოუვიდა მოწვევა.
ნინო აბაშიძე მიუნხენში უფასო პრაქტიკას გადის, სადაც საცხოვრებელი და კვებაც უფინანსდება, უფრო მეტიც, იგი სტიპენდიასაც იღებს.
როგორც თავად “აიპრესთან” ყვება, აღნიშნულ სკოლაში სულ სამი ახალგაზრდაა საქართველოდან. იქ ყოფნის პერიოდში სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან სისხლძარღვთა ქირურგიაში, ვისერალურ ქირურგიაში და კარდიოლოგიაში.
“ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე, გადავედი მე-5 კურსზე. წარმატებით გავიარე გასაუბრება გერმანულ ენაზე სკაიპით. რამდენიმე თვეში ჩამომივიდა მოწვევა მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის აკადემიური სასწავლო კლინიკიდან, ლანდსჰუტიდან. მომიწვიეს ორ თვიან პრაქტიკაზე. ეს გახლავთ ზოგადი-ვისცერალური და გულმკერდის ქირურგიის კლინიკა. ჩემთან ერთად არიან აგრეთვე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. ამ ქალაქში ვართ სამნი. ჩვენი აქ ცხოვრება, კვება სრულად დაფინანსებულია და ამასთანავე, გვაქვს სტიპენდია.
ამჟამად ვიმყოფები სისხლძარღვთა ქირურგიაში და უკვე მომდევნო კვირიდან გადავდივარ კარდიოლოგიაში. ეს არის პროფესორ ნოდარ გრიგოლიას სახელობის პროგრამა. გასაუბრება გერმანულად ჩაატარა მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ამავე უნივერსიტეტის აკადემიური კლინიკის ქირურგიული განყოფილების უფროსმა ექიმმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, გიორგი გრიგოლიამ. ძირითადი მოთხოვნა არის გერმანული ენისა და სამედიცინო ტერმინოლოგიის კარგი ცოდნა. ამ პროგრამის მეშვეობით ყოველწლიურად ბევრ სტუდენტს ეძლევა საშუალება, მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება გერმანიის კლინიკებში, არა მხოლოდ ლანდსჰუტში.
აქ ყოფის განმავლობაში გავივლი პრაქტიკას სისხლძარღვთა ქირურგიაში, ვისცერალურ ქირურგიაში და კარდიოლოგიაში.” – ისაუბრა “აიპრესთან” ნინო აბაშიძემ
ipress.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment