Thursday, October 26, 2017

საფრანგეთი საქართველოს სოფლის მეურნეობაში 14 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს

საქართველოში ხორცის წარმოების და ფერმის მოწყობის საკითხებზე საფრანგეთის მსხვილფეხა საქონლის გენეტიკური განვითარების ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევის პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო.
ეს კვლევა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით მომზადდა და მისი მიზანი ფრანგული მეხორცული ჯიშების საქართველოში ადაპტირება და მსხვილი საბითუმო ქსელების ხორცით მომარაგებაა.
ერთი წლის განმავლობაში, ფრანგი სპეციალისტები საქართველოში მეცხოველეობის სეგმენტის განვითარებას სწავლობდნენ. კვლევის შედეგების საფუძველზე, ბაზარზე წარმოების ზრდის კუთხით სპეციალური რეკომენდაციები შემუშავდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია საპილოტე პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ორი ფერმა მოეწყობა. ფერმაში ფრანგი სპეციალისტები სწავლების კურსებს ჩაატარებენ და ადგილობრივ ფერმერებს დაავადებების კონტროლის ფრანგულ გამოცდილებას გაუზიარებენ.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფრანგული მხარე სოფლის მეურნეობაში, დაახლოებით 14 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 400 სულიანი ორი ფერმის აშენებას გეგმავს. გარდა ამისა, მოხდება ქართული ბაზრის მომარაგება ახალი ხორცით და იმ საკვები ბაზრის განვითარება, რომელიც მესაქონლეობისათვის არის საჭირო. ქართველ ფერმერებს ეძლევათ რეალური შესაძლებლობა გაყიდონ უფრო მეტი სიმინდი, მეტი ქერი, ხორბალი. პროექტი, რომლის განხორციელებაც იგეგმება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში მესაქონლეობის დარგის განვითარებაში“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment