თბილისის 67-ე სკოლის მუსიკის პედაგოგი, ცირა ნაყეური, პროტესტის ნიშნად გაკვეთილზე არ შევიდა. ის ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებლის, დოდო კეზუას სკოლიდან გათავისუფლებას აპროტესტებს. დოდო კეზუას ბავშვებზე ძალადობას ედავებიან.
"დოდო კეზუას მარჯვენა ხელი პარალიზებული აქვს, მას არაფრით შეიძლებოდა ბავშვისთვის ისეთი დაზიანება მიეყენებინა, როგორც ისინი ამბობენ. ბავშვები ამას იმიტომ ამბობენ, რომ დამრიგებელმა დაავალა. მან თვითონ შეიტანა ფურცლები და უთხრა მიმართვა დაეწერათ დამრიგებლის სახელზე, დოდო კეზუას და არამარტო დოდო კეზუას წინააღმდეგ. ველოდები, რომ მეც გამათავისუფლებს დირექტორი, თუკი განათლების სამინისტრო ამის უფლებას მისცემს", - განაცხადა ცირა ნაყეურმა.
მასწავლებლები ამბობენ, რომ სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლა მოითხოვეს და ამის გამო დირექტორმა მათზე შურისძიება გადაწყვიტა. სკოლის დირექტორს დღეს კომენტარი არ გაუკეთებია.
თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი ნათია მახარაშვილი ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებელს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
ქიმიის მასწავლებელი ეთნიკურ ნიადაგზე მოსწავლის შეურაცხყოფას უარყოფს. დირექტორის თქმით, თუ ფაქტი დადასტურდება, "სკოლა თვალს ვერ დახუჭავს და იქნება რეაგირება".
საქმეს განათლების სამინისტრო უკვე სწავლობს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment