Tuesday, January 8, 2019

გორის კლინიკაში სავარაუდოდ H1N1 ვირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა

გორში კლინიკა „გორმედში“ სავარაუდოდ H1N1 ვირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 22 წლის გოგომ საავადმყოფოს პარასკევს მიმართა, თუმცა მდგომარეობა მძიმე იყო და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
პაციენტს თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა და რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა გადატანილი. ნევროლოგიური დასუსტების გამო იმუნიტეტი დაქვეითებული ჰქონდა, თუმცა კლინიკის დირექტორის განმარტებით, H1N1 ტიპის ვირუსი ამ შემთხვევაში ლაბორატორიულად ჯერჯერობით არ დასტურდება.
3 იანვარს გორში გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა. ამ დროისთვის 2 პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ერთ-ერთს С ჰეპატიტი აქვს, მეორეს კი გულის პრობლემები.
პარალელურად, ფოთის კლინიკურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.
მათივე თქმით, საავადმყოფოს 1427-მა პაციენტმა გრიპის ვირუსის ჩივილებით მიმართა. აქედან 4 პაციენტის მდგომარეობა იყო რთული, ერთი კი გარდაიცვალა.
ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ამჟამად რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით 11 პაციენტი გადის მკურნალობას. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველადი ჯანდაცვის რამდენიმე დაწესებულება საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
მიუხედავად მომხდარისა, გრიპის სტატისტიკა წინა კვირის მონაცემებთან შედარებით, 21 ერთეულით შემცირებულია.
მედიკოსები მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებენ, რომ მაღალი სიცხისა და გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ ოჯახის ექიმს მიმართონ. 
რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებიც ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ. ასევე ქვეყანაში ამ პრეპარატის დეფიციტის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამინისტრო "ტამიფლუს" აფთიაქებს საკუთარი მარაგიდან მიაწვდის.
ქვეყნის მასშტაბით აფთიაქებში "ტამიფლუს" მარაგი 10 იანვრიდან შეივსება. მანამდე კი პრეპარატი „ტამიფლუ“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, 6 იანვრიდან თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – „პე-ეს-პეში“, „ავერსში“, „ჯი-პი-სისა“ და „ფარმადეპოში“ იყიდება. 
შეგახსენებთ, რომ უფასოდ "ტამიფლუს" მისაღებად აუცილებელია, რომ ადგილზე მოქალაქემ წარადგინოს ექიმის დანიშნულება (ფორმა 100).
imedinews.ge

No comments:

Post a Comment