დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დევნილი ოჯახებისთვის მენაშენეებისგან 700-ზე მეტ ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. ამის შესახებ მინისტრ დავით სერგეენკოს მიერ მენაშენეებისთვის გამართულ ღია კარის დღეზე გახდა ცნობილი.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საკონკურსო პირობების თანახმად, ამ ეტაპზე, სამინისტრო თბილისში, დაახლოებით, 700, გორში კი 40-მდე მშენებარე ბინას შეისყიდის.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, თბილისში მხოლოდ ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინების შეძენის საკითხი განიხილება, რადგან სამინისტრომ 550 სამოთახიანი ბინა გასულ წელს უკვე შეიძინა.
ამასთან, მშენებლობების დასრულების საბოლოო ვადად 2020 წლის 30 ივნისი განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019-2020 წლების ბიუჯეტში, მენაშენეებისგან ბინების შესყიდვის მიზნით 51 500 000 ლარი გამოიყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კერძო პირებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ დაადგინა კრიტერიუმები, რომლებსაც კონკურსში მონაწილე მენაშენეები უნდა აკმაყოფილებდნენ. კომისიის მუშაობის პროცესში ჩართულები არიან ფინანსთა სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, მენაშენეთა ასოციაციისა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე 4 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანების - „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ (LAG) წარმომადგენლები.
საკონკურსო წინადადების მიღება 26 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
interpressnews.ge
No comments:
Post a Comment