რამდენიმე კვირიანი დუმილისა და უარყოფის შემდეგ, რუსეთმა დაადასტურა, რომ მათაც დააფიქსირეს ევროპის უდიდესი ნაწილის თავზე მოტივტივე იდუმალებით მოცული რადიაციული ღრუბელი, რომელსაც განსაკუთრებით რადიაციული დაბოლება რუსეთში, ურალის მთების თავზე აქვს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ეს აღიარება მოჰყვა რამდენიმე ევროპული ქვეყნის ვარაუდს, რომ სწორედ
რუსეთი იყო აუხსნელი რადიაციული ტალღის სავარაუდო წარმოშობის ადგილი;
რადიაცია პირველად სექტემბერში დააფიქსირა მონიტორინგის არაერთმა სადგურმა.ამ დრომდე, რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ არ იყვნენ ინფორმირებული მათ ტერიტორიაზე რაიმე ბირთვული ავარიის შესახებ; გამოსცეს სპეციალური განცხადებაც, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის არც ერთ საწარმოს არ დაუფიქსირებია რადიაციის ნორმისთვის გადაჭარბება“.
მაგრამ ამჯერად, რუსეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა „როსჰიდრომეტმა“ პირველად აღიარა საფრანგეთის რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტის (IRNS) მიერ გაკეთებული აღმოჩენები.
მათ აღიარეს „უკიდურესად მაღალი დაბინძურება“ ურალის მთების თავზე, სადაც დაფიქსირებულია რადიოაქტიურ იზოტოპ რუთენიუმ-106-ის თითქმის 1000-ჯერ მაღალი დონე ნორმასთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ რადიაციის დონე ყველაზე ძლიერი ჩელიაბინსკის რეგიონში, ყაზახეთის საზღვრის სიახლოვესაა, IRNS-ის გამოძიების მიხედვით, „გავრცელების ყველაზე სავარაუდო ზონა გადაჭიმულია ვოლგასა და ურალს შორის“, რუსეთში, საიდანაც რადიაციული ღრუბელი ევროპის უმეტეს ნაწილში ვრცელდება.
კარგი ამბავი ისაა, რომ მიუხედავად რუთენიუმ-106-ის ასეთი მაღალი დონისა, როგორც მოსალოდნელია, რადიაციული ღრუბელი უსაფრთხოა. IRNS-ის ცნობით, მას „არ ექნება გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე“.
„მნიშვნელოვანია ყველაფრის მოთავსება კონტექსტში“, — განმარტავს ოქსფორდის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სამედიცინო ფიზიკოსი მალკოლმ სპერინი.
„რუთენიუმი ძალიან იშვიათია და აქედან გამომდინარე, მისი არსებობა შეიძლება მიუთითებდეს, რომ მოხდა გარკვეული სახის მოვლენა. მისი ბუნებაში გავრცელება იმდენად დაბალია, რომ 900 კოეფიციენტზე მეტი ბუნებრივი დონეც კი ძალიან დაბალია“.
მიუხედავად ამისა, IRNS-მა დაასკვნა, რომ თუკი რუთენიუმ-106-ის გავრცელება ავარიული შემთხვევის შედეგად საფრანგეთის ტერიტორიაზე მოხდა, საჭირო იქნებოდა დაუყოვნებლივი ევაკუაცია წარმოშობის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრიან არეალში — შესაბამისად, ეს მოვლენა მაინც ყურადსაღებია და საჭიროა ფრთხილი მოქმედება.
რუთენიუმ-106 იმდენად იშვიათია, რომ მისი გამოყოფა ბუნებრივად ვერ მოხდებოდა. სავარაუდოდ, ეს ნივთიერება ბუნებაში მოხვდა ბირთვული საწვავის გადამამუშავებელ ადგილზე დღემდე უცნობი რაიმე ავარიის შედეგად, ანდა რადიოაქტიური მედიცინის რომელიმე ცენტრიდან.
ნაკლებ სავარაუდოა ბირთვული რეაქტორის უფრო სახიფათო ავარია, რადგან ასეთი ინციდენტის შედეგად, ასევე გავრცელდებოდა სხვა რადიოაქტიური ელემენტებიც და არა მხოლოდ რუთენიუმ-106.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
„ის ფაქტი, რომ როგორც ჩანს, იზოტოპის დაშლა იზოლაციაში მოხდა, ასევე მისი სხვა მახასიათებლები, გვაფიქრებინებს, რომ მოხდა მისი გაჟონვა საწვავის გადამამუშავებელი საწარმოდან ან სხვა რომელიმე ისეთი ადგილიდან, სადაც მას რუთენიუმისგან აცალკევებენ, ძირითადად სამედიცინო რადიოფარმაცევტიკული ნივთიერებების საწარმოებლად“, — ამბობს გაერთიანებული სამეფოს სურეის უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკოსი პედი რეგანი.
„თუკი ეს იყო გაჟონვა რეაქტორიდან ან ბირთვული აფეთქება, ღრუბელში ასევე იქნებოდა სხვა რადიოიზოტოპები, რაც მოხსენების მიხედვით, არ შეინიშნება“.
თავის მხრივ, რუსეთი ისევ დაჟინებით აცხადებს, რომ ტალღა მისი ტერიტორიიდან არ გავრცელებულა და იქვე აფიქსირბს, რომ რადიაციის მაღალი დონის არსებობა იტალიის, რუმინეთისა და უკრაინის თავზე, სწორედ ამ ქვეყნების პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.
„გამოქვეყნებული მონაცემები არაა საკმარისი, რათა დადგინდეს დაბინძურების წყაროს ადგილმდებარეობა“, — აცხადებს როსჰიდრომეტის ხელმძღვანელი მაქსიმ იაკოვენკო.
მაგრამ ის ფაქტი, რომ რადიაციული ღრუბელი მონიტორინგის ორი სადგურის გამოყენებით თავად როსჰიდრომეტმაც დააფიქსირა მაიაკის ბირთვული ქარხნის მიმდებარედ, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ფაბრიკაა — ბადებს დამატებით კითხვებს.
და ბოლოს, 1957 წელს, მაიაკში მოხდა ისტორიაში მესამე უდიდესი ბირთვული ავარია — კიშტიმის ავარია, რომელიც მასშტაბებით მხოლოდ ფუკუშიმასა და ჩერნობილს ჩამორჩებოდა.
ინციდენტის შედეგად, რადიოაქტიური ნაწილაკები გაიფანტა 52 000 კვადრატულ კილომეტრ ფართობზე, მაგრამ საბჭოოთა კავშირის ხელისუფლება ამ ავარიას თითქმის ოცი წელი საიდუმლოდ მალავდა.
ახლაც, მაიაკის ხელისუფლება სწორედ ასე უარყოფს გაჟონვაზე პასუხისმგებლობას. მას მხარს უბამს რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის მაკონტროლებელი ორგანო — როსატომი, რომელიც აცხადებს, რომ არაფერიც არ მომხდარა.
„როსატომი კატეგორიულად ადასტურებს, რომ მის ბირთვულ ობიექტებზე არ მომხდარა არანაირი ავარია ან ინციდენტი“, — უთხრა კომპანიამ The New York Times-ს.
„კონცენტრაციის უმაღლესი მაჩვენებლები რუსეთის ფარგლებს გარეთაა“, — აცხადებს კომპანია.
მომზადებულია The New York Times-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით
1tv.ge
No comments:
Post a Comment