Monday, June 26, 2017

ეროვნულ გამოცდებს 2 953 აბიტურიენტი გამოეთიშა – 2017 წლის გამოსაშვები გამოცდების დეტალური სტატისტიკა

სკოლის გამოსაშვები გამოცდები დასრულებულია და აბიტურიენტების მთელი ყურადღება ეროვნული გამოცდებისკენაა მიმართული. მიუხედავად ამისა,  მე–12 კლასში საატესტატო გამოცდებზე ბოლო მონაცემებით 12 000–ზე მეტი ჩაჭრილი მოსწავლის გამო, გამოსაშვები გამოცდების შედეგები დღემდე მითქმა-მოთქმის საგანია.
კონკრეტულად რომელი საგნები უფრო უჭირთ მოზარდებს და როგორია სტატისტიკა რეგიონების მიხედვით, EDU.ARIS.GE დეტალების გასარკვევად  ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან გამოითხოვა.
ჩვენ დავინტერესდით, რამდენია ჩაჭრილ მოსწავლეთა ზუსტი რიცხვი საქართველოს მასშტაბით. მათგან რამდენი იყო მე-12 კლასელი და რამდენი ისეთი, ვინც გამოცდას განმეორებით აბარებდა. ასევე დავინტერესდით, როგორ ნაწილდებიან  ჩაჭრილი მოსწავლეები რეგიონების მიხედვით.
ამასთან, ჩვენი ინტერესის საგანი იყო რამდენი მოსწავლე დარეგისტრირდა 2017 წლის სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე საგნის, ქართული როგორც მეორე ენა ჩასაბარებლად; რამდენმა გადალახა ბარიერი და რამდენი მონაწილეობდა გამოცდაში განმეორებით და  შედეგად რამდენი აბიტურიენტი გამოეთიშა ეროვნული გამოცდების პროცესს ჯერ კიდევ მის დაწყებამდე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე სულ დარეგისტრირებული იყო 48 434 მოსწავლე, გამოცდებში მონაწილეობა მიიღო – 47 063-მა მათგანმა, გამოცდა ჩააბარა 34 260-მა. შესაბამისად გამოდის, რომ ჩაჭრილთა ზუსტი რიცხვი 12 803-ია.
ცენტრის ინფორმაციით, ერთ საგანში მაინც განმეორებით გამოცდაზე გავიდა 13 941 მოსწავლე, საიდანაც გამოცდა წარმატებით ჩააბარა 5 562-მა. ჩაჭრილი მოსწავლეებიდან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 2 953 მოსწავლე, რომლებიც ბუნებრივია პროცესს გამოეთიშნენ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს ყველაზე მეტად ფიზიკის გამოცდის ჩაბარება გაუჭირდათ.
რეგისტრირებული  4 864 მოსწავლიდან, მინიმალური ზღვარი ნახევაზე მეტმა ვერ გადალახა. რიცხვობრივად ყველაზე მეტი ბავშვი კი უცხო ენაში ჩაიჭრა. ქვეყნის მასშტაბით კონკრეტული საგნების  ჩაბარების სტატისტიკა ასეთია (იხ. ცხრილი)
გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, საგნების ჩაბარების სტატისტიკის დამუშავება  ცალკეული რეგიონების მიხედვით გაცილებით დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მონაცემები მოგვაწოდეს. როგორც ირკვევა, ყველაზე რთული დედაქალაქის მოსწავლეებისთვისაც ფიზიკაა  – 750 რეგისტრირებული –  372 ჩაჭრილი. რაც შეეხება სხვა საგნებს, მათთვის ყველაზე მარტივი ქართული ენა და ლიტერატურა აღმოჩნდა 11 771 რეგისტრირებული 48 ჩაჭრილი. ფიზიკასთან ერთად ყველაზე რთული კი – მათემატიკა. დეტალები  იხილეთ ცხრილში:
რაც შეეხება არაქართულენოვანი მოსწავლეების შედეგებს: საგანის, ქართული როგორც მეორე ენა გამოცდაზე რეგისტრირებული იყო 3 393 მე-12 კლასელი, მათგან მინიმალური ზღვარი გადალახა  2 920-მა, ხოლო  ჩაიჭრა 473.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ  ზემოთმოყვანილ მონაცემებში არ შედის სპეციალური საჭიორების მქონე მოსწავლეების მონაცემები, რადგან გამოცდების ჩატარებას მათთვის განათლების სამინისტროსთან არსებული მულტიდისციპლინური ჯგუფი უზრუნველყოფს.

edu.aris.ge



მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                                 ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



No comments:

Post a Comment