Friday, June 30, 2017

ცნობილი მშობლების აბიტურიენტი შვილები 2017 წლის მისაღებ გამოცდებზე – ვინ სად აბარებს

ერთიანი ეროვნული გამოცდები სტარტს 3 ივლისს აიღებს. აბიტურიენტების ნაწილი სწავლის გაგრძელებას საქართველოში აპირებს, მეორე ნაწილი სამშობლოში ცოდნის მიღების შემდეგ მის გაღრმავებას საზღვარგარეთ წასვლით გეგმავს. არსებობენ ისეთებიც, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით, საერთაშორისო მისაღებ გამოცდებს აბარებენ და უმაღლესი განათლების მიღება პირდაპირ საზღვარგარეთ სურს. სტუდენტებისთვის წელს 41 200-მდე აბიტურიენტი იბრძვის, მათ შორის არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანების შვილებიც. EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა გაერკვია, სად აბარებენ ისინი და როგორია მათი არჩევანი:
ეკა კახიანი, მომღერალი: – „ქეთომ რამდენიმე უნივერსიტეტი აირჩია. პირველ ადგილზე კი „კავკასიის უნივერსიტეტის“ სახელმწიფო მართვა ჩაწერა. მე მქონდა რამდენიმე ვარიანტი, თუმცა არჩევანი მისია. თვითონ მოსწონს, იმიტომ რომ მისმა დამ, ანასტასიამაც აქ ისწავლა. ფიქრობდა პიარზეც, იურიდიულზეც. მოლოდინი მაქვს რომ აუცილებლად ჩააბარებს, რადგან კარგად სწავლობს და მონდომებულია. საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება გეგმაში გვაქვს, თუმცა ალბათ მომდევნო კურსებზე“.
ნინო არაზაშვილი, ჟურნალისტი:  – „ნატაშკას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი და არჩეული. ფიქრობს და რა გასაკვირია, რომ სურს ჟურნალისტობა. მე დიდად არ ვუქებ ამ არჩევანს და ვურჩევ, რომ კარგად დაფიქრდეს. აინტერესებს ასევე მარკეტინგი. ფიქრობს, „ჯიპაზე“, „კავკასიის უნივერსიტეტზე“. მე გადაწყვეტილება გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე მივიღე. მგონია, რომ სჯობს რაღაც პროფესიას დაეუფლოს, იმიტომ რომ ჟურნალისტიკა დიდ რესურსს მოითხოვს და არ მინდა ჩემი შვილიც ისევე იღლებოდეს, როგორც მე – აგერ უკვე 22 წელია“.
მარიამ გერსამია, პროფესორი, პოლიტიკოსი: – „ჩემმა შვილმა პრიორიტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიანიჭა და ფსიქოლოგიის სკოლა აირჩია. შემდეგ უკვე ფიქრობს „კავკასიის უნივერსიტეტსა“ და კონსერვატორიაში მუსიკის მენეჯმენტზე. მე მის არჩევანში არ ჩავრეულვარ და ვერც ჩავერეოდი. შესაძლოა, რადგან თსუ-ის პროფესორი ვარ, მინდოდა აქ ჩაებარებინა, თუმცა თავად გადაწყვიტა ყველაფერი“.
ლალი მოროშკინა, ჟურნალისტი: – „აქვს რამდენიმე უნივერსიტეტი მონიშნული. ჩემთანაც გაიარა პიარ -კურსები და გაიაზრა ის ფაქტი, რომ 17 წლის ასაკში არ შეიძლება იცოდე რა გინდა. აბარებს ბიზნესზე და მიაჩნია, რომ უნივერსალური იქნება. ასევე, იტოვებს შანსებს რომ გადაიფიქროს პროფესია. იმიტომ აბარებს, რომ უბრალოდ უნდა ჩააბაროს და არა იმიტომ, რომ იცის რა უნდა ზუსტად. ეს იქნება შუალედური მიღებული ცოდნა და სამომავლოდ ემზადება სხვა ცოდნისთვის. ვფიქრობ, რომ ძალიან პროგრესულია. ჯერჯერობით საქართველოში სურს სწავლა, მე კატეგორიული წინააღდმეგი ვარ, რომ 21 წლამდე ბავშვები მიდიოდნენ უცხოეთში. მიმაჩნია, რომ იქაც გარკვეული რისკებია და მშობლების სიყვარულის კომპენსაცია  ვერანაირი სწავლა ვერ იქნება. აპირებს რომ ჩააბაროსის უნივერსიტეტში, სადაც მე არ ვასწავლი. თქვა რომ ახალია, ვერ დავიმახსოვრე აბრევიატურა. სახელწიფო უნივრსიტეტიც  მიუთითა, მაგრამ არ სურს იქ მოხვედრა დიდად“.
ეკა ხოფერია, ჟურნალისტი: – „ანონო უკვე გააგრძელებს სწავლას ესპანეთში „იუ“-ს უნივერსიტეტში. თანხმობაც მოუვიდა და დაფინანსებაც. თუმცა ეროვნულ გამოცდებს მაინც აბარებს, მისი გადაწყვეტილებაა. მგონია, რომ იქ რადგან მიიღეს და ჩაბარებული აქვს, აქ აღარ უნდა იწვალოს, მაგრამ მაინც ფიქრობს „რა იცი რა ხდება-ს“ პრინციპით. საქართველოში არ ვიცი სად აპირებს ჩაბარებას, ძაან დამოუკიდებელი ადამიანია. იქ ბიზნეს ადმინისტრირებაზე ჩააბარა“.
EDU.ARIS.GE–ს ინფორმაციით, აბიტურიენტი შვილი ჰყავს ცნობილ ბიზნესმენ ლევან ვასაძესაც, ასევე აბიტურიენტია საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის ვაჟიც.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017  3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნება.
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment