Wednesday, June 28, 2017

რატომ არის მოსახერხებელი გარეუბნებში განთავსებული საგამოცდო ცენტრები – მაია მიმინოშვილის განმარტება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი 2017 წლის აბიტურიენტებისთვის საჭირბოროტო საკითხს ეხმიანება და გარეუბნებში განთავსებული საგამოცდო ცენტრების მომგებიანობის შესახებ საუბრობს.
„საგამოცდო ცენტრისთვის შენობას რომ ვარჩევთ, ვითვალისწინებთ, რომ შენობა კონკრეტულ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს. აპლიკანტებისთვის უნდა იყოს მოსახერხებელი და გარემოც ისეთი უნდა იყოს შექმნილი, რომ მათ კეთილგანწყობილ გარემოში იგრძნონ თავი. მოგეხსენებათ, რომ აბიტურიენტებს გამოცდაზე გულშემატკივრები მოყვებიან და მათაც სჭირდებათ კონკრეტული ადგილი, სადაც შეძლებენ დაელოდონ შვილს თუ მეგობარს. გამოცდილება გვკარნახობს, რომ საგამოცდო ცენტრად გაცილებით უფრო ეფექტურია სკოლის შენობების გამოყენება და გარეუბანში მდებარე სკოლების გამოყენება, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში არ გვიწევს მაგალითად გზის გადაკეტვა და დანარჩენ მოსახლეობას ხელს არ ვუშლით ამ პროცესის განმავლობაში.
„103–ე საგამოცდო ცენტრიც გარეუბანშია. თბილისში არც ერთი სკოლა არ გვაქვს არჩეული საგამოცდოდ, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ვიმეორებ, რომ ამას შეგნებულად ვაკეთებთ, ვინაიდან პერიფერიებში საჯარო სკოლები უფრო მოსახერხებელია საგამოცდო პროცესის წარმართვისათვის, ვიდრე ქალაქის ცენტრში. პრეცედენტიც გვაქვს, როდესაც ერთ წელს 161–ე სკოლა გვქონდა საგამოცდო ცენტრად შერჩეული, ნამდვილად შევაწუხეთ ადგილობრივი მაცხოვრებლები, შეუძლებელი იყო გულშემატკივრების სიმრავლის გამო გზის გათავისუფლება ან მანქანის გაჩერება. ცენტრში მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი გვაქვს და მე პირადად ვფიქრობ, რომ გარეუბნებში არსებული ცენტრები ბევრად უკეთესია, პროცესიც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ასეთ ტერიტორიებზე აბიტურიენტების რაოდენობაც ნაკლებია“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა გადაცემაში „გამოცდებიდან გამოცდებამდე“.
მაია მიმინოშვილის თქმით სულ საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება, ყველაზე დიდი კი ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრია, სადაც 60 სექტორია განთავსებული, საჯარო სკოლებში კი სექტორების რაოდენობა 20-დან 40–მდე მერყეობს. თითოეულ სექტორში 15 აპლიკანტი განთავსდება.
10 საგამოცდო ცენტრი არის თბილისში, 103 საჯარო სკოლა ცენტრებს წელს დაემატა. ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრია, ყველა დანარჩენ რეგიონში კი ერთი.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment