როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, კლიპი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული პიარკამპანიის გაგრძელებაა, რომლითაც დეპარტამენტი რეგიონში ჩამოსულ ტურისტებს ზღვაზე დასვენების გარდა, ეროვნულ პარკებში, დაცულ ტერიტორიებსა და მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე სამოგზაუროდ ეპატიჟება.
„როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე 16 სამიზნე ქვეყანაში დაწყებული გვაქვს როგორც ზღვის, ასევე აჭარის მთის, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების რეკლამირება. აჭარაში ჩამოსულ ტურისტებსა და ვიზიტორებს ხვდებათ ბილბორდები, სადაც მითითებულია ტურისტებისთვის საინტერესო ლოკაციებამდე მანძილი და ვიზუალიზაცია. აღნიშნულ აქტივობას უკვე შეემატა ვიდეორგოლი, რომელიც სპეციალურად ამ კამპანიისთვის გადავიღეთ. დღემდე ასეთი მასშტაბის კლიპი აჭარის მაღალმთიანეთზე არ გადაღებულა, შესაბამისად ტურისტებს წინასწარი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა პრაქტიკულად მხოლოდ ფოტოებით ჰქონდათ. ჩვენ უკვე ვამზადებთ კონტრაქტებს სხვადასხვა საერთაშორისო მედია საშუალებებთან და ივლისის დასაწყისიდან უკვე ჩვენი შეკვეთით დამზადებულ ვიდეო რგოლებს 16 სამიზნე ქვეყანაში ნახავენ. ვიდეორგოლები არის განსხვავებული შინაარსის და გათვლილი სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიაზე. ამ ეტაპისთვის გადაღებულია 4 ვიდეო რგოლი, რომელსაც უახლოეს დღეებში იხილავენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს სამიზნე ქვეყნებში“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთიანი აჭარის პოპულარიზაციისთვის დამზადებული ვიდეორგოლი სარეკლამო კომპანია LOOK PRODUCTION-მა გადაიღო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით სულ ამ ეტაპისთვის გადაღებულია 4 ვიდეო რგოლი, რომელიც გარდა სარეკლამო კომპანია LOOK PRODUCTION-სა კომპანია JWT METRO-მ გადაიღო.
2017 წლის აპრილიდან დღემდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ტიპის სარეკლამო აქტივობებს მსოფლიოს 16 ქვეყანაში ანხორციელებს.
ipn,ge
No comments:
Post a Comment