საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა ლიტველ კოლეგას საულიუს სკვერნელისს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ეკონომიკური კავშირების გაფართოებასა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლიტვის პრემიერის ვიზიტის დატვირთვას გაუსვა ხაზი.
"ძვირფასო პრემიერმინისტრო, მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ თბილისში. ეს ვიზიტი სიმბოლურია ორივე მხარისთვის, რადგანაც ჩვენ აღვნიშნავთ სახელმწიფოს რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს ძალიან მაღალი დონის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები და ძალიან პოზიტიური დინამიკა. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება თბილისში. ლიტვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია, რისთვისაც ჩვენ ძალიან დიდ მადლობას გიხდით", - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.
ქართველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა ლიტვის პრემიერმა.
"ბატონო პრემიერმინისტრო, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია", - აღნიშნა საულიუს სკვერნელისმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორივე ქვეყნის პრემიერმინისტრი, ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.
საქართველოში ლიტვის მთავრობის მეთაური დღეს დილით ჩამოვიდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ლიტვის პრემიერის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
30 იანვარს ლიტვის პრემიერმინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, ასევე ეწვევა დროებით იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ფრეზეთში.
ასევე, ლიტვის პრემიერმინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.
საულიუს სკვერნელისის ვიზიტის პროგრამა კულტურულ ნაწილსაც მოიცავს. ლიტვის პრემიერი საქართველოში სტუმრობისას ძველ თბილისსა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.
ლიტვის პრემიერმინისტრის ვიზიტი საქართველოში 30 იანვარს დასრულდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment