👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ფონდის პოზიციით, საქართველოს მთავრობის ცვლილება ითვალისწინებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფაქტობრივ დაშლას.
"ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი მიიჩნევს ამ ნაბიჯს ბოლომდე დაუსაბუთებლად. ჩვენ გვახსოვს წინა ხელისუფლების ანალოგიური ნაბიჯი (თუმცა დაშლის სქემა იმ დროს მეტ-ნაკლებად განსხვავებული იყო), რაც სრულიად წარუმატებლად დასრულდა; თუმცა მაშინაც, უმთავრესად არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისძალისხმევით, მოხერხდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომპონენტის, ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს გარემოს დაცვის სამინისტროს სტრუქტურაში შენარჩუნება. იმ დროს აქტიურად მოვუწოდებდით მთავრობას, გარემოს დაცვის სტრუქტურაში ტყის კომპონენტიც დაეტოვებინა, მაგრამ - უშედეგოდ.
ჩვენი შეხედულებით, დღევანდელი სიტუაცია თითქმის იგივეა და ჩვენ კვლავ დაუშვებლად მივიჩნევთ ამ სამი კომპონენტის ეკონომიკის/განვითარების პროფილის მქონე ნებისმიერი სამინისტროსთვის გადაცემას - ინტერესთა აშკარა კონფლიქტის გამო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, ყველაფერი ნათელია. რაც შეეხება დაცულ ტერიტორიებს - ბოლო დროს მათ ეფექტურობას ტურისტების რაოდენობასთან აკავშირებენ, რაც, მთლიანად თუ არა, დიდწილად მცდარი მიდგომაა; დაცული ტერიტორიების სისტემის უმთავრესი ფუნქცია ბიომრავალფეროვნების, ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვაა; ამასთან, დაცული ტერიტორიების სისტემა ის კარკასია, რაც მთელი ქვეყნის ბუნების მეტ-ნაკლებ სიმრთელეს უზრუნველყოფს და სწორედ განვითარების პროექტების საპირწონეა: ერთ მხარეს ინფრასტრუქტურული პროექტებია (რაც აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის), ხოლო მეორე მხარეს - დაცული ტერიტორიების სისტემის გაფართოება-განვითარებაა (რაც აუცილებელია ბუნების მთლიანობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად). "- ნათქვამია განცხადებაში.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გაითვალისწინებს გარემოს დაცვითი ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
13 ნოემბერს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ განაცხადა. ამ ცვლილებების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის კომპონენტი. გარემოს დაცვის სამინისტრო უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment