საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი კომპანია Bitfury-ში წილებს ფლობს სიმართლეს არ შეესაბამება.
"2014 წელს საქართველოს თანინვესტირების ფონდმა მოწინავე საერთაშორისო კომპანია Bitfury სასეხო დაფინანსებით უზრუნველყო. Bitfury-ის საქართველოში შემოსვლამ ხელი შეუწყო ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური დარგის განვითარებას და საქართველო მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე მოაქცია.
აღნიშნული სესხი კომპანიამ 2015 წელს სრულად დაფარა. შესაბამისად, გვინდა მოგახსენოთ, რომ არც საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და არც ბიძინა ივანიშვილი ან მასთან დაკავშირებული რომელიმე კომპანია გორისა და გლდანის დატა ცენტრებში არანაირ წილს არ ფლობენ. ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესებული არც ერთი პოლიტიკოსი არ დაკავშირებია საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მათ წმინდა პოლიტიკურ მოტივებს.
მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს და უსაფუძვლო განცხადებებამდე გადაამოწმონ ინფორმაციის სიზუსტე", - ნათქვამია თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ განცხადება გაავრცელა საქართველოში Bitfury ჯგუფის წარმომადგენლობამ. მათი თქმით, ჯგუფი საქართველოში მაინინგის ცენტრებს ფლობს, მაგრამ გორში მაინინგი დიდი ხანია აღარ ხდება. შეგახსენებთ, რომ დენის ტარიფის გაძვირებას ევროპული საქართველო გლდანში მდებარე ბიტკოინის მაინინგისთვის საჭირო ცენტრს უკავშირებენ.
მაინინგი ციფრული ვალუტის ახალი მონეტების შექმნის და ტრანზაქციების განხორციელებისთვის აუცილებელი პროცესია. ეს არის სქემა, რომელიც გულისხმობს უამრავ გამოთვლით ოპერაციას, რაზეც ძალიან დიდი რაოდენობით ენერგია იხარჯება.
საქართველო ბიტკოინის მომპოვებელი ე.წ. მაინერების რაოდენობით, ჩინეთთან და აშშ-სთან ერთად, მსოფლიო სამეულში შედის. ბიტკოინის მაინერი კომპანიები ისეთ ქვეყნებშია თავმოყრილი, რომლებშიც ტექნოლოგიები ძალიან განვითარებულია, ელექტროენერგია კი - იაფი.
imedinewws.ge


No comments:
Post a Comment