Thursday, January 18, 2018

დავით სერგეენკომ ვაქცინაციის უსაფრთხოება განმარტა

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკო აცხადებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამის შესწავლას განაგრძობს, თუმცა, ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხზე ყველა შეკითხვა მოხსნილია. 
ამ საკითხზე დავით სერგეენკომ დღეს ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ მას აუდიტის სამსახურთან შეხვედრა დღესაც ჰქონდა. 
„აუდიტის სამსახურში დამიდასტურეს, რომ ყველა შეკითხვა, რომელიც შეეხებოდა ამ საკითხს, დღის წესრიგიდან მოხსნილია. თუმცა, ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამას სწავლობენ, ბევრი სხვა, მათ შორის ფინანსური პარამეტრებითაც“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
დავით სერგეენკო საზოგადოებას მოუწოდებს, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე. "საქართველოში შემოსული ყველა ვაქცინა არის მაღალი ხარისხის,"- განაცხადა მინისტრმა. 
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც იმუნიზაციის პროგრამას ეხებოდა, არ შეესაბამება სიმართლეს.
„მივყვები პუნქტების მიხედვით, რომ ეს პრობლემა ვაქცინებზე ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის პროგრამაზე, მათ შორის ბავშვების ვაქცინებზე. ეს მსჯელობა იყო მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფზე, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. მეორე – გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ ვაქცინას არ ჰქონდა ბაზარზე დაშვების უფლება, არ იყო რეგისტრირებული და საერთოდ, არალეგალური იყო და კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა შემოტანა, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს ცალსახად. ეს იყო ჩვეულებრივად რეგისტრირებული 2015 წელს, არა მარტო რეგისტრირებული, არამედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული პრეპარატი. მესამე ის, რომ ეს ვაქცინა პოტენციურად საფრთხეს უქმნიდა ადამიანების ჯანმრთელობას, არც ეს შეესაბამება სიმართლეს. ჩვეულებრივად ვაქცინის ან რამე სხვა მედიკამენტის რეგისტრაციაში არის რამდენიმე დონე, ერთი არის საკუთრივ რეგისტრაცია და ამაზე უფრო მაღალი დონე არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული პრეკვალიფიკაცია, რომელიც არის ხარისხით უფრო მაღალი“, – განაცხადა სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრ თქმით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ჯანდაცვის სამინისტროს პრობლემის მოგვარების ორი გზა ჰქონდა, რომელთაგან ერთ-ერთი დიდი ალბათობით ცოფით გარდაცვალების შემთხვევებს გამოიწვევდა. 
„შარშან, 11 თებერვალს, როგორც კი მოგვივიდა ეს შეტყობინება, ჩვენი მოქმედების ალგორითმი იყო ასეთი, რომ ან საერთოდ უნდა შეგვეწყვიტა ცოფის ვაქცინაცია, სანამ ახალს არ შემოვიტანდით, ამას დასჭირდებოდა დაახლოებით თვენახევარი და ამ პერიოდის განმავლობაში, უბრალოდ ცოფით გარდაიცვლებოდა რამდენიმე ადამიანი ან გაგვეგრძელებინა არსებული ვაქცინაცია, ან გვეზრუნა ჩანაცვლებაზე. ჩვენ ვიზრუნეთ ჩანაცვლებაზე, რასაც დასჭირდა 5 კვირა და 20 მარტიდან ვაქცინაციას ახალი ვაქცინით ვაგრძელებთ. თუმცა, იმ პერიოდში და მანამდელ პერიოდშიც, არც ერთი გართულება ამ ვაქცინას არ ჰქონია და უფრო მეტიც - ბოლო 30 წლის განმავლობაში, პირველად მოხდა ჩვენს ქვეყანაში, რომ ბოლო 3 წელი არც ერთი ადამიანი, არ გარდაცვლილა ცოფით და სწორედ ამ ვაქცინაციის და იმუნიზაციის პროგრამის დამსახურებით“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე თქმით, მანამდე ცოფით სიკვდილიანობის მაჩვენებელი წელიწადში საშუალოდ 5-6 ადამიანი იყო.
17 იანვარს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიცნათქვამი იყო, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს. მოგვიანებით, აუდიტის სამსახურმა ახალი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაწილში. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment