როგორც დღეს ჟურნალისტებს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა, პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე გერმანიის ერთ-ერთმა კლინიკამ უარი განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გერმანიის კლინიკიდან უარი 2 საათის წინ მიიღო. ამის მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ კლინიკა გადატვირთულია.
👉 კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre
„დოკუმენტაცია გადაგზავნილი იყო. დაახლოებით, ორი საათის წინ მოვიდა პასუხი გერმანიის ერთ-ერთი კლინიკიდან ჯანდაცვის სამინისტროში. მათ განაცხადეს, რომ კლინიკის გადატვირთულობის გამო პაციენტის მიღება არ შეეძლოთ. კიდევ რამდენიმე კლინიკიდან ველოდებით პასუხს, მათ შორის თურქეთიდან, საიდანაც ჯერჯერობით ინფორმაცია არ მოსულა“, - განაცხადა ექიმმა.
თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იგეგმება მისი საზღვარგარეთ წაყვანა და მკურნალობა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.
პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მიხედვით, დაკავებულები, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.
სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment