კითხვაზე პასუხის გასაცემად სასურველია დავაკონკრეტოთ, თუ რასთან შედარებით შეიძლება იყოს ქართულ საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძვირი ან იაფი.
თუ მაგალითად ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში მოქმედი ბანკების პროცენტებს შევადარებთ, დაახლოებით იგივე სურათს მივიღებთ, ცოტათი უფრო უკეთესს, მაგრამ თუ ევროპის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს შევედრებით, ვნახავთ, რომ ბევრად ძვირია ქართული საბანკო პროდუქტები. გარდა ამისა გასათვალისწინებელია თუ რა პარამეტრებისგან შედგება საპროცენტო განაკვეთი, ხომ არ არის ის ხელოვნურად გაბერილი და რამდენად ობიექტური ეკონომიკური საფუძველი აქვს პროცენტების იმ განაკვეთებს, რასაც ბანკები მომხმარებლებს სთავაზობენ?
საპროცენტო განაკვეთი 2017 წელს 11,7%-ს შედაგენს, ავტოსესხი – 17%, ლომბარდული სესხი – 23,45%, სამომხმარებლო სესხი 17,87%, უზრუნველყოფილი სესხი – 17,43%, ხოლო არაუზრუნველყოფილი სესხი – 18%.
აქ აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული საშუალო წლიური 12,2% არის სწორედ გასაშუალოვებული მაჩვენებელი, რომელიც მიიღება შემდეგნაირად: თუ მაგალითად ბიზნეს სესხს ბანკი ე.წ. „პრაიმ რეითში“ (prime rate) გასცემს 5%-ად, ხოლო სამომხმარებლო სესხს 19,4%-ად, საშუალო მაჩვენებელი 12,2% გამოდის, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სესხების უმეტესი კატეგორია ამ პროცენტში გაიცემა. როგორც წესი, „პრაიმ რეითიში“ კომერციული ბანკები უპირატეს მომხმარებლებს აკრედიტებენ, ხოლო მათ მიერ კლიენტებისთვის შეთავაზებული სასესხო პროდუქტების უმეტესი ნაწილი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია.
ამ ფონზე ცხადია საინტერესოა, თუ რა ძირითადი კომპონენტებისგან შედგება ბანკის მიერ სესხზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთი. რამოდენიმე ფაქტორია აქ გასათვალისწინებელი, პირველ რიგში კი დეპოზიტებზე არსებული საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც 2017 წელს 4%-ს შეადგენს (ჯამში ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე). ამას ემატება ლიბორი, (London Interbank Offered Rate) ბანკთაშორის სესხებზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი, ანუ ის, თუ რა პროცენტში იზიდავენ თავად კომერციული ბანკები თანხებს უცხოურ ვალუტაში და ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ს შეადგენს. გასათვალისწინებელია აგრეთვე მომსახურების პროცენტი, რომელიც არის დაახლოებით 2,5%. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია რისკის პრემია, რომელსაც ბანკი გაიანგარიშებს მსესხებლის გადამხდელუნარიანობიდან გამომდინარე. თუ მაგალითად კომპანიაზე გაიცემა სესხი რომელსაც რეიტინგი AAA აქვს, საპროცენტო განაკვეთში რისკის პრემია ნულთან ახლოს იქნება, თუმცა საცალო სესხების დროს რისკის პრემია მნიშვნელოვნად ზრდის საპროცენტო განაკვეთს. არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში კომერციული ბანკები ხელოვნურადაც ზრდიან რისკის პრემიის განაკვეთს, იმისათვის, რომ მაღალ პროცენტში გაიცეს სესხი.
აგრეთვე სასვებით ლოგიკურია მოსაზრება, რომ საბანკო სექტორს, ქართულ ფინანსურ ბაზარზე უკონკურენტო მდგომარეობა შესაძლებლობას აძლევს, რომ პროცენტები მაღალ ნიშნულზე შეინარჩუნოს, ვინაიდან საფინანსო ბაზარზე მაღალი კონკურენციის არსებობის შემთხვევაში, ფინანსური სერვისების მიმწოდებლები, მომხმარებლების მისაზიდად ბუნებრივად ცდილობენ საპროცენტო განაკვეთების შემცირებას და პროდუქტების დივერსიფიცირებას. ამასთან ბიუჯეტი და მთლიანად ეკონომიკა ფორმირდება ძირითადად რამოდენიმე ასეული მსხვილი ბიზნესისგან, რომლებისთვისაც სასურველი ფინანსური რესურსების მოძიება შეღავათიან საპროცენტო განაკვეთში პრობლემას აღარ წარმოადგენს, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესი თითქმის გამოთიშულია პროცესებს და მაღალი რისკის გამო საბანკო და მითუმეტეს არასაბანკო სესხები მათთვის საკმაოდ ძვირია.
მიუხედავად ყველაფრისა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საბანკო სექტორში სესხებზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებს თავისი ობიექტური საფუძვლებიც აქვს, რაზეც უკვე გვქონდა საუბარი.
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, ცხადია აქ რადიკალურად განსხვავებული სურათი გვხვდება და საპროცენტო განაკვეთები საბანკო სესხებზე საკმაოდ დაბალია, რასაც ერთი მხრივ ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული ნულთან მიახლოვებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი განაპირობებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროზონაში ბანკები ფულს თითქმის უპროცენტოდ იღებენ, ხოლო მეორე მხრივ კონკურენციის მაღალი დონე ფინანსურ სექტორში.
კერძოდ, ევროზონაში საშუალოდ 1-დან 5 წლამდე სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი უკანასკნელი მონაცემის მიხედვით (2018 წლის თებერვალი) 4,9%-ს შეადგენს. ბინის შესასყიდად გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი 1,8%-ა, ხოლო სხვა სესხებზე საშუალოდ 2,8% ფიქსირდება. რაც შეეხება დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთებს, 0-დან 2%-მდე მერყეობს.
დაახლოებით იგივე ვითარებაა ჩვენი მეზობელი ქვეყნების საბანკო სექტორებში არსებულ საპროცენტო განაკვეთებზე, როგორიც ჩვენთამ, შედარებით უფრო უარესიც. მაგალითათ რუსეთში საშუალოდ 11,5%, თურქეთში 15%, აზერბაიჯანში 16%, სომხეთში 17%, უკრაინაში ასევე 17%.
შეჯამების სახით შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე მნიშვნელოვნად განაპირობებს საბანკო სესხებზე პროცენტების დაბლა დაწევას, ვინაიდან ეს პირდაპირ კავშირშია ეფექტურ მმართველობასთან და ფინანსურ სექტორში კონკურენციასთან. ვხედავთ, რომ კავკასიის რეგიონში, სადაც ძირითადად გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებია, საბანკო სესხებიც შედარებით ძვირია და სურათი ამ კუთხით თითქმის ერთნაირია. პარალელურად კი, განვითარებულ ქვეყნებში საპირისპირო სურათია. მარტივად რომ ვთქვათ, ფული იქ არის იაფი, სადაც უფრო ბევრი მიმწოდებელია, ხოლო ამ ბევრი მიმწოდებლის გაჩენა და დაინტერესება მთავრობის ვალდებულებაა.
შოთა გულბანი
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა
წყარო: bfm.ge
No comments:
Post a Comment