"რამდენი ტერორისტული აქტია მსოფლიოში მომხდარი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის და რატომ ფიქრობთ, რომ ჩვენთანაც არ მოხდება?!",- ეს კითხვა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტის ავტორმა ემზარ კვიციანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს დაუსვა.
კვიციანმა დეპუტატებს მისი ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი რეგულაციების არარსებობამ შესაძლოა, ქვეყანას უბედურება მოუტანოს. იმ მოტივით, რომ საკანონმდებლო ინიციატივა დასახვეწია, რელიგიურ გრძნობებთან დაკავშირებული კანონპროექტი კენჭისყრიდან მოიხსნა.
"ამ კანონპროექტს ძალიან ბევრი მტერი ჰყავს. გვახსოვს, საფრანგეთში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას რა მოჰყვა. რელიგიური გრძნობები დაცული უნდა იყოს, მითუმეტეს, ჩვენთან, სადაც მართლმადიდებლობაზე პირდაპირი შეტევა მიდის. შეურაცხყოფა იყო არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ღმერთის მიმართ. ამის გამო, ბიჭებმა იგინეს და დღეს ციხეში სხედან. ეს სამართლიანია? ღმერთის გინების გამო, ადამიანს აგინეს და ახლა შვიდი ახალაზრდა ციხეშია. საჭიროა, საკანონმდებლო რეგულაცია, რომ არავის ჰქონდეს სურვილი, გამოხტეს და ვიღაცის რელიგია და ღმერთი ლანძღოს. ეს კანონით უნდა იყოს დარეგულირებული. შეურაცხყოფისა და კეთილი ნების განმსაზღვრელი ყოველთვის არსებობდა. შეურაცხყოფაა გინება და პრეზერვატივზეწმინდანებს რომ დაახატავენ. ეს შეურაცხყოფა არაა? ამ ბოლო დროს მართმადიდებლობაზე შეტევა წამოვიდა, ტელევიზორში ახალგაზრდა გოგო იყო, რომლის საქციელიც ამაზრზენია იყო. სიტყვის თავისუფლება ცილისწამებასა და შეურაცხყოფას არ ნიშნავს. ეს გამიჯნული უნდა იყოს", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ როდესაც 1 წლამდე პატიმრობაზე და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაზეა საუბარი, კანონი მეტად განჭვრეტადი და დახვეწილი უნდა იყოს. ამიტომ ის ფიქრობს, რომ სამუშაო ჯგუფი შეიქმნას და საკანონმდებლო ინიციატივის დახვეწაზე იმუშაოს.
ჯგუფში საპატრიარქოს წარმომადგენლები და ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლები შევლენ. კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარს უჭერენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment