Monday, April 30, 2018

“უნივერსიტეტებში სასწავლო პროგრამების დაგეგმვა შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით არ ხდება”


“მასწავლებელთა კორპუსის გარკვეული ნაწილი, სხვადასხვა მიზეზების გამო, გადამზადებას არ ექვემდებარება”
2018 წელს ავტორიზაცია/აკრედიტაცია  29 უმაღლესს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და დაახლოებით, 300-მდე მოქმედ პროგრამას უწევს.  სწორედ, შემოწმების შედეგებზეა დამოკიდებული, მოიპოვებს თუ არა უმაღლესი სასწავლო დაწესებულება კონკრეტული პროგრამის სწავლების უფლებას.  აკრედიტაცია/ავტორიზაციის ახალ წელს უნივერსიტეტების ნაწილი უკმაყოფილებით ხვდება, კითხვები კი მას შემდეგ უფრო მეტი გაჩნდა, რაც განათლების მინისტრმა უნივერსიტეტების ნაწილის დახურვის შესახებ დააანონსა.
რას გულისხმობს  უნივერსიტეტების აკრედიტაცია და რამდენად ადეკვატურად ხდება სასწავლო დაწესებულებების შემოწმება, რა ძირითადი პრობლემებია ქართულ უნივერსიტეტებში და რა გამოწვევების წინაშე დგას განათლების სისტემა  – ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები’’, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს თამარ სანიკიძეს ესაუბრა.
– განათლების სამინისტრომ აქტიურად დაიწყო უნივერსიტეტების შემოწმება, მათთვის აკრედიტაციის მინიჭება გაართულა და რამდენიმე უნივერსიტეტს შეუჩერა კიდეც სტატუსი. პირველ რიგში რომ გვითხრათ, კონკრეტულად რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტი, რათა მიიღოს აკრედიტაცია/ავტორიზაცია?
– პირველ რიგში, აუცილებელია, გავმიჯნოთ ორი სახის შეფასება. პირველი არის ინსტიტუციური, რომლის ფარგლებშიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს  ვაფასებთ შვიდი სტანდარტის მიხედვით, მეორე კი არის პროგრამული შეფასება. აქ კი უკვე ვაფასებთ პროგრამას, მის შინაარსს, სტრუქტურას, სწავლების მეთოდებსა და სწავლის შედეგებს.  ინსტიტუციური შეფასება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ის უფრო მეტ რესურსსა და მზაობას მოითხოვს, როგორც შემფასებლის, ასევე შეფასების ობიექტის მხრიდან.
ადრე გვქონდა შეფასების სამი სტანდარტი. ეს იყო: ადამიანური,  პროგრამული და ინფრასტრუქტურული რესურსი. ახალი მიდგომების ფარგლებში კი  უნივერსიტეტის საქმიანობის ყველა კომპონენტს ვაფასებთ. სტანდარტების მიხედვით ფასდება საგანმანათლებლო დაწესებულების მისია,  სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, პერსონალის მართვის მეთოდოლოგია, პროგრამების დაგეგმვის მეთოდოლოგია, სტუდენტთა მხარდამჭერი ღონისძიებები, კვლევა, შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ეფექტიანობა, მატერიალური და ფინანსური რესურსები, საბიბლიოთეკო რესურსები და ამ რესურსებით მიღწეული შედეგები.  ჩვენ ასევე გვაინტერესებს თუ რა ცოდნისა და უნარების მქონეა კურსდამთავრებული. რამდენად მისაღებია ასეთი უნარებით აღჭურვილი ახალგაზრდები კონკრეტული დამსაქმებლისათვის და ზოგადად შრომის ბაზრისთვის. შეფასება, როგორც ვხედავთ, არის კომპლექსური და მეტწილად შედეგზე ორიენტირებული.

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

– რამდენად კომპეტენტურია აკრედიტაციის საბჭო და რამდენად ადეკვატურად ხდება უნივერსიტეტების შემოწმება?  როგორ ხდება საბჭოს წევრების დაკომპლექტება?
– უნივერსიტეტებს აფასებს  ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც ვარჩევთ წინასწარ განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით. დღევანდელი მოთხოვნები განსხვავდება წინა პერიოდის მოთხოვნებისგან. დღეს  კომპეტენციები გაცილებით მაღალი გვჭირდება, რადგან ახალი სტანდარტებით შეფასება არ არის მარტივი. მხოლოდ სიმრავლე სტანდარტებისა არ არის მნიშვნელოვანი, აქ მთავარია შეფასების მეთოდოლოგია.  უწინ თუ ჩვენ დაწესებულებებს ვაფასებდით არსებული რესურსების მიხედვით, დღეს მიღწეული შედეგების მიხედვით ხდება შეფასება. გადავედით შედეგზე ორიენტირებულ შეფასებაზე, რაც თავისთავად ბევრად მაღალ კომპეტენციას მოითხოვს.  ექსპერტების რაოდენობა და მათ მიერ შესასრულებელი სამუშაო დამოკიდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კატეგორიაზე, სიდიდეზე, პროგრამების, სტუდენტებისა და პერსონალის რაოდენობაზე. შესაბამისად, ჯგუფი შეიძლება იყოს საკმაოდ წარმომადგენლობითი,  რათა მოხდეს სტანდარტით გათვალისწინებული ყველა კომპონენტის დაფარვა. მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტთა ჯგუფში მონაწილეობს სტუდენტი და დამსაქმებელი. ეს არის ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სახელმძღვანელო პრინციპების მოთხოვნა, რომელიც არის ბოლონიის პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი.  ამ პრინციპების მიხედვით დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი განხორციელება. უნივერსიტეტების შეფასებაში დამსაქმებლის ჩართულობით შემოწმდება, რამდენად არსებობს კავშირი შრომის ბაზარსა და დაწესებულების მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროცესს შორის.
აუცილებელია,  რომ სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნა აკმაყოფილებდეს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ამ მხრივ, გვაქვს დიდი გამოწვევები. დამსაქმებლები მუდმივად მიგვითითებენ და ამას სხვადასხვა სხვადასხვა კვლევაც გვიჩვენებს, რომ დამსაქმებელი არ არის კმაყოფილი კურსდამთავრებულის უნარებით.
მნიშვნელოვანია, რომ შეფასების პროცესებში ჩართულია საერთაშორისო ექსპერტები. შედეგზე ორიენტირებული შეფასების განხორციელების დიდი გამოცდილება  არსებობს ევროპაში, ამიტომაც ადგილობრივი ექსპერტებისთვის უცხოელ კოლეგებთან ერთად მუშაობა არის ძალიან სასარგებლო, ხოლო დაწესებულებებისათვის დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტების გამორიცხვასთან და შეფასების პროცესის ობიექტურობასთან.

https://www.facebook.com/%E1%83%99%E1%83%A1%E1%83%A3-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-CIU-Multimedia-Centre-1567807070128596/

– ძირითადად რა  პრობლემებია ქართულ უნივერსიტეტებში, რომელ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ ისინი ძირითადად ?  
– ჩვენ 2017  წელს უცხოელ პარტნიორებთან ერთად ჩავატარეთ პილოტური შეფასებები, რის შედეგადაც,  დავინახეთ თუ რა პრობლემასთან გვქონდა საქმე. შევაფასეთ 21 პროგრამა და 4 ინსტიტუცია,  მათ შორის სამედიცინო მიმართულებაც. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები იკვეთება მართვის ნაწილში.  
გარკვეული რესურსები უნივერსიტეტებს გააჩნიათ, მაგრამ მათი არაეფექტიანი მართვა  განაპირობებს იმას, რომ სტუდენტები ვერ იღებენ ხარისხიან სერვისს და, შესაბამისად, უჭირთ პროგრამით გათვალისწინებულ შედეგებზე გასვლა. პრობლემაა ისიც, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებს აცდენილები ვართ. 
პროგრამების დაგეგმვა არ ხდება შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. სერიოზული სიმწირე გვაქვს ადამიანურ რესურსთან დაკავშირებითაც. რაოდენობა უნივერსიტეტებისა საკმაოდ დიდია საქართველოში, აგრეთვე მრავალფეროვანია პროგრამული მიმართულებები, ხოლო კვალიფიციური კადრი,  რომელიც სჭირდება ასეთი საქმიანობის განხორციელებას, არის საკმაოდ მწირი. შესაბამისი კადრების გარეშე შეუძლებელია ხარისხიან განათლებაზე საუბარი. ხარისხიანი კვლევა არის გამოწვევა რიგი დაწესებულებებისათვის.
მიუხედავად არსებული პრობლემებისა უნდა ითქვას, რომ ყველა მათგანი არის გამოსწორებადი. ამისათვის სჭიროა გარკვეული რესურსების ოპტიმიზაცია და მათი ეფექტიანად გამოყენება. სამუშაო ბევრი გვაქვს.
– არსებული მონაცემებით დაახლოებით რამდენ უნივერსიტეტს ემუქრება დახურვის საფრთხე და რა ბედი ელით მათ ?
– მიუხედავად იმისა,  რომ სტანდარტებით დაწესდა მართლა მაღალი მოთხოვნები,  შევარბილეთ და მოქნილი გავხადეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ჩვენი მიზანია  შეფასებები გახდეს განვითარებაზე ორიენტირებულები. თუ ჩვენ აქამდე გვქონდა შესაძლებლობა,  რომ დაწესებულებებისთვის გვეთქვა კი ან არა, ახლა უკვე ვიყენებთ შეფასების ოთხდონიან სისტემას,  რის მიხედვითაც, დაწესებულებას შეგვიძლია ვუთხრათ – კი, თუ ის აკმაყოფილებ სტანდარტებს ან მეტწილად აკმაყოფილებს ( მივუთითებთ თუ რაზე აქვთ  სამუშაო, რომ დადებითი შედეგი მიიღონ მოკლევადიან პერიოდში); შესაძლოა ვუთხრათ, რომ ნაწილობრივ აკმაყოფილებენ ძირითად მოთხოვნებს. ეს ნიშნავს,  რომ შეიძლება შევზღუდოთ აღნიშნული უნივერსიტეტისთვის სტუდენტთა ახალი ჯგუფის მიღება მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ სამი წლით. ხოლო ისეთ დაწესებულებებში,  სადაც დარღვევები ძალიან ბევრია, თან ისეთ ნაწილში, როგორიც არის პროგრამები და პერსონალი, იძულებული ვართ, რომ ვუთხრათ უარი. ისინი უნდა მოემზადონ და თავიდან უნდა  სცადონ ბედი. ასეთი უნივერსიტეტების სტუდენტებს რა თქმა უნდა, ვთავაზობთ მობილობას, რომლითაც ისინი ხშირად სარგებლობენ. იცვლიან, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებას,  ასევე სასწავლო პროგრამებსაც.
– ქართული უნივერსიტეტების მიერ გაცემული დიპლომები სხვადასხვა ქვეყანაში დაბალი აღიარებით სარგებლობს, გარდა ამისა ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო უნივერსიტეტების რეიტინგში ფაქტობრივად არასდროს ფიგურირებენ მოწინავე ადგილზე. რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად?
– ჩვენი ქვეყნის დიპლომები აღიარებულია ყველა ქვეყნის მიერ. ჩვენ ვარ ბოლონიის პროცესის წევრი ქვეყანა,  საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ძირითად პარამეტრებს აკმაყოფილებს. მაგალითად სამსაფეხურიანი უმაღლესი განათლება, გვაქვს გარე შეფასების სისტემები,  ამიტომ ჩვენს დიპლომებს აღიარებაზე ზოგადად პრობლემა არ აქვს. 
ამავდროულად ვართ აღიარების საერთაშორისო ქსელში ჩართულები. თუმცა, არის ერთეული შემთხვევები, გარკვეული ქვეყნები, სადაც  შედარებით მეტი მუშაობა გვიწევს. მას შემდეგ, რაც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი მექანიზმები სრულად დაინერგება, აღიარების პროცესი უფრო გამარტივდება, რადგან სისტემა უფრო სანდო გახდება საერთაშორისო დონეზე. ამ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი გაწევრიანება ისეთ ორგანიზაციაში, როგორიც არის ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაცია. ეს პროცესიც დაწყებულია და იმედი გვაქვს წლის ბოლომდე წარმატებით დასრულდება. სწორედ ამ პროცესების ხელშესაწყობად ვახორციელებთ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმას. ეს რეფორმა ასოცირების დღის წესრიგითაც არის გათვალისწინებული და შესაბამისად არის განათლების სტრატეგიული მიზნების ნაწილი.
–  მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის ( ,,PISA”) კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველო საშუალო განათლების დონის მიხედვით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა, რითია განპირობებული აღნიშნული მდგომარეობა და რა მიზნები აქვს განათლების სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით ?
– ამ კვლევის მიხედვით,  ბოლო ადგილზე ნამდვილად არ ვართ, თუმცა არც იმით ვართ კმაყოფილი,  სადაც ვართ. ჩვენ არ ვიცით წინა წლებში რა ხდებოდა. იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში  ამ შეფასებებიდან ამოვარდნილი ვიყავით. ამ პერიოდის დინამიკას სამწუხაროდ არ ვიცნობთ. ბოლო შეფასების მიხედვით,   ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი ბევრად გაუმჯობესებულია სხვა ქვეყნების მაჩვენებელთან შედარებით. ამ ინფორმაციას სჭირდება სწორი ანალიზი.  აუცილებელია, რომ სწორად გავიგოთ კვლევის შედეგები, რათა გამოსასწორებელი სამუშაოები მიზანმიმართულად დავგეგმოთ. წინსვლა გვაქვს, თუმცა ეს პოზიციებში დიდად არ გამოიხატება.  სხვა მოწინავე ქვეყნის მაჩვენებლები დიდ პროგრესს არ განიცდიან, თუმცა ლიდერის პოზიციებს მაინც ინარჩუნებენ. ამას სხვადასხვა ჭრილში უნდა შევხედოთ. სამწუხაროდ, მაქსიმალურად სწრაფად ვერ ვვითარდებით,  ბევრი რამ გვაქვს მოსაწესრიგებელი, თუმცა, პოზიტიური ტენდენცია იკვეთება.
უკეთესი შედეგის მისაღწევად სამუშაოა. ამ სამუშაოს შესრულებას სტაბილურობა სჭირდება. სისტემას უფრო განვითარება ესაჭიროება, ვიდრე  მოკლევადიან შედეგების მიღწევაზე ორიენტირებული უხეში ინტერვენციები. ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა არის ძირითადი გამოწვევა.  
შედეგები ქალაქის სკოლებში უკეთესი გვაქვს, ვიდრე სოფლის სკოლებში.  ასევე, მასწავლებელთა კორპუსი თანაბრად განვითარებული არაა. ახალი უნარების შესაძენად კი  ყველა მზად არ არის. მასწავლებელთა კორპუსის გარკვეული ნაწილი სხვადასხვა მიზეზების გამო გადამზადებას არ ექვემდებარება. 
ამ შემთხვევაში აქტუალურია ახალი კონტიგენტის განვითარება თანამედროვე საუნივერსიტეტო პროგრამებით. რაც დაიწყო და იმედს ვიქონიებ, რომ წარმატებით გაგრძელდება. მთავარია კარგად მომზადებული კადრების პროფესიაში შესვლა უზრუნველვყოთ. არატიპიური და არასაკმარისი სასკოლო ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლის მოგვარებას ყველაზე მეტი ფინანსური რესურსი სჭირდება.  
ესაუბრა ანა ბაჟუნაიშვილი
bfm.ge

No comments:

Post a Comment