ოფიციალური ინფორმაციით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულთა რაოდენობა გასული წლის იმავე პერიოდთან მიმართებით რეკორდულად მცირეა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სავარაუდო მიზეზებზე საუბრის ან შეფასებისგან თავს იკავებს და განმარტავს, რომ 2019 წლის გამოცდებისთვის დარეგისტრირებულთა რიცხვი ნელ-ნელა იზრდება. 25 მარტის მონაცემებით, სულ 12 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული და როგორც გამოცდების ცენტრში ამბობენ, მას შემდეგ კიდევ 2 ათასი აპლიკანტი დაემატა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ასეთი მოცემულობა გვაქვს იმ ფონზე, რომ წელს რეკორდულად ბევრი აბიტურიენტის რეგისტრაციის მოლოდინი არსებობდა. როგორც ცნობილია, წელს ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის უფლება გასულ წლებში საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილ პირებსაც აქვთ და მათი რიცხვი მრავალი ათასია. მაშ რატომ არ რეგისტრირდებიან აბიტურიენტები 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე? არის თუ არა ეს დაწყებული რეფორმის გამოძახილი? იქნებ გამოცდებმა „პოპულარობა დაკარგა“? ან ხომ არ გვაქვს საქმე მომავალი წლის მოლოდინთან, როდესაც აბიტურიენტებს ზოგადი უნარები ჩასაბარებელი აღარ ექნებათ და ამის სანაცვლოდ ერთი წლის დაკარგვა უღირთ?
.
EDU.ARIS.GE -მ რეალობის გასარკვევად თავად აბიტურიენტებს მოუსმინა. ჩვენ მე-12 კლასის ის მოსწავლეები გამოვკითხეთ, რომლებიც რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის დამთავრებამდე ერთი კვირით ადრე გამოცდებზე დარეგისტრირებულნი ჯერ კიდევ არ არიან. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი წელს უმაღლესში ჩაბარებას საერთოდ არ აპირებს და უნარების გამოცდის გაუქმებას ელოდება. ნაწილი ამის მიზეზს საატესტატო გამოცდების გაუქმებაში ხედავს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დღეს პროფესიის დაუფლების სხვა გზებიც არსებობს, ამიტომ უნივერსიტეტში ჩაბარების აუცილებლობას ვერ ხედავს. გამოკითხულთა გარკვეული ნაწილი რეგისტრაციის პროცედურებში ჯერ კიდევ ვერ გაერკვია. არიან ისეთებიც, რომლებიც სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ აპირებენ:
„დღევანდელ ახალგაზრდებს რომ ვუყურებ, აქ სწავლის სურვილი მეკარგება. უმაღლესს ამთავრებენ და სამსახურსაც ვერ პოულობენ. მირჩევნია, განათლება საზღვარგარეთ მივიღო და ვცდილობ, წელს მაინც წავიდე სადმე. წესით, ეროვნულებს ახლა უნდა ვაბარებდე, თუმცა გადავიფიქრე. ეს ნაწილობრივ განაპირობა შემდეგ წელს უნარების გამოცდის მოხსნამ და თუ საზღვარგარეთ წასვლა ვერ მოვახერხე, ეროვნულებზე გაისად გავალ“, – ამბობს ფიქრია ზარქუა.
20 წლის ნინო კეჟერაძე (სახელი და გვარი შეცვლილია) უნარებში ორჯერ ჩაიჭრა და გადაწყვიტა პროფესიულ სასწავლებლებში ეცადა ბედი, თუმცა რახან მომავალ წლიდან უნარების გამოცდა იხსნება, აპირებს კვლავ გავიდეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე:
„ორ პროფესიულში ვსწავლობ და გაისად ისევ ეროვნულებზე ვცდი გასვლას, რადგან უნარების გამოცდას აუქმებენ და თან სწავლაც 3-წლიანი ხდება. (როგორც ჩანს ის არ არის ინფორმირებული, რომ თუ ასეთი ცვლილება კანონში შევა მხოლოდ გარკვეულ პროფესიებზე სწავლის პერიოდი შემცირდება და არა მთლიანად ბაკალავრიატის საფეხურზე. ავტ.) სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ეს უნარები ძალიან პრობლემურია, რადგან ბევრს არ აქვს მათემატიკის უნარი და ამის გამო სტუდენტი ვერ ხდება. მე შარშან და იმის წინა წელს სხვა საგნებში მაღალი ქულები ავიღე, უნარებში ორჯერ ჩავიჭერი, მათემატიკური ნაწილის გამო. ამ უნარებმა წელი ბევრს დააკარგვინა“, – ამბობს ნინო.
მე-12 კლასის მოსწავლე ლალი დაბახიშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნულებზე რეგისტრირებულთა დაბალი რაოდენობა უმაღლესში სწავლის გაგრძელების მსურველთა შემცირებამ გამოიწვია:
„წელს ეროვნულებზე დარეგისტრირებულთა დაბალი აქტივობაა, ჩემ ირგვლივ მე-12 კლასელების საკმაოდ დიდი ნაწილი სწავლის გაგრძელებას უმაღლესში არ აპირებს, რადგან გააცნობიერეს, რომ პროფესიის დასაუფლებლად სხვა გზებიც არსებობს. მე ვაბარებ უმაღლესში, თუმცა რეგისტრაციის პროცედურებში კარგად ვერ გავერკვიე და ამ დღეებში აუცილებლად დავრეგისტრირდები“, – ამბობს ის.
მერაბ ბერიძე იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლას პროფესიული სასწავლებლების დამთავრებას ამჯობინებენ. ის წელს მე-12 კლასშია, თუმცა ეროვნულებზე გასვლას არც წელს და არც გაისად არ აპირებს. მისივე თქმით, გამოცდებზე რეგისტრირებულთა მცირე რაოდენობის მიზეზი საატესტატო გამოცდების გაუქმებაა:
„მე საბაზო სკოლა მაქვს დამთავრებული. 9 კლასის დამთავრების შემდეგ კოლეჯში დავიწყე სწავლა, 2 წელიწადში დავამთავრე და მივხვდი, რომ მხოლოდ 9 კლასის ატესტატი არაფერში გამომადგებოდა. კოლეჯში ბუღალტერიას ვსწავლობდი, წარჩინებით დავამთავრე, მაგრამ ასაკი არ მიწყობდა ხელს და სამსახური ვერ ვიპოვე. თქვენ აიყვანდით 17-18 წლის ბუღალტერს? მე არა. ასე რომ, ატესტატის გამო დავუბრუნდი სკოლას. გასულ წელს ექსტერნის ფორმით ჩავაბარე მე-10 და მე-11 კლასის გამოცდები. ეროვნულების ჩაბარებას არ ვაპირებ.
„ჩემი აზრით, დაბალი აქტივობის მიზეზი მე-12 კლასის გამოცდების მოხსნაა. ბავშვები საატესტატოსთვის მეცადინეობის პარალელურად აპირებდნენ ეროვნულებზეც ეცადათ ბედი. ახლა, როცა გამოსაშვები გამოცდები მოიხსნა, ჩემ ირგვლივ უმეტესობამ თავი დაანება მეცადინეობას და პროფესიული სასწავლებლები არჩიეს. ცხადია, არიან ისეთები, რომლებიც სწავლის გაგრძელებას უმაღლესში აპირებენ, მაგრამ ასეთი ძალიან ცოტაა“, – ამბობს მერაბი.
ნინი მამაცაშვილი თსუ-ის კურსდამთავრებულია. ის წელს მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებას გეგმავდა, თუმცა გადაწყვიტა, მომავალ წელს ჩააბაროს, როცა მაგისტრატურა ერთწლიანი გახდება:
„მიუხედავად იმისა, რომ წელს ვგეგმავდი მაგისტრატურის გამოცდებზე გასვლას, გადავწყვიტე, შემდეგი წლისთვის გადავდო, რადგან როგორც ვიცი, მომავალი წლიდან მაგისტრატურა 1-წლიანი ხდება. ცხადია, ეს ყველას გვაწყობს. რატომ უნდა ჩავაბარო ახლა და ორი წელი ვიწვალო, თუ გაისად ჩაბარების შემთხვევაში, მხოლოდ 1 წელი მომიწევს სწავლა. იმედია, პროგრამაც შესაბამისად შეიცვლება და ორი წლის მასალის სწავლას ერთ წელიწადში შევძლებთ. ალბათ, არის რაღაცები რასაც სასწავლო მასალიდან ამოიღებენ და ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ბაკალავრიატზეც იყო საგნები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ გავიარეთ, რომ აუცილებლობა მოითხოვდა და სინამდვილეში, სტუდენტების აზრით, საჭირო სულაც არ იყო. ასეთი საგნები მაგისტრატურაზეცაა და კარგი იქნება თუ კურიკულუმებსაც გადახედავენ“, – ამბობს ნინი მამაცაშვილი.
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment