არასამთავრობო ორგანიზაციები სალომე ტატიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებენ. წერილს ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ადამიანის უფლებათა ცენტრი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED).
როგორც განცხადებაში წერია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი მიუთითებს, რომ სასამართლოს მსჯელობა არაერთ შემთხვევაში არის აბსტრაქტული და არადამაჯერებლი. განაჩენში მოყვანილი მსჯელობებიდან იკვეთება, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, მოსამართლის მიერ მტკიცებულებები ინტერპრეტირებული და შეფასებულია ცალმხრივად და ყურადღების მიღმაა დატოვებული არაერთი მოწმის ერთგვაროვანი ჩვენება.
"გამოტანილ განაჩენში პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოში არ არის განსაზღვრული სათხილამურო სპორტში სიჩქარის დაშვებული ლიმიტი, შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს ზღვარი, თუ რა სიჩქარე ჩაითვლებოდა წინდახედულობის ნორმის გათვალისწინებად, რომლის დაცვის შემთხვევაშიც გამოირიცხებოდა გ.ლ-ის მიერ წინდახედულობის ნორმის დარღვევა. მოსამართლის სჯელობიდან ცალსახად იკვეთება, რომ იგი ფაქტობრივად გამორიცხავს წინდახედულობის ნორმის საერთოდ არსებობას იმ პირობებში, როდესაც რაიმე დეტალურად არ არის კანონში გაწერელი. მსგავსი მსჯელობა საფრთხის შემცველია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს წინდახედულობის ნორმა. უფრო მეტიც, გაუფრთხილებლობითი დანაშაულის შინაარსი და წინდახედულობის არსიც სწორედ ის არის, რომ ადამიანებმა იმოქმედონ პასუხისმგებლობით და თავიანთი ქმედებები შეუსაბამონ ამა თუ იმ სფეროში არსებულ გამოცდილებას.
განაჩენიდან იკვეთება, რომ მოსამართლემ მხედველობაში არ მიიღო არაერთი მოწმის ჩვენება. საქმეზე დაკითხული არაერთი მოწმე მიუთითებდა, რომ საქმეზე ბრალდებული მოძრაობდა ძალიან სწრაფად, სიჩქარის კონტროლის გარეშე, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის დადგენილი, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები შეჯახებამდე და უშუალოდ შეჯახების პროცესში, რა ტრაექტორიით მოძრაობდა სალომე ტატიშვილი და რა ტრაქეტორიით ბრალდებული. სასამართლოს ეს მსჯელობა ეწინააღმდეგება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებს. მოწმეები ერთგვაროვნად მიუთითებენ, რომ ბრალდებული მოძრაობდა ძალიან სწრაფად პირდაპირი დაშვებით, ხოლო სალომე ტატიშვილი აკეთებდა მოხვევის მანევრს."- ნათქვამია განცხადებაში.
მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამახვილოს ყურადღება ამ ბუნდოვანებებზე და სათანადო შეფასება მისცეს იმ გარემოებებს, რომლებიც პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას არასათანადოდ იყო განხილული და შეფასებული.
12 წლის სალომე ტატიშვილი 2016 წლის იანვარში გუდაურში, სრიალისას, თხილამურებზე მდგომი გიორგი ლიპარტელიანის დაჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით მიმდინარეობდა.
ტატიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანის სასამართლომ გაამართლა. მეორე ინსტანციაში ბრალდების მხარე პირველი ინსტანციის ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
imedinews.ge
No comments:
Post a Comment