იმ ადამიანებს, რომლებიც კვირაში სამზე მეტ კვერცხს ჭამენ, ან კვირის განმავლობაში 300 მგ-ზე მეტ ქოლესტერინს იღებენ, გულის დაავადების და ადრიანად სიკვდილის რისკი უფრო მეტად ემუქრებათ, ვიდრე მათ, ვინც ნაკლებ კვერცხს მიირთმევს, - წერს CNN-ისამედიცინო ჟურნალში JAMA გამოქვეყნებულ ახალ კვლევაზე დაყრდნობით.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ კვერცხი, განსაკუთრებით კი მისი გული, ქოლესტერინის ძირითადი წყაროა. ერთი საშუალო ზომის კვერცხი კი დაახლოებით 186 მილიგრამ ქოლესტერინს შეიცავს.
მეცნიერები ექვს კვლევით ჯგუფს - 29 000 ადამიანს აკვირდებოდნენ, რომელთა ასაკი საშუალოდ 17,5 წელი იყო. დაკვირვების პერიოდში გამოვლინდა კარდიოვასკულარული დაავადების 5400 შემთხვევა, მათ შორის 1302 ინსულტი (ნაწილი ფატალური შედეგით), გულის უკმარისობის 1897 ფაქტი და კიდევ 113 გარდაცვალების შემთხვევა გულის სხვადასხვა დაავადებით. კვლევის კიდევ 6132 მონაწილე სხვადასხვა მიზეზით გარდაიცვალა.
მკვლევრების დასკვნით, დღეში დამატებით 300 მილიგრამი ქოლესტერინის მოხმარება 3.2%-ით ზრდის გულის დაავადებების, 4,4%-ით კი - ნაადრევი სიკვდილის რისკს. ხოლო დამატებით კიდევ ნახევარი კვერცხის მიღება 1,1%-ით ზრდის კარდიოვასკულარული დაავადებების, 1,9%-ით კი სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის რისკს.
კვერცხის თვისებებზე აქამდე არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნები შესაძლოა უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ აქამდე ჩატარებულ კვლევებში არ იყო გათვალისწინებული სხვა არაჯანსაღი ჩვევები, ისეთები, როგორიცაა დაბალი ფიზიკური აქტივობა, მოწევა და არაჯანსაღი კვება. გარდა ამისა, მხედველობაში მისაღებია ის ფაქტიც, რომ პროდუქტები, რომლებიც ქოლესტერინს შეიცავს, ამავდროულად გაჯერებულია ცხიმებით და ცხოველური ცილებით. ამ კვლევის ავტორებმა კი ყველა ფაქტორი გაითვალისწინეს - წერს CNN.
ვიქტორია ტეილორი, რომელიც ბრიტანეთის გულის ცენტრის დიეტოლოგია და კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ამბობს, რომ ამ კვლევას შეუძლია აჩვენოს მხოლოდ კავშირი (ქოლესტერინსა და გულის დაავადებებს შორის) და არა გამომწვევი მიზეზი, ამიტომ საჭიროა მეტი კვლევა, რომ ამ კავშირის მიზეზები დადგინდეს.
„კვერცხი ნოყიერი საკვებია; კვლევა ეფუძნება მის დიდი რაოდენობით მოხმარებას, უფრო მნიშვნელოვანია მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ როგორ არის მომზადებული კვერცხი და რასთან ერთად მივირთმევთ მას. სასურველია ჯანსაღი და დაბალანსებული კვება“ - ამბობს დიეტოლოგი.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment