Thursday, March 21, 2019

მსოფლიოს ნაწილი დღეს ნოვრუზს ზეიმობს

ნოვრუზი - გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაული. სიტყვა სპარსული ენიდან მომდინარეობს და „ახალ დღეს“ ნიშნავს. აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის დროს: 21 მარტს ირანში, შუა აზიისა და ამიერკავკასიის ქვეყნებში, ხოლო 22 მარტს - ყაზახეთში. ბაჰაის კალენდრის მიხედვით ამ დღეს ახალი წელიწადი იწყება.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აზერბაიჯანში ნოვრუზ დღესასწაული სამ დღეს გრძელდება. აქ ყოველი წლის 21-23 მარტი დიდი ზეიმით აღინიშნება. ნოვრუზის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე "აჰირ ჩარშამბაა" (ბოლო ოთხშაბათი). დღესასწაულის თვეში ოთხივე კვირის ოთხშაბათიც მნიშვნელოვანია. მას "უსკუსაც" უწოდებენ. თვის ბოლო ოთხშაბათის წინა დღეს (სამშაბათს) კაცები სასაფლაოზე გადიან, სურა "ფათიჰას" კითხულობენ და შემდეგ სახლში ბრუნდებიან. ქალები ჰალვით, ფლავითა და სხვადასხვა საჭმლით საფლავების მოსანახულებლად გადიან. 
"აჰირ ჩარშამბის" ერთ-ერთი აუცილებელი ადათი სახლისა და ჭურჭლეულის საგანგებო წესებით დასუფთავება-გარეცხვაა. ასევე მნიშვნელოვანი წესია "წყალში ბეჭდის ჩაგდება". ოთახის შუაში წყლით სავსე ტაშტს ქალიშვილები შემოუსხდებიან და ბეჭდებს შიგ თითო-თითო ყრიან. ბოლოს ერთი მათგანი ტაშტიდან ბეჭედს ამოიღებს. ვისი ბეჭედიც ამოყვება, მისთვის ის წელი ბედნიერი იქნება.
ნოვრუზის დღესასწაულზე კაცები და ქალები ცალ-ცალკე მოიყრიან თავს და ერთმანეთს მიულოცავენ. საჭიროდ თვლიან იმ წელს გარდაცვლილი ოჯახები მოინახულონ. ამ დღეს დამწუხრება ცოდვად ითვლება. ისინი ამ დღეს შაქარს, ბრინჯს, კვერცხს და სხვადასხვა საჭმელებს გაჭირვებულ ოჯახებს უნაწილებენ. ამ დღეს ავადმყოფებსა და ნათესავებსაც მოინახულებენ.
2009 წლის 30 სექტემბერს „იუნესკომ“ ნოვრუზი არამატერიალურ კულტურულ ძეგლად გამოაცხადა და მას შემდეგ 21 მარტი ნოვრუზი საერთაშორისო დღესასწაულად გამოცხადდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ეთნიკურად აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეებს დღეს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა. დღესასწაულთან დაკავშირებით, მინისტრის გადაწყვეტილებით 21 და 22 მარტს მუსლიმი სამხედრო მოსამსახურეები დაისვენებენ. 
ნოვრუზ ბაირამობა ახალ დღეს, გაზაფხულის დღესასწაულს ნიშნავს. ამ დღეს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გარდაბანში, ქვემო ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ეთნიკურ აზერბაიჯანლებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს პრეზიდენტმა მათ სიტყვით მიმართა. „მე თქვენთან ვერ ვისაუბრებ რუსულ ენაზე, ეს გამორიცხულია. იმიტომ, რომ ეს არ არის ის ენა, რომელიც გვაერთიანებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment