ტექნოლოგიურ განვითარებასთან და სხვა ცვლილებებთან ერთად, პროფესიების უმრავლესობაში მუდმივი სიახლეები და ცვლილებებია, რომლისთვისაც ფეხის აწყობა სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემის პრიორიტეტია.
საქართველოში დამსაქმებლებიც და განათლების სფეროს სპეციალისტებიც სხვადასხვა სფეროში კვალიფიციური კადრების სიმცირის კუთხით არსებულ პრობლემებზე წლების მანძილზე საუბრობდნენ. 2014 წელს განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად და საჯარო სექტორში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ინვესტიციის ჩადება გადაწყვიტა.
მთავრობამ სწორედ ამ მიზნით შექმნა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი. რომელიც დღეს უკვე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ცენტრის მიზანია, სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი იძლევა შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მიიღონ საუკეთესო განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ მიღებული ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში განაგრძონ.
როგორც „პირWელთან“ საუბრისას განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ აღნიშნა, 2014 წელს საზღვარგარეთ განათლების დაფინანსების პროექტი სულ სამი სასტიპენდიო პროგრამისგან შედგებოდა, სამაგისტრო სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა.
მისი ცნობით, 2017 წელს ცენტრმა პირველად „კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო“ კონკურსი
გამოაცხადა და ოთხი გამარჯვებული გამოავლინა. გაცემული გრანტები ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობასა და საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებას.
ნინო ჭელიძე დაფინანსების პროცედურებსა და კომისიის დაკომპლექტების წესსაც განმარტავს.
„ცენტრის პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტები ავსებენ ელექტრონულ აპლიკაციას. კონკურსანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას ცენტრის საერთაშორისო კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ. კომისიის წევრები თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად აფასებენ ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სტუდენტთა შერჩევის პროცედურა და შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, სპეციალური კომისია, რომელიც სტიპენდიატობის კანდიდატებს არჩევს, მრავალსახიანი და მრავალგანზომილებიანია. მოწვეულები არიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ისე საზოგადოებრივი წრეებიდან. საკმაოდ ბევრი საქმე აქვთ. თითოეული აპლიკაცია დეტალურად უნდა გაიარონ. არ იციან, ვის აფასებენ. ჩანს მხოლოდ მონაცემები და სამოტივაციო წერილი. სახელი და გვარი დაფარულია. ეს პრინციპი ყველაზე მეტად კომისიის წევრებს მოსწონთ. ასე უფრო მიუკერძოებლად და
ზეწოლის გარეშე მუშაობას ახერხებენ. რაც შეეხება სტიპენდიატობის კანდიდატებს, ბაკალავრიატი უნდა ჰქონდეთ დამთავრებული და უნდა ჰქონდეთ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება. ეს ერთი წელი ძალიან ეხმარება ახალგაზრდას, მიხვდეს, რა მიმართულებით სჭირდება სპეციალიზაცია. საქართველოში ბაკალავრიატი არ არის განათლება, სადაც ჯერ აბარებ და მერე ირჩევ. აქ თავიდანვე აცხადებ შენს სპეციალობას. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ ხშირად არის შემთხვევები, როცა პროფესიის პროფილს იცვლიან. სწორედ ამიტომ ეს ერთი წელი ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა“, - განმარტავს ნინო ჭელიძე.
მისი თქმით, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა მხოლოდ მათთვისაა, ვინც საჯარო სექტორში მუშაობს და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის განვითარება სჭირდება.
„აქაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი მოთხოვნებია, 1-3 თვემდე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად გარკვეული პერიოდი უნდა იმუშაოს გამშვებ ორგანიზაციაში, საიდანაც წავიდა. სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხს ვინც იღებენ და შემდგომ სამუშაო გამოცდილების შეძენა და კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, შეუძლიათ, ერთი წელი კიდევ დარჩნენ. რა თქმა უნდა, ამის ნება კომისიამ უნდა დართოს“, - აღნიშნავს განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების საერთაშორისო ცენტრის მუშაობას წარმატებულად აფასებს და დასძენს, რომ ის თავად იყო სტიპენდიატების შესარჩევი კომისიის წევრი.
მინისტრის თქმით, სტიპენდიატების შერჩევის პროცესი არის ძალიან მაღალპროფესიულ დონეზე, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი.
„ჩვენ შევძელით, შეგვერჩია ძალიან კარგი კანდიდატები, რომლებიც უცხოეთში მიიღებენ განათლებას და შემდეგ სამშობლოში დაბრუნდებიან. განათლების საერთაშორისო ცენტრს წელს საკმაოდ საინტერესო განზომილება დაემატა - საქართველოში დაბრუნებული კურსდამთავრებულები საუნივერსიტეტო სივრცეში ჩაერთვებიან როგორც ადამიანური, ასევე ადმინისტრაციული კუთხით. რამდენიმე მათგანი უკვე ჩაერთო ამ პროცესში და ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ეს პროცესი. მალე კურსდამთავრებულების ახალი თაობა გვეყოლება. დარწმუნებულები ვართ, ისინიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ამ პროცესში. განათლების საერთაშორისო ცენტრი სხვადასხვა კუთხით პროდუქტიულად თანამშრომლობს მნიშვნელოვან ორგანიზაციებთან, როგორც ძველ პარტნიორებთან, ისე ახალ პარტნიორებთან და დონორებთან. მალე გაჩნდება ახალი პერსპექტივები. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ცენტრის თანამშრომლობა სხვა სსიპ-ებთან. როდესაც მინისტრად დავინიშნე, პირველი, რაც გავაკეთე, ყველა სსიპ-ის ხელმძღვანელი შევკრიბე და ვთხოვე, ერთმანეთთან მჭიდროდ ეთანამშრომლათ. გამოცდილებისა და იდეების ურთიერთგაცვლით ჩვენ ყველანი შევძლებთ, რომ წინ წავიდეთ. ეს არის ჩვენი ახალგაზრდების განათლება“, - აღნიშნავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.
დათო ნადირაძე, აშშ-ში სამხრეთ იუტას უნივერსიტეტის არტ-მენეჯმენტის მაგისტრატურის სტუდენტი: სამხრეთ იუტას უნივერსიტეტს მთელ მსოფლიოში არტმენეჯმენტის ერთ-ერთი უძლიერესი სკოლა აქვს. სწავლის დაფინანსება თვითონ უნივერსიტეტიდან მოვიპოვე, თუმცა გაუთვალისწინებელი ხარჯები დამემატა, რომელიც განათლების საერთაშორისო ცენტრმა დამიფინანსა. სწავლის დროს შევიძინე ძალიან დიდი გამოცდილება. ამ სფეროს მსოფლიო ლიდერებთან ურთიერთობა მომიწია და უკიდეგანო შესაძლებლობები შევიძინე. საქართველოში არტმენეჯმენტი ახალი პროფესიაა. სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება, თუნდაც ქართული კულტურის პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით, რომელიც ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია. არ გვაქვს თუნდაც სრული სახელოვნებო არტმენეჯმენტის განათლება. ამ მიმართულებით გარკვეული საერთაშორისო სტანდარტები არსებობს. საქართველო კი ამ სტანდარტებიდან არცერთს არ აკმაყოფილებს. არტმენეჯმენტში კვალიფიციური კადრები სულ თითზე ჩამოსათვლელი გვყავს. მათაც გამოცდილება და განათლება ან მხოლოდ პრაქტიკაში აქვთ მიღებული, ან მცირე ტრენინგებზე. აკადემიური განათლება კი ძალიან მნიშვნელოვანია სპეციფიკური უნარ-ჩვევების განვითარებისთვის. მუდმივ განახლებას მოითხოვს. ეს არ არის სტატიკური სფერო. არტმენეჯმენტი არის პასუხი ბაზრის მოთხოვნაზე კულტურასა და ხელოვნებაში. თუ არტმენეჯერმა ბაზრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, აზრი არ აქვს მის გაკეთებას.
წლების მიხედვით დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა: 2014 წელი – 77 სტიპენდია, 2015 წელი – 115 სტიპენდია, 2016 წელი – 122 სტიპენდია, 2017 წელი – 212 სტიპენდია.
pia.ge

No comments:
Post a Comment