Wednesday, December 27, 2017

ნარკოპოლიტიკის კანონთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია-ბრიფინგი გაიმართა


დღეს ჯანდაცვის კომიტეტი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავს. სხდომის დაწყებამდე პარლამენტის შენობასთან აქცია-ბრიფინგი გაიმართა. აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ პარლამენტმა კანონპროექტი არსებული სახით უნდა დაამტკიცოს, სხვა შემთხვევაში ცვლილებები ფასადური იქნება.
"ჯანდაცვის კომიტეტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამ კანონპროექტის განხილვის პროცესში, რადგან ჩვენი მიზანია ნარკოპოლიტიკის საკითხები კრიმინალის სფეროდან გადავიდეს და ჯანდაცვის და სოციალურ საკითხად განიხილებოდეს. ნარკოტიკის მოხმარების პრობლემას სახელმწიფომ უნდა უპასუხოს არა სადამსჯელო მექანიზმებით, არამედ სამკურნალო, ზიანის შემცირების და პრევენციული ღონისძიებებით. ჩვენ გვსურს კანონპროექტს გამოვუცხადოთ მხარდაჭერა და პარლამენტის წევრებსაც მოვუწოდოთ მხარდაჭერისკენ. სამწუხაროდ, ეს კანონპროექტი დღემდე პოლიტიკური დღის წესრიგისთვის არ არის საკმარისად მნიშვნელოვანი საკითხი", - განაცხადა EMC-ს იურისტმა გურამ იმნაძემ. ის იმედს გამოთქვამს, რომ საგაზაფხულო სესიაზე ეს საკითხი უფრო პრიორიტეტული გახდება.
"ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა სახის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი ადამიანები არ იქნებიან დასჯილი, არ იდევნებიან ისე, როგორც სამწუხაროდ ხდებოდა და ხდება დღემდე", - აცხადებს ნარკოტკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის წარმომადგენელი კონსტანტინე რუხაძე.
26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია იგეგმება. 
29 ივლისს კი მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა. 
30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა. ეს ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment