მადლობას გიხდით სომეხი ერის სახელით ლოცვისთვის, ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ორი ერის მეგობრობისთვის – ასე მიმართა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საპატრიარქოში შეხვედრისას. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
"ძალიან მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. მინდა, მთელი გულით მოგილოცოთ ინტრონიზაციის 40 წლის იუბილე და კიდევ ერთხელ ავღნიშნო თქვენ მიერ 40 წლის განმავლობაში გაწეული უდიდესი სამუშაო. მადლობას გიხდით სომეხი ერის სახელით ლოცვისთვის, ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ორი ერის მეგობრობისთვის. მე მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ ჩვენ არ ვართ უბრალოდ მეზობლები, ჩვენ ვართ ძმები, გვაკავშირებს ათასობით წლის მეგობრობა და მადლობა ღმერთს, ამ წლების განმავლობაში არაფერი მომხდარა ისეთი, რასაც შეეძლო ჩვენი ურთიერთობის დარღვევა. ჩვენ აუცილებლად ასე უნდა გავაგრძელოთ, ამ ისტორიულ საფუძვლებზე“, – განაცხადა სერჟ სარგსიანმა.
პატრიარქმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტს სტუმრობისთვის და საუკეთესო სურვილები გადასცა სომხეთის უწმინდეს კათოლიკოსს, გარეგინ მეორეს.
„ძალიან მოხარული ვარ თქვენი ხილვით. ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ და გვჭირდება ერთმანეთის დახმარება. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ დავძლევთ ყველა პრობლემას, რომელიც გვაქვს. ჩვენ გვაქვს ტერიტორიული პრობლემები. გუშინ ჩვენ აღვნიშნეთ პატრიარქობის იუბილე. ეს იყო ძალინ რთული 40 წელი. ეს ჩვენ გვაგონებს მოსესა და ებრაელი ხალხის 40-წლიან მოგზაურობას უდაბნოში. მინდა მივესალმო მთელ დელეგაციას და მადლობა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის. ვფიქრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულებას ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობა იყოს ნორმალური. არსებობს გაუგებრობები, რომლებიც წარმოქმნის პრობლემებს. მინდა გთხოვოთ, ჩემი საუკეთესო სურვილები გადასცეთ უწმინდეს კათოლიკოს გარეგინ მეორეს”, – განაცხადა ილია მეორემ სერჟ სარგსიანთან შეხვედრისას.
სერჟ სარგსიანი საპატრიარქოში მეუღლესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფება. შეხვედრას პატრიარქის მოსაყდრე და სხვა სასულიერო პირები ესწრებიან.
სერჟ სარგსიანი დღეს საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესაც შეხვდება.
სარგსიანი საქართველოს 25 დეკემბერს ეწვია. მან შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, რის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდა. გიორგი მარგველაშვილმა სარგსიანი საქართველოს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში მოიწვია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment