Friday, December 22, 2017

მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს ჩამოშორდა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამაზდებელ პროექტში აღარ მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ეს გადაწყვეტილება მინისტრის მოადგილემ მწერლებთან და გამომცემლებთან შეხვედრის დროს მიიღო. განცხადება ამის თაობაზე დრამატურგმა, ლაშა ბუღაძემ კულტურის სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ქართველი მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და გამომცემლები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს დღეს შეხვდნენ.
მათი განცხადებით, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენა საფრთხის ქვეშ დადგა, მას შემდეგ, რაც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა და ამ პროექტის ხელმძღვანელმა, მედეა მეტრეველმა გათავისუფლების მოთხოვნით მინისტრის სახელზე განცხადება დაწერა.
მწერლებისა და გამომცემლების განაწყენება გამოიწვია იმან, რომ წიგნის ცენტრის დირექტორმა დეა მეტრეველმა განაცხადა, რომ მანანა ბერიკაშვილი ერეოდა მის საქმიანობაში.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში იმართება, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. ამ პროგრამისთვის მზადება წიგნის ცენტრს აქვს ჩაბარებული 2014 წლიდან, თუმცა რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი მართავს ყველაფერს, რამაც წიგნის ცენტრსა და კულტურის სამინისტროს დაპირისპირება გამოიწვია.
მანამდე მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და საჭიროების შემთხვევაში მის განცხადებასაც დააკმაყოფილებს.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭომ წერილი გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ კულტურის სამინისტრო პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მენეჯმენტში "მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს". განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა თანამდებობის დატოვების განცხადებით კულტურის მინისტრს მიმართა, რაც საბჭოს წევრების აზრით, მნიშვნელოვნად შეაფერხებს ცენტრის საქმიანობას.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment