Monday, December 25, 2017

პრემიერი პატრიარქს - თქვენი პატრიარქობა, სულიერების თვალსაზრისით, უდიდესი ღვთის მადლი, საერო თვალსაზრისით კი ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა


თქვენი პატრიარქობა, სულიერების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ღვთის მადლი, ხოლო საერო თვალსაზრისით ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სვეტიცხოვლის ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ინტრონიზაციის 40 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა. პრემიერმა უწმინდესს 40 წლის იუბილე მიულოცა და მის მოღვაწეობაზე ისაუბრა. 

„თქვენო უწმინდესობავ, 40 წლის იუბილე, ჩვენთვის უდიდესი დღესასწაულია. მინდა მთელი სულითა და გულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. თქვენი პატრიარქობა, სულიერების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ღვთის მადლია, ხოლო საერო თვალსაზრისით, ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა. უდიდესი მოწიწებით ვიხრი ქედს თქვენი ღვაწლის წინაშე, ჩვენი ერისა და ქვეყნის წინაშე. მინდა გისურვოთ დღეგრძელობა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. თქვენი პატრიარქობის პერიოდში აღორძინდა, განახლდა და აშენდა უამრავი ტაძარი. აღდგა სამონასტრო ცხოვრება და ეს არის, პირადად თქვენი უდიდესი დამსახურება. თქვენი თითოეული ქადაგება, თქვენი შეგონება ჩვენს ერს კელაპტრად უნთია და თქვენ თქვენი პირადი მაგალითით, ყოველთვის გვაძლევთ საფუძველს და მაგალითს სათნოების, მიმტევებლობის. ეს ჩვენთვის ყველასთვის უდიდესი სიხარულის მომნიჭებელია. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ დღეგრძელობა და ჯანმრთელობა ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკლესიის გასაძლიერებლად და მრავალჟამიერ გასამხნევებლად ჩვენი ერისა“, - მიმართა პრემიერმა პატრიარქს.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ipn.ge

No comments:

Post a Comment