Thursday, December 28, 2017

პროკურატურამ 51-ე სკოლასთან მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუზუსტა

პროკურატურამ თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ არასრულწლოვნების განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ არასრულწლოვანს - გ.ბ-ს და გ.ჯ-ს ბრალდება დაუზუსტა. 

ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

”გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს დ.ნ-ს, დ.ღ-ს და ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს ა.ს-ს და თ.ჩ-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ა.ს. დახმარებისთვის ნათესავს მ.კ-ს დაუკავშირდა. მ.კ. მეგობრებთან ერთად 51-ე საჯარო სკოლასთან მივიდა. სკოლასთან ასევე შეიკრიბნენ ა.ს-სთან და თ.ჩ-სთან დაპირისპირებული არასრულწლოვნები. დაპირისპირებულმა მხარეებმა ა.ხორავას ქუჩა 4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც მოზარდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს გ.ბ-მ და გ.ჯ-მ ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან დ.ს-ს სხეულის სხვადასხვა მიდამოში დანების გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შემდეგაც გ.ბ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან ლ.დ-ს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. საავადმყოფოში გარდაიცვალა მეორე დღეს.

დაკავებულ არასრულწლოვნებს გ.ბ-ს და გ.ჯ-ს თავდაპირველად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, ხოლო გამოძიების მიერ მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე 2017 წლის 27 დეკემბერს ბრალდებულებს ბრალი დაუზუსტდათ. გ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ასევე ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო გ.ჯ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ. 
 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო”, - ნათქვამია განცხადებაში.
ipn.ge

No comments:

Post a Comment