Wednesday, April 9, 2014

ცვლილებები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში

თეორიული ცოდნის გარდა ამიერიდან მასწავლებლის პრაქტიკულ საქმიანობასაც შეაფასებენ. რას ითვალისწინებს პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემა, როგორ უნდა ჩაერთონ მასწავლებლები ამ სქემაში და რა ბედი ელით იმ მასწავლებლებს, ვინც უკვე გაიარა სერტიფიცირება. „ბათუმელები“ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის პროგრამის“ კოორდინატორს კახა ჟღენტს ესაუბრა:

რას ითვალისწინებს პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემა?

ქვეყანაში დამკვიდრებული იყო მასწავლებლის თეორიული ცოდნის შეფასების ერთადერთი მოდელი - მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მასწავლებელთა ამგვარი შეფასების სისტემა არასრულყოფილი და ცალმხრივია. მასწავლებლის საქმიანობის თითქმის 80% პრაქტიკაზეა დაფუძნებული. შესაბამისად, აუცილებელია მასწავლებლის არა მხოლოდ თეორიული ცოდნის, არამედ პრაქტიკული საქმიანობის შეფასება. შესაბამისად, ახალი სისტემის მიზანია შემოიტანოს სკოლებში მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასების სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებას, მის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას.

როგორ ჩაერთვებიან ახალ სქემაში ის მასწავლებლები, რომლებმაც უკვე გაიარეს სერტიფიცირება?

ყველა მოქმედი მასწავლებელი ავტომატურად გახდება ახალი სასწავლო წლიდან ამ სისტემის ნაწილი. ეს აღარ იქნება „სქემა“, ანუ პროგრამა, რომელშიც სურვილის მიხედვით ერთვები. ეს იქნება სისტემის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი. კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით, ახალი სტანდარტი ადგენს მასწავლებლის ოთხ საკვალიფიკაციო კატეგორიას. ამ კატეგორიების სახელები ჯერ განხილვის პროცესშია, ერთ-ერთი სავარაუდო ვარიანტია: მენტორი მასწავლებელი - უმაღლესი კატეგორია, მკვლევარი მასწავლებელი - პირველი კატეგორია, წარჩინებული მასწავლებელი - მე-2 კატეგორია, პრაქტიკოსი მასწავლებელი - მე-3 კატეგორია. ყველა სერტიფიცირებულ მასწავლებელს მიენიჭება „წარჩინებული მასწავლებელი - მე-2 კატეგორია“.

რას ნიშნავს ოთხსაფეხურიანი პროფესიული სტანდარტი?

პროფესიული სტანდარტი ვრცელდება ყველა მასწავლებელზე, სწორედ სტანდარტს დაეყრდნობა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სისტემა. მისი გამოყენებით შეფასდება მასწავლებლობის კომპეტენციები. მასზე დაყრდნობით შეიქმნება, „მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასების გზამკვლევი“.

სტანდარტი არის მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის საფუძველი. კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით, სტანდარტი ადგენს მასწავლებლის ოთხ საკვალიფიკაციო კატეგორიას. ის გვაძლევს კრიტერიუმებს და აღწერს, როგორი გზით მიდის მასწავლებელი პროფესიული განვითარების პროცესში.

რა პრინციპით მოხვდებიან მასწავლებლები ამა თუ იმ კატეგორიაში?

უნდა განვასხვაოთ ორი პროცესი - პირველი დაიწყება 2014 წლის სექტემბერში: დიპლომის ხარისხის და სერტიფიცირების გათვალისწინებით მოქმედი მასწავლებლები გადანაწილდებიან სამ კატეგორიაში.

1. ყველა არასერტიფიცირებული მასწავლებელი (ბაკალავრი, მაგისტრი) - შევა პრაქტიკოსი მასწავლებლის კატეგორიაში;

2. ყველა სერტიფიცირებული მასწავლებელი (ბაკალავრი, მაგისტრი) - შევა წარჩინებული მასწავლებლის კატეგორიაში;

3. საგნის მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც არის მოქმედი მასწავლებელი - გახდება მკვლევარი მასწავლებელი.

ამ ეტაპზე მენტორი მასწავლებელი არ გვეყოლება. 2014 წლის სექტემბრიდან მასწავლებელი კატეგორიაში მოხვდება მისი პროფესიული საქმიანობის შეფასების, კვალიფიკაციის და სწავლების შედეგების მიხედვით.

კლასიფიკაცია თუ აისახება ხელფასზე. რამდენპროცენტიანი სხვაობა იქნება, მაგალითად, მე-2 და მე-3 კატეგორიის მასწავლებელს შორის?

რა თქმა უნდა, აისახება. განათლების სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე. ძალიან მნიშვნელოვანია წლევანდელი სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები, რადგან მათი ჩატარების შემდეგ, ახალი სისტემის ამუავების წინ, სამინისტროს ეცოდენიბა სერტიფიცირებული და არასერტიფიცირებული მასწავლებლების საბოლოო რაოდენობა. ამ მონაცემების გარეშე, ვფიქრობ, ძნელია საბოლოო სახელფასო ციფრების გაცხადება.

როგორია პროცედურა ერთი კატეგორიიდან მეორე კატეგორიაში გადასასვლელად და რა დრო დასჭირდება ამისთვის პედაგოგს?

საფეხურის შესაბამისი კრედიტების დასაგროვებლად მასწავლებელს ეძლევა სხვადასხვა ვადა. მაგალითად, წარჩინებული მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად - 2-3 წელი; მკვლევარი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად - 2-დან 4 წელი და მენტორი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად- 2-დან 5 წელი.

პრაქტიკოსი მასწავლებლის საფეხურის შესანარჩუნებლად საჭიროა 14 კრედიტი; წარჩინებული მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად და შემდგომ შესანარჩუნებლად - 24 კრედიტი; მკვლევარი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად და შემდგომ შესანარჩუნებლად - 32 კრედიტი; მენტორი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად და შემდგომ შესანარჩუნებლად - 40 კრედიტი.

მასწავლებელი, რომელიც ვერც ერთ კატეგორიაში ვერ მოხვდება, დარჩება თუ არა სკოლაში?

შეუძლებელია მოქმედი მასწავლებელი „ვერ მოხვდეს“ სადმე. ყველა მოქმედი მასწავლებელი ისევ რჩება მასწავლებლად, უბრალოდ, ისინი ძირითადად, ორ კატეგორიაში გადანაწილდებიან. მკვლევარი ძალზე ცოტა იქნება.

მასწავლებლებს წინ ელით სულ ცოტა კიდევ სამი წელი პრაქტიკული საქმიანობის შესამოწმებლად, რომელშიც საკვანძო როლი სკოლას ენიჭება. ასე რომ მხოლოდ კომპლექსური შეფასების შედეგად, სამი წლის თავზე დადგება საკითხი - რა კვალიფიკაციას აჩვენებს კლასში, მაგალითად, პრაქტიკოსი მასწავლებელი. შეფასების საფუძველზე, რომელშიც ჩართულია სკოლაც და გარე შემფასებლებიც, გადაწყდება, თუ შემდგომში რომელ კატეგორიაში აღმოჩნდება მასწავლებელი.

2014 წლამდე სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა ნებაყოფლობითი იყო, 2014 წლიდან კი ყველასათვის სავალდებულო უნდა გამხდარიყო. ამ ახალი სქემის ამოქმედების შემდეგ გაგრძელდება თუ არა სერტიფიცირების პროცესი?

2014 წლიდან გამოცდა აღარ იქნება სერტიფიკატის ანუ მასწავლებლის უფლების მოპოვების ერთადერთი საშუალება, როგორც ეს იყო ადრე. მასწავლებლის შეფასება გახდება მრავალფეროვანი, მასში მრავალი მონაწილე ჩაერთვება, ის იქნება უფრო ობიექტური და გამჭვირვალე. ასევე მასწავლებელი თავად იქნება ამ პროცესების თანამონაწილე. საგნობრივი გამოცდა გადაიქცევა კრედიტების დაგროვების საშუალებად პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის.
მანანა ქველიაშვილი
გაზეთი ბათუმელები
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment