Wednesday, October 7, 2015

პედაგოგებს ხელფასი მოემატებათ

საქართველოს პარლამენტი „2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტის განხილვებს იწყებს.
„2016 წელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის შესრულებას, რამაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. გაგრძელდება ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, განათლების და სოფლის მეურნეობის სფეროებში მიმდინარე პროგრამები, აღნიშნულია ბიუჯეტის კანონპროექტში.
2016 წლის ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის 9 920.0 მლნ ლარიდან განათლებისა და მეცნიერებისსამინისტროსთვის გათვალისწინებულია 975,2 მლნ ლარი.
კანონპროექტის თანახმად, განათლების ბიუჯეტიდან  ზოგადი განათლების დასაფინანსებლად 572,9 მლნლარია გამოყოფილი, რომელიც ითვალისწინებს სკოლის პედაგოგთა ხელფასების მატებას (2015 წლის სექტემბრიდან საბაზო ხელფასი გაიზარდა 305 ლარიდან 355 ლარამდე, ხოლო 2016 წლის აპრილიდან გაიზრდება 405 ლარამდე), ასევე ითვალისწინებს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგებისათვის გათვალისწინებული დანამატების დასაფინანსებლად საჭირო ხარჯებს;  პროფესიული განათლების დასაფინანსებლად 36,0 მლნ ლარამდე; უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების დასაფინანსებლად 174,0 მლნ ლარამდე; საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 94,4 მლნ ლარზე მეტი.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით თამარ სანიკიძის უწყებისთვის გათვალისწინებული იყო 828,9 მლნ ლარი. წინა წლისგან განსხვავებით, სამინისტროსბიუჯეტი დაახლოებით 146, 3 მილიონი ლარით იზრდება.

2016 წლის ბიუჯეტში ყველაზე მეტი წილი ჯანდაცვის სამინისტროზე მოდის. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება ახალ ბიუჯეტში 3 070,0 მლნ ლარს შეადგენს.
მარიამ ჰედუ@ კიკალია
განათლების სახლის ჟურნალისტი

No comments:

Post a Comment