მაია მიმინოშვილის თქმით, მონაცემების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ზოგადი უნარების მესამე ვარიანტი უფრო რთული იყო, ვიდრე დანარჩენი სხვა: პირველი, მეორე და მეოთხე.
”თქვენ იცით, რომ 24 ქულა და მეტი არის უნარების გამოცდისთვის დადგენილი. ამ მონაცემებით აღმოჩნდა, რომ მესამე ვარიანტისთვის გამსვლელი ქულა იქნება 21. ყველა დანარჩენი ვარიანტისთვის გამსვლელი ქულა 24 და მეტია. ანუ კომპეტენციის მინიმალურ ზღვარზე საუბრობს და მესამე ვარიანტისთვის ეს ქულა გახლავთ 21. რაც შეეხება იმ აბიტურიენტების რაოდენობას, რომლებმაც ვერ მოახერხეს ზღვარის გადალახვა, თქვენ იცით, რომ ზოგად უნარებს 4 ენაზე აბარებენ: ქართული, რუსული, აზერბაიჯანული და სომხური, ერთობლივად თუ ავიღებთ და არა მხოლოდ ქართულენოვან აბიტურიენტებს, დაახლოებით 15%-ია იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც კომპეტენციის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს. ასე რომ, როგორც მოგეხსენებათ, დაახლოებით იგივე იყო ეს პროცენტული მაჩვენებელი იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს კომპეტენციის მინიმალური ზღვარის გადალახვა ზოგად უნარებში წინა წლებშიც. აღნიშნული ერთი მხრივ კარგია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა უფრო უკეთესი შედეგები გვქონოდა”, - განაცხადა მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, ორშაბათიდან ეტაპობრივად სხვა გამოცდების შედეგებიც გამოქვეყნდება.
უნარების პირველად შედეგებს აბიტურიენტები დღეს, 12:00 საათის შემდეგ საკუთარ გვერდზე იხილავენ.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობაზე 41 000 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, თუმცა გარკვეულმა ნაწილმა სასკოლო გამოცდები ვეღარ დაძლია. ერთიან ეროვნულ გამოცდაში 29 000 აბიტურიენტი მონაწილეობდა. მათგან 3% გამოცდაზე არ გამოცხადდა. ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები, მაია მიმინოშვილის განცხადებით, 5 აგვისტომდე გამოქვეყნდება.
ipn.ge
No comments:
Post a Comment