Friday, July 21, 2017

ერთიანი სამაგისტრო გამოცდა დაიწყო, რას ამბობენ გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები და როდის იქნება შედეგები

ერთიანი სამაგისტრო გამოცდა დაიწყო. 20 ივლისს A ტიპის ტესტის პირველი ნაწილი ჩააბარეს აპლიკანტებმა, სადაც წაკითხულის გააზრება და ანალიტიკური წერა შედიოდა. როგორც გამოცდიდან გამოსული მაგისტრობის მსურველები აღნიშნავდნენ, გამოცდა რთული არ ყოფილა და ზღვრის გადალახვა არ გაუჭირდებათ.
მარიამ პატარაია
„ნამდვილად ვერ ვიტყვი,  რომ გამოცდა  რთული იყო. სირთულის მიხედვით საშუალო ტესტი იყო. ჩემთვის დამთრგუნველი ის იყო, რომ სამსახურის მერე მოვედი. გადაღლილი ვიყავი და გადაღლილზე სწრაფად ვერ მუშაობს გონება. სხვა ფაქტორი ნამდვილად არ ყოფილა. გამოცდა რთული არ იყო.
წაკითხულის გააზრებას რაც შეეხება, სამი თემა მოვიდა ფილოსოფიაზე, ურბანიზაციაზე. პირველი ტექსტი ცოტა რთული იყო დანარჩენებთან შედარებით. ყველაზე ადვილი იყო მესამე, ურბანიზაცია, ქალაქი და სოფელი როგორ ეწყობიან ერთმანეთს.
20251401_1542949072392983_1609896391_o (1) (1)არგუმენტირებულ მსჯელობაზე ორი ქალაქის შედარება იყო, სადაც მერიამ რაღაც ღონისძიებები ჩაატარა და შემდეგ შედეგების ანალიზი იყო. ანალიტიკურ წერაში ასეთი თემა მოვიდა: საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ბავშვებისთვის კონკურსებში მონაწილეობის მიღება კარგია, პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს. ხოლო მეორე ნაწილი ამ აზრს არ ეთანხმება. მე დავწერე, რომ სხვადსხვა კონკურსებში მონაწილეობა პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს და ამის არგუმენტები მოვიყვანე. დღევანდელ გამოცდასთან დაკავშირებით პოზიტიურად ვარ განწყობილი. მთავარია, რა იქნება რაოდენობრივ მსჯელობაზე“.
ნათია რაზიკაშვილი
„საკითხები არ იყო რთული. როგორც წაკითხული ტექსტი ისე ანალიტიკური თემები. უბრალოდ, კომპიუტერის  გაუმართაობა გახდა პრობლემა. ჩვენ 10 წუთი შევფერხდით, სანამ გამართულად მუშაობას დაიწყებდა კომპიუტერი. ჩემს სექტორში ძალიან ბევრი შეწუხდა კომპიუტერის გამო. გამოცდის დროის ათვლა დაიწყო იქიდან, როდესაც კომპიუტერები მოვიდა წესრიგში და დავიწყეთ მუშაობა. 10-12 წუთი იყო შეფერხება.
წაკითხულის გააზრებაზე ფილოსოფიური ტექსტები იყო, რაც დაფიქრებას საჭიროებდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ისეთი სირთულის ტექტსები იყო, რომელიც მიმართული იქნებოდა მაგისტრის ჩაჭრისკენ“.
სტანისლავ ციბულსკი
A ტიპის ტესტი ჩავაბარე. დავამათავრე სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი თეოლოგიის განხრით.  მანამდე 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა. გამოცდაზე მე და ჩემმა ორმა სკოლელმა მოვითხოვეთ  სპეციალური პირობები. A ტიპის ტესტს კი მხოლოდ მე ვაბარებდი. ამჯერად, კლინიკურ ფსიქოლოგიაზე ვაბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
დღეს ჩავაბარე ანალიტიკურ წერა და წაკითხულის გააზრება  კომპიუტერით. წინასწარ მქონდა გახმოვანების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც უკვე ტესტი ჩემთვის სრულიად ხელმისაწვდომი გახდა. დრო გაორმაგებული იყო, მაგრამ, ფაქტობრივად, არ დამჭირდა ორმაგი დრო ( სტანისლავი სხვებზე ადრეც კი გამოვიდა გამოცდიდან ავტ.).
20257604_1542954635725760_1113011939_o (1)რეგისტრაციისას წინასწარ მივუთითე, სპეციალური პირობები რომ მესაჭირეობოდა. შემდეგ დამატებით კიდევ განცხადების დაწერა დაგვჭირდა, რომ დაგვეკონკრეტებინა, რომელ გამოცდაზე, რა პირობები გვჭირდებოდა. რთული არ აღმოჩნდა გამოცდა, იმიტომ რომ უნივერსიტეტში სწავლისას მიწევდა საკმაოდ გრძელ და ღრმა ტექსტებთან მუშაობა, პლუს ამას, ესეების წერა. ხვალ რა იქნება, ვნახოთ“.
20 ივლისს (მეორე სესია) –  აპლიკანტებმა წაკითხულის გააზრება და ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი A) ჩააბარეს. 21 ივლისს (მეორე სესია) – ლოგიკურ მსჯელობას და რაოდენობრივ მსჯელობას (ტესტის ტიპი A) აბარებენ.
24  ივლისს (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი B) იქნება. 25 ივლისს (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი B), 26 ივლისს –  (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი C), 27 ივლისს  (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი C).
როდის დაიწყება ერთიანი სამაგისტრო გამოცდის გასწორება, როდის იქნება შედეგები და გრანტის მიღების შესახებ ინფორმაცია, ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სამაგისტრო ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე წერეთელი ესაუბრა:
–ბატონო ივანე, რომელ საგამოცდო ცენტრებში ტარდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდა, რა ტიპის ტესტები ბარდება და რამდენი აპლიკანტი დარეგისტრირდა თითოეულ მათგანზე?
11124142_972279939459902_26149672_n–გამოცდა ტარდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავში, ახალციხეში, თელავში, ზუგდიდსა და გორში. თბილისში 7 საგამოცდო ცენტრია, დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო.
ჩვენ გვაქვს სამი ტიპის ტესტი. A, B, C. 12 საგანმანათლებლო მიმართულება გვაქვს. 20-ში წერეს A ტიპის ტესტი. ეს არის საბუნებიმეტყველო მეცნიერებანი, გარდა ფიზიკისა. ჯანდაცვა, ჰუმანიტარული, ხელოვნება, აგრარული, განათლება და სოციალური მეცნიერებები, გარდა ეკონომიკისა.
B ტიპის ტესტს წერს საინჟინრო მიმართულებაზე, ვინც აბარებს, გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა. ბიზნესი და ეკონომიკა, მათემატიკა და ფიზიკა.
რაც შეეხება C ტიპის ტესტს, ამას სამართლის მიმართულებაზე აბარებენ.
A ტიპის ტესტზე დარეგისტრირებულია 5 721 მაგისტრობის მსურველი, B ტიპის ტესტზე 5 637, C ტიპის ტესტზე 2 080. მთლიანობაში ერთიან სასმაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებულია 13 438 მაგისტრობის მსურველი.
ტესტი ოთხნაწილიანია. გამოცდა ტარდება 2 დღეს. ტესტის ნაწილებია: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა და ანალიტიკური მსჯელობა. პირველ დღეს ასრულებენ პირველ ორ ნაწილს: წაკითხულის გააზრებას და ანალიტიკურ წერას. მეორე დღეს იგივე მაგისტრობის მსურველები გამოცხადდებიან და ისინი შეასრულებენ დარჩენილ ორ ნაწილს. ესენია: რაოდენობრივი და ლოგიკური მსჯელობა.
წაკითხულის გააზრების მაქსიმალური ქულაა 21, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი  – 6,4; ანალიტიკური წერის  მაქსიმალური ქულა 20, ზღვარი – 7,0 ; ლოგიკური  ლოგიკური მსჯელობის მაქსიმალური ქულაა 17, ზღვარი  – 5,2;  რაოდენობრივი მსჯელობის მაქიმალური ქულაა 20, მინიმალური –  5,2 .
–რა განსხვავებაა ტესტის ტიპებს შორის?
–წაკითხულის გააზრების ნაწილი, დაახლოებით, ერთნაირია ყველა ტიპის ტესტისთვის. ასევე ლოგიკური მსჯელობის ნაწილი. A ტიპის ტესტზე დარეგისტრირებულებისთვის და იურისტებისთვის მათემატიკური ნაწილი, რაოდენობრივი მსჯელობა ოდნავ უფრო მარტივია, იმათთან შედარებით, ვინც ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით და ა.შ. აბარებს. რაც შეეხება C ტიპის ტესტს, იქ ანალიტიკური წერის ერთ დავალებაშია განსხვავება. გადაწყვეტილების დასაბუთება. იქ არის ორი სიტუაცია, იქიდან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი და დაასაბუთოს და მეორე ნაწილი უნდა გააკრიტიკოს. დანარჩენი, ერთი სირთულის ტესტია.
–როდისთვის დაიწყებთ გასწორების პროცესს და შედეგები როდის გამოცხადდება?
–მხოლოდ ანალიტიკური ნაწერი სწორდება. დანარჩენი ნაწილის სკანირება ხდება და ავტომატურად დაიდება ეს შედეგები. გასწორებას რაც შეეხება, ძალიან გვინდა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოვახერხოთ. ხელმძღვანელობა ითხოვს, ეს იყოს, სადღაც, 5 აგვისტოსთვის. მცდელობას არ დავაკლებთ. ყოველშემთხვევაში, შედეგების გამოცხადება 10 აგვისტოს არ უნდა გადაცდეს.
–გრანტი მოიპოვა თუ არა აპლიკანტმა როდის გახდება ცნობილი?
–ბევრ რამეზეა ეს დამოკიდებული. მარტო ამ გამოცდით არ იღებენ სტუდენტებს უმაღლეს სასწავლებელში. ყველა უმაღლეს სასწავლებელში ტარდება შიდა გამოცდები. ეს ასეც უნდა იყოს. ერთიანი სამაგისტრო გამოცდით გაფილტვრა ხდება ისეთი კანდიდატებისა, რომლებიც ამ ეტაპისთვის სწავლის გაგრძელებისთვის არ არიან მზად.
შეიძლება ჩვენთან ჩააბაროს გამოცდა, მაგრამ უნივერსიტეტში არ მიიღონ. სანამ ჩვენ ყველა უმაღლესი სასწავლებლის მონაცემი არ გვექნება, ვინ ჩაირიცხა და ვინ არა, ვერ გავანაწილებთ გრანტს ისე. უნივრესიტეტებმა უნდა დააჩქარონ მონაცემთა მოწოდება, მალე რომ იყოს გრანტიორთა სიები.
–რამდენია მაგისტრანტებისთვის დაფინანსებისთვის წელს გამოყოფილი?
–მთლიანი გრანტის მოცულობა 2 მილიონი ლარია. როგორც წესი, სადღაც 900-მდე სტუდენტი ფინანსდება.
–აპლიკნატები როგორ ართმევენ თავს სამაგისტრო  გამოცდას?
–კარგად ართმევენ თავს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, მერე როგორ ისწავლიან. ეს არის მინიმუმი. ძირითადი სამუშაო უნდა შესრულდეს შემდეგ. ეს ორი წელი მათ მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ ნამდვილ სპეციალისტებად. ასეთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანაც ძლიერი იქნება და თითოეულის ცხოვრებაც მოეწყობა არაჩვეულებრივად. ყველას ვუსურვებ ბედნიერებას და წარმატებას.  ქვეყნის წარმატება დამოკიდებულია მეტწილად იმაზე, თუ რა შედეგებს მიაღწევენ სწავლის პროცეში ისინი. ჩვენი მომავალი მათ ხელშია. ვერცერთი სახელმწიფო ვერ იქნება ძლიერი, თუ არ აქვს ის მნიშვნელოვანი ბაზა, რასაც ჰქვია მეცნიერება და მისი პრაქტიკაში გამოყენება.
edu.aris.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment