Tuesday, July 25, 2017

რატომ ვერ საქმდებიან საქართველოში უნივერსიტეტდამთავრებულები

დღეს საქართველოში უფრო მეტი კურსდამთავრებულია, ვიდრე სამუშაო ადგილი. ამასთან ერთად, უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნა ხშირად არ არის საკმარისი დასაქმებისთვის. ამის შესახებ Dvv internatiolan -ის ოფისში იმსჯელეს, სადაც დისკუსიის თემა „განათლება და დასაქმება“ იყო.
რამდენად შეესაბამება საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს პროფესიული და უმაღლესი განათლების არსებული შეთავაზებები? რა კეთდება და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამომავლოდ იმისათვის, რომ მოთხოვნა ე.წ. პრესტიჟულ პროფესიებზე დასაქმების პერსპექტივაზე ორიენტირებული პროფესიებით შეიცვალოს? – ეს საკითხები დაისვა დისკუსიის მიმდინარეობისას.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯგერენაიამ აღნიშნა, რომ 2015 წელს ჩატარებული შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის პილოტური კვლევის მიხედვით, გამოვლინდა დეფიციტური პროფესიები, რომლებზეც მოთხოვნა საქართველოს შრომით ბაზარზეა.
მისი თქმით, გამოიკვეთა ასევე, რომ ჩვენი დიპლომირებული ახალგაზრდების კვალიფიკაცია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დააკამყოფილოს დამსაქმებლების მოთხოვნები.
„ამ შეუსაბამობის შესახებ განათლების სამინისტროს პერმანენტულად უნდა მიეწოდებოდეს ინფორმცია. რა უნარებს ითხოვს ბიზნესი, რომ მოახდინოს მასზე რეაგირება და საგანმანათლებლო მოდულები შეცვალოს და შესაბამისად მომზადებული კვალიფიკაციური კადრი მიაწოდოს შრომით ბაზარს.
„შრომის სამინისტროს ფუნქციაა, დროულად დააკავშიროს სამსახურის მძებნელი და დამსაქმებელი ერთმანეთს, თუ არ არის ასეთი კადრი, გადაამზადოს. 2015 წლიდან გაჩნდა გადამზადების კურსები, სადაც პროფესიულ სპეციალობებში ვამზადებთ 2-3-4 თვინი კურსებით განათლების სამინისტროსთან ერთად ადამიანებს, რომ კონკრეტული უნარი გამოუმუშაოს და ხელი შეუწყოს დასაქმებაში“, -აღნიშნა ელზა ჯგერენაიამ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსმა  ქეთი ცინცაძემ აღნიშნა, რომ დამსაქმებლები და უნივერსიტეტები თანხმდებიან ერთ რამეზე, რომ კურსდამთავრებულებს ტრანსფერული უნარების დეფიცი აქვთ. მისი თქმით, თეორიული ცოდნა არ არის დაბალი დონის კურსდამთავრებულებში, მოთხოვნებს შეესაბამება, მაგრამ ტრანსფერული უნარების დეფიციტია, რაც, პირველ რიგში, თვითპრეზენტაციის უნარს გულისხმობს. დამსაქმებლები აკეთებენ აქცენტს ანალიტიკურ უნარზე, უცხო ენების ცოდნაზე, ჯგუფური მუშაობის უნარზე და ა.შ. ხოლო უნივერსიტეტები მაინც მოწოდებულები არიან თეორიული განათლების მიცემაზე.
„დასაქმების ბაზრის მოთხოვნასა და უნივერსიტეტებს შორის ნაკლები კომუნიკაციაა. პროგრამების  შედგენისას ძალიან რთულია, გაითვალისწინო დასაქმების ბაზრის მოთხოვნები. მაინც არაა ბოლომდე გარკვეული და კვლევის საგანია, რა მოთხოვნები აქვს საქართველოში დასაქმების ბაზარს.
„ერთ-ერთი პრობლემაა და ამას უნივერსიტეტებიც აღნიშნავენ, რომ დასაქმების ბაზარი ჰომოგენურია საქართველოში. ძირითადად, ჩვენთან ერთი ტიპის პროფესიებზეა მოთხოვნა. უნივერსიტეტებში კი ბევრ პროფესიას ასწავლიან. ბევრი სტუდენტი ამთავრებს უნივერსიტეტს და საბოლოოდ, არ არის იმდენი სამუშაო ადგილი, რამდენიც კურდამთავრებულია“,-  განაცხადა ქეთი ცინცაძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსმა ის პროფესიები დაასახელა, რომლის დაუფლების შემდეგ ყველაზე ხშირად საქმდებიან კურსდამთავრებულები. მისი თქმით, უნივერსიტეტებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა ეს შედეგი.
„სტაჟირების დროს სტუდენტებს იყენებენ უფასოდ, თუნდაც ტექნიკური სამუშაოს შესასრულებლად. შემდეგ მათი დასაქმება არც ისე მაღალია. ყველაზე დიდი რაოდენობით დასაქმებულები არიან ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები, ასევე  ჟურნალისტიკის და ფსიქოლოგიის. საკუთარი პროფესიით დასაქმების მაჩვენებელი ამ პროფესიებში შედარებით მაღალია. დანარჩენ პროფესიებში მიწოდება არის, მოთხოვნა არა. შეუსაბამობა რჩება ისევ ძალაში“, – აღნიშნა ქეთი ცინცაძემ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერის კახაბერ ერაძის თქმით, პროფესიულ განათლებაში მთავარი დამკვეთი არის ბიზნესი. განათლების სამინისტრო კი ბიზნესის დაკვეთის შემსრულებელია. მთელი პროფესიული პროგრამა იმისთვის მუშაობს, რომ ბიზნესს ემსახუროს საბოლოო ჯამში.
„თუ ასეთი მიდგომა გვექნება, განათლება განათლებისთვის და ბიზნესი ბიზნესისთვის, განათლების სისტემა ყოველთვის გვექნება ისე, როგორიც არის დღეს.
„სწორი მიდგომაა: მომეცი შეკვეთა, რა გინდა შენ და მე ამას მოგიმზადებ. ცოდნა ძველდება. ზოგიერთ სფეროში ძალიან მალე ძველდება ცოდნა და იქ საჭიროა პროფესიული გადამზადების პროგრამები“, – აღნიშნა კახა ერაძემ.
მისი თქმით, ბიზნესს აქვს ერთადერთი მოტივატორი, ეს არის მოგების მიღება. რაც შეეხება სტაჟირებას, ბიზნესი ამას უყურებს, როგორც მოგებას.
„არის ბიზნესი, რომელიც აპიარებს, რომ აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, მაგრამ ესეც რეკლამაა. რა უნდა ვქნათ, კანონით შემოვიღოთ სტაჟირების აუცილებლობა? რომ სტუდენტი მიიღოს და ხელფასი გადაუხადოს? არა, ეს ისე ჰარმონიულად უნდა ხდებოდეს და ამაში ბიზნესი სარგებელს ხედავდეს.
„გერმანიასთან შედარებით ჩვენთან ყველაფერი სარკისებურად, უკუღმაა. ეს არის რომ დამკვეთი გახლავთ ბიზნესი. თუნდაც ჩარიცხვა უნივერსიტეტში როგორ ხდება, არა ერთიანი ეროვნული გამოცდებით. მთელი „პარადი“ განათლებისა მიჰყავს ბიზნესს!  რეალურ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება არის ეს. ბიზნესი ითხოვს ძალიან სწრაფად გადამზადებულ სტუდენტს. როდესაც ვადგენთ პროგრამას, დავუძახოთ ბიზნესს და შევეკითხოთ, როგორი კადრი სჭირდება, ჩვენ რომ მოვუმზადოთ და შემდეგ მან დაასაქმოს. თორემ ბიზნესი გეტყვის, რომ სხვანაირად მომზადებული კადრი მას არ სჭირდება!“, – აღნიშნავს ერაძე.
დამსაქმებელთა ასოციაციისვიცეპრეზიდენტი მიხეილ კორძახია კი აცხადებს, რომ საქართველოში შრომის ბაზარზე პრობლემები მთავრობიდან მოდის, რომელსაც „წარმოდგენა არ აქვს, რა არის ჩვენი პერსპექტივები.“
„განათლება არის თავი და თავი ყველაფრის, როგორც წარმატების ასევე წარუმატებლობის. ვინ დათვალა რომ 180 მილიონი უნდა იყოს უმაღლეს განათლებაზე წასული და 30 მილიონი პროფესიულ განათლებაზე? როგორ გათვალეს ეს ნაწილი? მაშინ როდესაც ეკონომიკას არ უნდა მაღალი მატერიალური კვლევები. საკმარისია ნებისმიერ ქუჩაზე გავიდეთ და ვნახოთ, რა მუშაობს და რა უნდა მოითხოვებოდეს იმ ნაწილში.
„გერმანიაში საბავშვო ბაღებში არიან ჩასული და იქიდან იწყებენ პროფორიენტაციას. ჩვენთან პრემიერის დონეზეც არ ესმით, რა არის პროფესიული განათლება, ან დუალური სწავლება. იმ მოდელს, რომელიც ახლა გერმანიაშია, ჩვენ ვერ გადმოვიტანთ.
„შეუძლებელია ეკონომიკას არ მოარგო შენი განათლების სისტემა და შეუძლებელია არ გაიხედო და დაინახო სკოლაში რა პრობლემებია. მეცხრე კლასიდან სკოლიდან ფიზიკას გამოქცეულ მოსწავლეს, კოლეჯში ისევ ფიზიკა არ უნდა დაახვედრო, თითქოს ხარისხს ეძებ იქ და ის ბავშვი დატოვო ქუჩაში. ადამიანი გეხვეწება, რომ ასწავლო ხელობა და მასაც ხელს კრავ. წარმოდგენა არ გვაქვს, რა არის ჩვენი პერსპექტივები! ეგ კი არა, ეკონომიკაში არ გვაქვს წარმოდგენები. ამისთვის, წესით მთავრობა, გვყავს“, – აღნიშნა მიხეილ კორძახიამ.
edu.aris.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment