Wednesday, July 19, 2017

"ენგურის ტურისტული ცენტრის ანალოგი მსოფლიოში მხოლოდ კალიფორნიის შტატში იქნება"

საქართველოს შეემატება ძალიან მასშტაბური და მრავალფუნქციური ტურისტული ზონა - „ენგურჰესის" ტურისტული ცენტრი, რომელიც მსოფლიო დონის ატრაქცია გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ენგურჰესის ტურისტული ზონის კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

პრემიერის განცხადებით, იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ანალოგიც მსოფლიოში მხოლოდ ერთია, კერძოდ, აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე ჰუვერის ჰიდროელექტროსადგური, სადაც ასევე არსებობს მნიშვნელოვანი ტურისტული კომპლექსი. 

"მოგეხსენებათ, დღევანდელი მსოფლიო უდიდეს ყურადღებას უთმობს ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და გადარჩენას. სწორედ ამ პროექტის ხორცშესხმით გვეძლევა დღეს საშუალება, ჩვენც მოვუაროთ და შევინარჩუნოთ ჩვენი ინდუსტრიული მემკვიდრეობა და მეტიც, ღირსშესანიშნაობად ვაქციოთ იგი. საბედნიეროდ, დღეს ჩვენ გვაქვს ყველა თვალსაზრისით სრულიად განსაკუთრებული, უნიკალური „ენგურჰესის" შენობა, რომლის თაღოვანი კაშხალი სიდიდით მეორეა მსოფლიოში და, შესაბამისად, ნამდვილად იმსახურებს ინდუსტრიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს", - განაცხადა პრემიერმა. 

ენგურჰესის" ტურისტული ცენტრის პროექტის კონცეფციის თანახმად, რომელიც მრავალი ადამიანის, სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგია, ტურისტული ინფრასტრუქტურა 157 ჰექტარზე იქნება გაშლილი, მოეწყობა შემეცნებითი და აღმოჩენათა ცენტრი, სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე, საბაგირო გზა, ღია საკონცერტო სივრცე, სანაოსნო ინფრასტრუქტურა, იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალი - 280-მეტრიანი ლიფტი, მდინარე ენგურზე გადასახედები, ასევე - კომპონენტები ექსტრემის მოყვარულებისთვის. 

პროექტის განხორციელების სტრატეგია ევროპის წამყვან კომპანიასთან - „კოკო არქიტექსთან" და გამოცდილ ესტონელ სპეციალისტებთან ერთად შემუშავდა. ასევე, გამოცხადებულია ტენდერი პროექტირებაზე, რისთვისაც სახელმწიფომ 2 მილიონი ლარი გამოყო. 

"სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 50 მილიონი ლარი იქნება და უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება პოტენციურ კერძო ინვესტორებთან. პროექტის მომზადებას დასჭირდება ერთი წელი, რის შემდეგაც დაიწყება უკვე სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები. რამდენიმე წელიწადში, მთლიანად, პროექტირება და მშენებლობა ერთად 5 წელს მოიცავს, ჩვენ გვექნება დასრულებული უმაღლესი დონის ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის ძალიან მნიშვნელოვანი ნიმუში იქნება. ის, რომ ენგურჰესი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ზემო სვანეთის უმნიშვნელოვანეს საგზაო არტერიაზე მდებარეობს, გვაძლევს საფუძველს განვაცხადოთ, რომ ახალი ტურისტული ზონა რეგიონული მნიშვნელობის ტურისტულ ცენტრად იქცევა და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

წინასწარი გათვლებით, ეს ტურისტული ზონა საკმაოდ შემოსავლიანი იქნება და წელიწადში 400 ათასამდე ტურისტს მიიღებს. 

ენგურჰესის ტურისტული ზონის მოწყობის პროცესში მუდმივად იქნება დასაქმებული 200-მდე ადამიანი, პრიორიტეტი ადგილობრივ მოსახლეებს მიენიჭებათ, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კიდევ 100-მდე ადამიანი დასაქმდება. 

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აფხაზი ძმებისადმი პატივისცემა კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

"დღეს, როცა ასე ახლოს ვდგავართ აფხაზეთთან, კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი აფხაზი ძმებისადმი უდიდესი პატივისცემა და სიყვარული, და ნამდვილად, ამაზე საუბარი არასოდეს მომბეზრდება. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენთვის სულერთი არ არის, როგორ ცხოვრობენ ჩვენი აფხაზი ძმები და დები სოხუმსა და გაგრაში, გალსა და ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გუდაუთაში. ჩვენ გვინდა, მათ გავუწოდოთ მეგობრობის ხელი. შეგნებულად არ ვთქვი კიდევ ერთხელ, რადგან ჩვენ, 25 წელია, ჩაკეტილ წრეზედავდივართ და მინდა, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც შეიქმნა და ჩვენს მომავალ თაობებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუტოვოთ. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა და აქვს მყარი პოზიცია ენგურჰესთან დაკავშირებით, რომ ჰესზე გამომუშავებული ენერგიით მარაგდებოდეს აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა. ამ ჟესტით ძალიან ბევრი რამეა ნათქვამი და ეს არის გზავნილი ჩვენი აფხაზი ძმებისთვის. ენგურჰესი შეიძლება ნიმუშადაც გამოვიყენოთ, თუ როგორ შეიძლება ომით გახლეჩილი ურთიერთობები საერთო ინტერესის გარშემო თანამშრომლობით შევცვალოთ, დავძლიოთ შიში, სტერეოტიპები, ხაზს ვუსვამ, სტერეოტიპები, ვინაიდან ეს სტერეოტიპები ძალიან ხშირად ხელს უშლის შერიგების პროცესს. ჩვენ გზა უნდა გავუხსნათ კონსტრუქციულ დიალოგს და თანამშრომლობას. იმედი მაქვს, რომ ახალი ტურისტული ცენტრი, მთელი თავისი შემეცნებითი და გასართობი სივრცეებით, გახდება ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი შვილების შეხვედრის ადგილი, რომლებსაც მივცემთ შანსს, თავად გაიაზრონ და თავად გააკეთონ დასკვნები. მანამდე კი, ვიდრე ჩვენი შვილები ამ ადგილას ერთმანეთს შეხვდებიან, ჩვენ, ჩვენმა თაობამ უნდა შევძლოთ და გულახდილად ვისაუბროთ იმ სიტუაციაზე,რომელშიც ჩვენ დღეს ვართ, რადგან გულახდილობის გარეშე არ არსებობს შერიგება და წარმოუდგენელია,გულწრფელობის გარეშე მოვახერხოთ ჩვენს აფხაზ ძმებსა და დებთან შერიგება. მე ნამდვილად მჯერა, რომ დადგება დრო, როცა ქართველებსა და აფხაზებს ისევ გაგვაერთიანებს საერთო ინტერესები, საერთო მიზანი. მე ნამდვილად არასოდეს ვიტყვი, რომ ურთიერთობა უნდა დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან მდიდარი ურთიერთობის, ძმობის, მეგობრობის, ისტორია და რა თქმა უნდა, ჩვენი მომაცვალი ურთირთობებიც ამ ძალიან მჭიდრო ურთიერთობების ისტორიაზე უნდა დავაშენოთ. იტომ,კიდევ ერთხელ მინდა, ხაზიგავუსვა, რომ მიზანი, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს, პირველ რიგში არის ჩვენი შვილების ერთად ცხოვრება, მათი ბედნიერი მომავალი და გაერთიანებული, გაბრწყინებული საერთო სამშობლო, რომელსაც ჩვენი საქართველო ჰქვია. დარწმუნებული ვარ, ეს ადგილი, სადაც ვიმყოფებით, ყველლა ჩვენგანისთვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ადგილი იქნება", - აღნიშნა პრემიერმა.
http://www.bm.ge/

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment