Sunday, January 15, 2017

თბილისში, ნასარიძეების ოჯახში ლადო ასათიანის უცნობი ლექსი და ფაქსიმილე აღმოჩნდა

ლადო ასათიანის უცნობი ლექსის ფაქსიმილე კომაროვის სკოლის მოსწავლემ ნიკუშა ნასარიძემ მისი აწ განსვენებული  ბაბუის, გურამ ნასარიძის არქივში აღმოაჩინა.
ლექსი “გალაკტიონს” 1939 წლით არის დათარიღებული . როგორც “ფოსტალიონს” ნიკუშა ნასარიძის ბებიამ. ლედი სვანიძემ განუცხადა, ლექსის შესახებ მხოლოდ ის ახსოვს, რომ ბ-ნ გურამს ის მისმა ებრაელმა მეგობარმა დაუტოვა ისრაელში საცხოვრებლად გადასვლის წინ.

გალაკტიონს

საქართველოში შენს გარდა მგოსანს 
დღეს ქების შაირს არ ვეტყვი არა!
შენა ხარ ლექსის მეორედ მოსვლა
და რომ არ გითხრა, ივარგებს განა?
ხან ამაყი ხარ, გულანათრთოლი
ხან კი ბავშვივით ხარ დარცხვენილი
ხან მოცახცახე ვერხვის ფოთოლი
შემოდგომისას ძირს დაცვენილი
რით გაგაკვირვო? რით გაქო? ბოლოს
ერთს გეტყვი მარტო შეგირდი შენი
ჩვენში მგოსანი შენა ხარ მხოლოდ 
რომ სიცოცხლე და ლექსები შვენის!


1939. ლადო ასათიანი

postalioni.com

სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი დამტკიცდა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების ახალი წესი დამტკიცდა, მისი წინამდებარე 2012 წელს მიღებული კი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ბრძანებას ხელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აწერს.
წესში მოცემულია სკოლისა და სამინისტროს როლის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის, მისთვის სტატუსის შეჩერებისა და აღდგენის პროცედურისას.
რას გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი:
როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, ეს წესი განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – სკოლა) მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესსა და პირობებს.
საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრა
1. საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობას, სექტორების მიხედვით განსაზღვრავს შესაბამისი საჯარო სკოლა, სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. სექტორების შესაბამისად საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრის ვადები დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. საჯარო სკოლა ვალდებულია სექტორების შესაბამისად პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის შესახებ მონაცემები ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ფარგლებში.
4. ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა) ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო სკოლების და სექტორების შესაბამისად საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის შესახებ მონაცემების მართვის სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის რეგისტრაცია
1. საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლეთა რიცხოვნობის ფარგლებში, მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმის/ფორმების შესაბამისად.
2. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ეტაპებზე საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად ელექტრონული რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. რეგისტრაცია ხორციელდება სამ ეტაპად:
ა) პირველ ეტაპზე – იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ საჯარო სკოლაში, რომელთა მშობელი/მეურვე/მზრუნველი ამ საჯარო სკოლის თანამშრომელია, რომელთა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;
ბ) მეორე ეტაპზე – იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა წრეს (საყოველთაო რეგისტრაცია);
გ) მესამე ეტაპზე – ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების საჯარო სკოლაში წარუდგენლობის გამო გამოთავისუფლებულ ან თავისუფალ ადგილებზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ის საჯარო სკოლა, სადაც მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს სურს რომ ჩაირიცხოს მოსწავლე.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რეგისტრაციას ახორციელებს პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
6. რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო სკოლაში.
7. რეგისტრაციის სამივე ეტაპის ვადის ამოწურვამდე მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია გააუქმოს რეგისტრაცია მართვის სისტემის მიერ რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით და ამავე ვადაში განახორციელოს ხელახალი რეგისტრაცია.
საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვა
1. საჯარო სკოლა ვალდებულია, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ დოკუმენტების წარდგენიდან ორ სამუშაო დღეში განიხილოს დოკუმენტაცია და:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი ღილაკის გამოყენებით დაადასტუროს, კანონმდებლობით დადგენილი, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება;
ბ) შეუსაბამო ან არასრული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, დამატებით განუსაზღვროს ვადა ხარვეზის აღმოფხვრისთვის, არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა;
გ) დასაბუთებული უარი განუცხადოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს წარდგენილი დოკუმენტაციის მიღებაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჯარო სკოლის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ.
3. საჯარო სკოლა ვალდებულია, პირველ კლასში ჩარიცხული მოსწავლის/მოსწავლეების შესახებ ინფორმაცია და ამ მოსწავლის/მოსწავლეების პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი სასწავლო წლის დაწყებამდე.
4. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლაში პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, ავტომატურად უქმდება რეგისტრაცია.
მოსწავლის სტატუსის შეჩერება
1. სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში და არ იღებს შეფასებას;
ბ) მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას;
გ) სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, არ აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული დაფინანსება და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;
დ) არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სკოლის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსწავლის სტატუსის შეჩერების თაობაზე.
3. სკოლა ვალდებულია, მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ორი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტი და ინფორმაცია მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.
4. მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საუძველზე, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა მოსწავლის პირად საქმეში არსებული მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი (არსებობის შემთხვევაში) მოსწავლის სტატუსის შეჩერების პერიოდით, ხოლო პირად საქმეში რჩება მოსწავლის დაბადების მოწმობის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი.
მოსწავლის შეჩერებული სტატუსის აღდგენა
1. მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა უნდა მიმართოს იმ სკოლას, რომელმაც შეუჩერა მოსწავლეს სტატუსი ან მის უფლებამონაცვლეს.
2. იმ შემთხვევაში, თუ სკოლამ შეწყვიტა საგანმანათლებლო საქმიანობა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე, მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა, უნდა მიმართოს იმ სკოლას, სადაც სურს სწავლის გაგრძელება.
3. მოსწავლეს აღუდგება მოსწავლის სტატუსი იმავე კლასში, სადაც შეუჩერდა სტატუსი.
4. იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება მოსწავლის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომდევნო კლასის/კლასების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის ფაქტი, მას სტატუსი აღუდგება შესაბამის კლასში.
5. მოსწავლის სტატუსის აღდგენა ხდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. მოსწავლის სტატუსის აღდგენის შესახებ ინფორმაცია სკოლამ უნდა ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.

ინფორმაცია კერძო სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის წესსა და სამინისტროს როლზე დეტალურად იხილეთ ბმულზე

სროლა გორის ცენტრში - ბიზნესმენი საკუთარ ოფისში ჩაცხრილეს


გორში ბიზნესმენი ჩაცხრილეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ქალაქის ცენტრში წერეთლის ქუჩაზე, ერთ-ერთი გავლენიანი ოჯახის, გოგიჩაიშვილების წარმომადგენელი გურამ გოგიჩაიშვილი საკუთარ ოფისში მოკლეს. მოკლულის ძმა გორში გავლენიანი პირი, ბორია გოგიჩაიშვილია. მას საკუთარი ბიზნესი და რამდენიმე ქარხანა აქვს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
ეს გოგიჩაიშვილების ოჯახში მკვლელობის უკვე მეორე შემთხვეაა. მანამდე ერთ-ერთი ძმა რესტორანში მოკლეს. 

Friday, January 13, 2017

ძალიან სასიხარულო ამბავი გამოვაცხადეთ – ჯეჯელავა

“განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა” – ამ სახელწოდების პრეზენტაცია გამართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
“დღეს, ძალიან სასიხარულო ამბავი გამოვაცხადეთ. ეს არის განათლების ახალი შანსი. საუბარია, იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც მიზეზების გამო ვერ მიიღეს სასკოლო განათლება, მიატოვეს სკოლა, ან ფიზიკურად არ ჰქონდათ სწავლის საშუალება. ჩვენ ვქმნით სისტემას, რომლითაც ასეთ ადამიანებს დავაბრუნებთ სკოლაში. 80 ბავშვი უკვე ვიპოვეთ და შევიყვანეთ დაწესებულებაში, რის შემდეგაც გააგრძელებენ სკოლაში სწავლას. მათ შორის საუბარია ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებმაც მიზეზთა გამო წარსულში ვერ მიიღეს სასკოლო განათლება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ, ნაბიჯი პროფესიული და პიროვნული თავისუფლებისკენ, რომელიც არის ჩვენი მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ფუძემდებელი პრინციპი.
აღნიშნულ საკითხზე სამინისტრო UNICEF-თან ერთად მუშაობს. ყველა მოქალაქეს შეუძლია სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკოს და აცნობოს ისეთი ბავშვების შესახებ, რომლებიც რიგი მიზეზების გამო სკოლებში ვერ დადიან.
პროგრამაში ჩაერთვება ნებისმიერი ადამიანი, შეიძლება ბავშვი ქუჩაში ცხოვრობდეს და სკოლაში ვერ დადიოდეს, ან ადრეული ქორწინების გამო ვერ მოახერხა სკოლის დამთავრება. ასაკობრივი შეზღუდვა არ არის – მოქალაქემ, რომელმაც ვერ მოახერხა სასკოლო განათლებს მიღება თავის დროზე, შეუძლია ჩაერთოს ამ პროექტში. ასეთი ადამიანებისთვის ინდივიდუალური პროგრამები იქნება, ისინი არ ისხდებიან უმცროს კლასელებთან ერთად. მომავალში ტექნოლოგიურ სწავლებას გამოვიყენებთ და დისტანციური სწავლება იქნება”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, პირველ რიგში, მოხდება იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომლებიც არ დადიან სკოლებში;
შესაძლებელი გახდება იმ მოსწავლეების დროული აღმოჩენა და პრევენცია, რომლებმაც ოჯახური თუ სხვა პირობების გამო, შეიძლება ვერ დაამთავრონ სავალდებულო 9 კლასი; ამოქმედდება სასწავლო პროგრამები მიუსაფარი ბავშვებისთვის; სავალდებულო 9 კლასის ატესტატის არმქონე პირებისთვის შემუშავდება ზოგადი განათლების ისეთი პროგრამები, რაც პროფესიული განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების წინაპირობა გახდება.

Friday, January 6, 2017

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების საბოლოო ვარიანტი დაამტკიცა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების საბოლოო ვარიანტი დაამტკიცა.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მინისტრის ბრძანება #68 ძალაშია ხელმოწერისთანავე

იხილეთ ბრძანება და დამტკიცებული პროგრამები

Tuesday, January 3, 2017

მინისტრის ბრძანება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №176/ნ
2016 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი

„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების  დაწყებისა და დასრულების   თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი,  №114, 09/09/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1.  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვროს 15 სექტემბერი, ხოლო  დასრულების თარიღად  - 15 ივნისი. იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყოს 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვროს 15 ივნისის წინა პარასკევი.“.
2. მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდეს 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდეს 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.
4. ზამთრის არდადეგები განისაზღვროს 30 დეკემბერიდან  15 იანვრამდე.
5. საგაზაფხულო არდადეგები განისაზღვროს 8 მარტიდან 15 მარტამდე.“.
3. მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51) ზაფხულის არდადეგები განისაზღვროს 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა

Monday, January 2, 2017

მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების შესახებ ბრძანებაში ცვლილება 1 იანვრიდან უკვე ძალაშია

საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების შესახებ ბრძანებაში ცვლილება 1 იანვრიდან უკვე ძალაშია.
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილებას ხელს აწერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.
როგორც ცნობილი იყო, ცვლილება პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლლების ანაზღაურებას უნდა შეხებოდა.
ბრძანებაში ვკითხულობთ:
1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:
ა) უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 320 ლარით;
ბ) წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 500 ლარით;
გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის განისაზღვრება 700 ლარით.“
2. მე-13 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის ,,ა”, ,,ბ” და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (542.70 +141.75+320.00=1,004.45 ლარი), ანუ მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 1,004.45 ლარს.“
ბ) მე-3 პუნქტის:
ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)   542.70+320.00= 862.70 ლარი;“;
ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები 862.70+141.75=1,004.45 ლარი.“
მასწავლებლის ხელფასი სერტიფიცირებაზე იყოს დამოკიდებული და არა დატვირთვაზე – ოპოზიციის მოთხოვნა მინისტრს
,,2017 წლის იანვრის ცვლილების შედეგდეგად, ყველაზე მაღლი საფეხურის პედაგოგებს ხელფასი ექნებათ 1 100 ლარი”
რომელ მასწავლებლებს გაეზრდებათ ანაზღაურება 2017 წლის 1 იანვრიდან