Friday, May 2, 2014

სკოლებში მასწავლებლისა და დირექტორის ეთიკის, ასევე მოსწავლის ქცევის განახლებული კოდექსი ამოქმედდება


სკოლებში მასწავლებლისა და დირექტორის ეთიკის, ასევე მოსწავლის ქცევის განახლებული კოდექსი ამოქმედდებაახალი სასწავლო წლიდან სკოლის მასწავლებლის და დირექტორის ეთიკის, ასევე მოსწავლის ქცევის განახლებული კოდექსები ამოქმედდება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, მასწავლებლისა და დირექტორის ეთიკის კოდექსსა და მოსწავლის ქცევის კოდექსის ცვლილებაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. განახლებული დოკუმენტის შემუშავებაში აქტიურად არიან ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატი. მკვეთრად არის გამოყოფილი ისეთი საკითხები, როგორიცაა რელიგიური შემწყნარებლობა, ბავშვთა უფლებების დაცვა, არაძალადობრივი ქმედებების იდენტიფიცირება.

განახლებული ეთიკის კოდექსის საფუძველზე, ყველა სკოლას შინაგანაწესის შემუშავება დაევალება, რომლის მიხდევითაც ეთიკის კოდექსის დაცვა გაკონტროლდება. ცნობილია ისიც, რომ ამ ეტაპზე, არსებულ კოდექსს რაიმე კონტროლის მექანიზმი არ გააჩნია.

რატომ დადგა დღის წესრიგში არსებული კოდექსების ცვლილება, რა შედეგები აჩვენა ჩატარებულმა კვლევებმა და რა ჩაიწერება ეთიკის და ქცევის განახლებულ კოდექსებში? ამ საკითხებზე Aris.ge-განათლებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ელბაქიძე ესაუბრა, რომელიც მუშაობის პროცესს ხელმძღვანელობს.

– ქალბატონი ნინო, რა არის მასწავლებლისა და დირექტორის, ასევე მოსწავლის ქცევის ეთიკის კოდექსის ცვლილების მიზანი და რატომ გახდა ეს თემა აქტუალური?


– ეთიკისა და ქცევის კოდექსების დანიშნულებაა, სკოლაში დადებითი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას ხელი შეუწყოს. კოდექსები სკოლება ეხმარება, რათა შინაგანაწესი აღნიშნულ დოკუმენტებს დაეფუძნოს. სკოლას შესაძლებლობა აქვს შინაგანაწესი უფრო დააკონკრეტოს, მასში დამატებითი მოთხოვნები ჩაამატოს, მაგრამ ეთიკისა და ქცევის კოდექსები მასწავლებლის, დირექტორისა და მოსწავლისათვის მოქმედების საფუძველი და შესასრულებელი მინიმუმია. ვერსიები მასწავლებლებთან, დირექტორებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა. ჩატარდა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა გამოერკვია, რა სახის ეთიკური პრობლემები არსებობს ან შეიძლება იყოს სასკოლო ცხოვრებაში მასწავლებელსა და მოსწავლეს, მასწავლებლებს ან დირექციასა და მოსწავლეებს შორის. კოდექსები სწორედ ჩატარებულ კვლევას დაეფუძნა.

–კვლევის პროცესში, კონკრეტულად რა სახის ეთიკური პრობლემები გამოიკვეთა?

– ძირითადი ტენდენციები ასეთი იყო – მაგალითისთვის, მოსწავლეების მხრიდან მთავარი მოთხოვნა იყო, რომ მასწავლებელი მათ პატივისცემით მოქცეოდა, სურთ, რომ მათთვის პედაგოგი რეკომდაციების მომცემი და ფასილიტატორი იყოს. თავის მხრივ, მასწავლებლებს სურთ, რომ სკოლის ხელმძღვანელობამ მათი, თანამშრომლობისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებს ხელი შეუწყოს. სკოლის ხელმძღვანელებს კი სურვილი აქვთ, რომ მასწავლებლები სკოლის განვითარებისთვის ღონისძიებებში ჩართული იყვნენ. მშობლებთან შეხვედრებმა აჩვენა, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა, მასწავლებელს შესაძლებლობა ჰქონდეს, თითოეული მოსწავლის საჭიროებაზე ორიენტირებული იყოს და სასწავლო პროცესში მათი შვილების ინდივიდუალური საგანამათლებლო საჭიროება გათვალისწინებული იქნას.

– რა ძირითადი საკითხები განიხილება კოდექსის დამუშავების პროცესში და კონკრეტულად რა მიმართულებების გათვალისწინება მოუწევს დირექტორს, პედაგოგსა და მოსწავლეს? რა ქმედება ჩაითვლება კოდექსის დარღვევად?

– ეთიკის კოდექსზე მუშაობისას, ძალიან მნიშვნელოვანია აქცენტები იქნას გამახვილებული ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბავშვის უფლებების დაცვა, სკოლის თავისუფლება პოლიტიკური და რელიგიური პროპაგანდისგან, მასწავლებელთა შორის ურთიერთთანამშრომლობა და სხვ. ეთიკის კოდექსები იმგვარად არის ფორმულირებული, რომ დაცული იქნას ყველა მხარის – მასწავლებლის, სკოლის ხელმძღვანელისა და მოსწავლის ინტერესები. მაგალითად, მასწავლებელს თუ მოეთხოვება, რომ მოსწავლეს არ მიაყენოს ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა ან არ განახორციელოს მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, თავის მხრივ მოსწავლეს მოეთხოვება, რომ თავაზიანი იყოს მასწავლებლის მიმართ და სასწავლო პროცესს ხელი არ შეუშლოს. სკოლის დირექტორს ევალება, რომ თანასწორად, პატივისცემით მოეპყროს მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა. ხოლო მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მიხედვით, პედაგოგი "თანამშრომლობს დირექციასთან და თავისი წვლილი შეაქვს სკოლის განვითარებისათვის დაგეგმილ ღონისძიებებში".

– რა ტიპის სახდელები იქნება გათვალისწინებული კოდექსის დარღვევის შემთხვევაში და ვინ არის გადაცდომის დამდგენი პირი? 

– მასწავლებლისა და სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსებსა და მოსწავლის ქცევის კოდექსს სკოლებისათვის სარეკომენდაციო ფუნქცია აქვს, რომელთა საფუძველზეც სკოლებმა სკოლის შინაგანაწესი თავად უნდა შექმნან. სკოლის დირექცია მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან თანამშრომლობით დაადგენს, რა გადაცდომის შემთხვევაში, რა სანქციას გაითვალისწინებს – იქნება ეს სიტყვიერი, წერილობითი გაფრთხილება, საყვედური თუ სხვა სახის უფრო მკაცრი სახდელი. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, კანონმდებლობა ჩაერთვება. ეთიკის კოდექსს ზოგადად არ აქვს სადამსჯელო ფუნქცია, ეს არის რეკომენდაციები თუ როგორ უნდა გახდეს სასწავლო და სამუშაო გარემო ურთიერთშეთანმხებული, პოზიტიური და ეფექტის მომტანი.

– რა უფლებები რჩება პედაგოგს, მოსწავლესა და დირექტორს იმ შემთხვევაში თუ ის არ ეთანხმება სანქციას?

– უფლება აქვს საკუთარი პოზიცია ადვოკატის მეშვეობით დაიცვას.

– და ბოლოს, როდის უნდა დასრულდეს მასწავლებლისა და დირექტორის ეთიკის კოდექსებზე და მოსწავლის ქცევის კოდექსზე მუშაობა, როდის შევა ის ძალაში?

– ამჟამად, ეთიკის კოდექსების სამუშაო ვერსიის განხილვა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან მიმდინარეობს. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, განათლების სპეციალსიტებთან, მოქმედ მასწავლებლებთან, სკოლის დირექტორებთან და ფსიქოლოგებთან. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ეთიკისა და ქცევის კოდექსების პროექტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს. სავარაუდოდ, კოდექსების განახლებული ვერსია ახალი სასწავლო წლიდან იქნება ძალაში.

გელა არის© მამულაშვილი

No comments:

Post a Comment