Thursday, May 8, 2014

სწავლის დაწყების თარიღი არ შეიცვლება, თუმცა სასწავლო წელი გაიზრდება, არდადეგები კი შემცირდება

სწავლის დაწყების თარიღი არ შეიცვლება, თუმცა სასწავლო წელი გაიზრდება, არდადეგები კი შემცირდებაგაზრდილი სასწავლო წელი, ზამთრის შემცირებული არდადეგები და სწავლის დაწყების შეცვლილი თარიღი - ეს ის სიახლეებია, რომელსაც განათლების სამინისტრო ეროვნულ სასწავლო გეგმაში მომავალი წლისთვის ამზადებს, თუმცა სწავლის დაწყების თარიღის განსაზღვრა ის საკითხია, რომელზეც სამინისტრო ჯერ არ ჩამოყალიბებულა. 

მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები მომდევნო სასწავლო წლის დაწყების თარიღით ინტერესდებიან და დაგეგმილ სიახლეებს კრიტიკულად აფასებენ. ზოგიერთისთვის სწავლის დაწყების თარიღის გადმოწევა საბჭოთა დროის გადმონაშთია. იმასაც ამბობენ, რომ ვადების გაზრდა შედეგის განმსაზღვრელი ვერ იქნება და სამინისტროს სწავლების ხარისხის გაზრდაზე მიუთითებენ.


დაიწყება თუ არა სწავლა 15-ის ნაცვლად 1 სექტემბერს?! რატომ იზრდება სასწავლო წლის ხანგრძლივობა და როდის დასრულდება სასწავლო პროცესი უკვე მომავალ წელს?! - ამ კითხვებზეAris.ge- განათლებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა უპასუხა.


- ქალბატონო ლია, სასწავლო წლის ხანგრძლივობა იზრდება, რამ განაპირობა ეს ცვლილება?


- სასწავლო წლის გაზრდის ორი მიზეზი არსებობს: ერთი ის, რომ ის შესაბამისობაში მოსულიყო საერთაშორისო სტანდარტთან და მეორე - მუდმივად იყო პრეტენზია, რომ დღემდე არსებულ ვადებში სავალდებულო პროგრამის დაძლევა ვერ ესწრებოდა. ეს რეალური პრობლემაა. ორი წლის წინ ხელოვნურად შემცირდა სასწავლო პერიოდი და 36-კვირიანი სასწავლო პროცესი 34-კვირიანი გახდა. ჩვენ ვუბრუნდებით 36-კვირიან სწავლებას. საერთაშორისო სტანდარტიც 36-40 კვირაა. 


- გავრცელდა ხმები, რომ შესაძლოა, სკოლები ორის ნაცვლად სამ სემესტრიან სწავლებაზეც გადავიდნენ, ეს სიმართლეა?


- არა, ეს ხმა არ შეესაბამება რეალობას. სემესტრების განრიგი არ შეიცვლება და სწავლა ისევ ორ სემესტრში იქნება. უბრალოდ შემცირდება არდადეგების დღეების რაოდენობა.


- მნიშვნელოვნად შემცირდება?


- არა, სულ რამდენიმე დღეზეა საუბარი, არდადეგებს ბევრი დღე არ მოაკლდება. სასწავლო დღეების რაოდენობა კი 180 გახდება. 


- ცნობილია თუ არა, როდის დაიწყება სწავლა? ითქვა, რომ პირველ სექტემბერს..


- სწავლა პირველ სექტემბერს არ დაიწყება. დაწყების თარიღი უფრო 10 სექტემბერს განისაზღვრება. ეს დოკუმენტი ჯერ სამუშაო ფორმატშია. სავარაუდოდ, სწავლა ათის შემდეგ პირველ ორშაბათს დაიწყება. (ცნობისთვის: ათი რიცხვის შემდეგ პირველი ორშაბათი 15 სექტემბერია ე.წ.)


- რაც შეეხება სწავლის დასრულების თარიღს... პედაგოგები შიშობენ, რომ მათ ზაფხულის ცხელ დღეებშიც მოუწევთ მუშაობა..


- არა, პირიქით. სწავლა უფრო ადრე დამთავრდება, ვიდრე აქამდე. დღემდე არსებული წესით, სწავლა 15 ივნისს სრულდებოდა. არადა, ამ პერიოდისთვის უკვე ძალიან ცხელა, სკოლებს კი კონდიცირების საშუალება არ აქვთ. ამ ინფრასტრუქტურული, ტექნიკური პრობლემების მოგვარება კი ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამიტომაც სწავლის დასრულების თარიღი გადმოიწევს.


ეკა არის© წივწივაძე

1 comment:

  1. ჩემის აზრით სწავლების ხარისხის გაუმჯობესება ბევრადაა დამოკიდებული სახელმძღვანელოების დონეზე. საინტერესოა ამ კუთხით რის გაკეთებას აპირებთ?.არა და არსებული სახელმძღვანელოები ხანდახან ზედმეტად მარტივი ტესტების სიუხვით უინტერესოც კი ხდება მოსწავლეებისათვის. სხვა პარაგრაფში კი სირთულის გამო ვერ დგანან სათანადო დონეზე, რათა გასცენ მოთხოვნის შესაფერისი პასუხი., რაც შეეხება სასწავლო დროს ზამთრის არდადეგები წელიწადის ყველაზე მკაცრ კლიმატს ემთხვევა საქართველოში და მისი შემცირებით სწავლების პროცესის გაუმჯობესების მეეჭვება. ჩვენ ხომ გონებრივ შრომასთან გვაქვს საქმე, ხოდა გონებას ხანდახან დასვენებაც სჭირდება.

    ReplyDelete