ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა პირველმა მასწავლებელმა, კომენტარის გაკეთება არ ისურვა, რადგან მისი თქმით, ნათესავის გასვენებაში აგვიანდებოდა.
,,კომენტარს ვერ გავაკეთებ, მეჩქარება. ნათესავის გასვენებაში მაგვიანდება და მაგიტომ გამოვედი ადრე“, – გვითხრა მან. (ხუთშაბათი, 13 ივლისი. ავტ.)
დაწყებითი კლასების მასწავლებელმა მაკა ჩაჩუამ კი გვითხრა, რომ გამოცდა რთული იყო და დაწყებითების მასწავლებლისთვის შეუსაბამო.
მისივე განცხადებით, ჩაჭრის შემთხვევაში მშობლებს შორის კულუარული საუბრები მიმდინარეობს და მასწავლებელს არაკომპეტენტურად მიიჩნევენ რაც უსიამოვნოა.
„იოლი არ ყოფილა, ტესტები საკმაოდ რთული იყო. ანალიტიკური თემა მოსწავლის არასასურველი ქცევების შესახებ შემხვდა, კონკრეტულად კი საზოგადოების დამოკიდებულება მსგავსი ქცევების მქონე ბავშვებისადმი და როგორ უნდა ვაკონტროლოთ ასეთი ბავშვები. წაკითხულის გააზრებაც ძალიან რთული იყო. ისიც ასეთი ქცევის ბავშვებს ეხებოდა. განსაკუთრებით რთული ქართული გრამატიკის ნაწილი აღმოჩნდა. ისეთი საკითხები შემხვდა, რომელიც დაწყებითებს საერთოდ არ სჭირდება. 7 საგნის ჩაბარება გვიწევს ერთდროულად. უნდა გავიმეოროთ, ვისწავლოთ და ჩავაბაროთ. კარგი იქნება, თუ ბარიერს დაწევენ და ცოტას გააიოლებენ. წელს უკვე მეორედ გავედი, შარშან წინ 3 ქულა დამაკლდა 58 ქულა ავიღე.
„ჯეჯელავას იმ გადაწყვეტილებას მივესალმები – ჩაჭრილი მასწავლებელი არ უნდა არსებობდესო რომ თქვა. დაწყებითის მოსწავლე მასწავლებელს ვერასდროს ეტყვის, შენ ჩაიჭერიო. მაგრამ მშობლების მხრიდან არის რაღაც ფარული, ზოგჯერ არაფარული მინიშნებაც იმაზე, რომ მასწავლებელმა გამოცდა ვერ ჩააბარა. ეს არასასურველია“, – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან დაწყებითი კლასის მასწავლებელმა.
მასწავლებლების ნაწილმა, გამოცდების ფორმა – ნაწილობრივ ელექტრონული საგამოცდო პროცესი და კრედიტქულების მიღების პრინციპიც გააკრიტიკა.
„ზოგადად სიახლის შემოტანა განათლების სისტემაში კარგია, ვითარდები და აუცილებელიცაა. მაგრამ გამოცდის სახით, ისე, რომ მასწავლებელს გამოცდა უწევდეს მთელი მისი ცხოვრება, ქულებს დაგროვება და ამით ვიღაცასთან ანგარიშის ჩაბარება, ეს არ მიმაჩნია სწორად. თორემ ის რომ სიახლე უნდა დაინერგოს, ამის მომხრე ყველაა, მაგრამ არა ამ ფორმით. მთელი ცხოვრება უნდა ვებრძოლოთ ჩვენ თავს – ვარ თუ არა? ვიცი თუ არა? და ასეთი რაღაცები ჩემთვის მიუღებელია. მაგალითად დღევანდელ გამოცდაზე რთული საკითხები შემხვდა. ჩვენ დაწყებითებში ნაკლებად გვაქვს ისეთ საკითხებთან შეხება, რაც ტესტებში იყო მოცემული. როგორც ჩანს, უფრო მეტს გვთხოვენ დაწყებითებს“, – გვითხრა ნინო ჟორჟოლიანმა.
ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულ მასწავლებლებს გარეთ ის აპლიკანტები ელოდნენ რომლებიც გამოცდას იმავე საგანში, თუმცა მოგვიანებით აბარებდნენ.
ისინი გამოცდიდან გამოსულებს ტესტების გახსენებას თხოვდნენ და საკითხებს ინიშნავდნენ. მაგალითად ერთ-ერთი მასწავლებელი აქტიურად ცდილობდა გაეგო, რა თემა იყო ანალიტიკურ წერაში, რადგან როგორც თავად ამბობდა, იმავე საგნის შემდეგ გამოცდაზეც იგივე დარჩებოდა.
გამოცდები არა, თუმცა მასწავლებელთა ტრენინგებზე სიარული გააკრიტიკა ერთ-ერთი აპლიკანტის მშობელმა EDU.ARIS.GE–სთან. მისი თქმით, პედაგოგები ქულების დაგროვებაზე ფიქრობენ და მოსწავლეები უყურადღებოდ რჩებათ.
“ტრენინგებზე დადიან, არიქა ქულა მოვაგროვოთ, ქულა მოვაგროვოთო და ბავშვები ამასობაში უსწავლელი და უყურადღებოდ რჩებიან. მასწავლებლები მიმართული არიან იქეთკენ, რომ ქულები დააგროვონ. ტრენინგებზე დადიან. ზოგს სძინავს იქ, ზოგი დადის, ზოგი არ ესწრება. მასწავლებელი უნდა გავიდეს გამოცდაზე და მისი ცოდნა შეფასდეს. ნამდვილად არაა ცუდი ეს გამოცდა”, – განაცხადა ერთ-ერთი აპლიკანტის მშობელმა.
ქუთაისში გუშინ და დღეს დაწყებითი კლასების მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა 30% გამოცდაზე არ გამოცხადებულა.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment