Tuesday, July 11, 2017

პროკურორი: დეკანოზმა ჩხრეკისას იმ ნივთის გვერდზე გადადება სცადა, რომელშიც ციანიდს მალავდა

დეკანოზ გიორგი მამალაძის დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, რომ პროცესზე გამომძიებლებმა დეტალურად გაიხსენეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და თქვეს, რომ ყველაფერი კანონის სრული დაცვით განხორციელდა. 
პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ ისიც განაცხადა, რომ დეკანოზმა მამალაძემ ბარგის ჩხრეკისას სცადა შეუმჩნევლად გადაედო გვერდზე ის ნივთი, რომელშიც ნატრიუმის ციანიდს მალავდა.
"გამომძიებლებმა გაიხსენეს, რომ ბრალდებულმა თავად ამოიღო ტანსაცმლის საწმენდი ნივთი, რომელიც საკუთარი ინიციატივით დაშალა, შემდეგ ამოიღო ფეხსაცმლის საწმენდი სპრეი, რომლის გვერდზე გადადებას შეეცადა გაუხსნელად, თუმცა, გამომძიებლების მოთხოვნის შემდეგ მოხადა თავი, საიდანაც გადმოვარდა პოლიეთილენის პარკში გახვეული ნატრიუმის ციანიდი. ამის შემდეგ ბრალდებულმა დამსწრე ადვოკატს განუცხადა, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო და მისი დახმარება არ სჭირდებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ადვოკატთან გაიარა კონსულტაცია და მხოლოდ საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ მოიფიქრა, თითქოსდა ეს ნივთიერება მისი არ იყო. მანამდე არავითარი განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებოთ არ გაუკეთებია", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
ამასთან, პროკურორი დეკანოზის ბარგის გარკვეული პერიოდით გაუჩინარებასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ ბრალდების მხარისთვის მთავარი ის ფაქტია, რომლითაც ლუქისა და პოლიეთილენის პარკის დაურღვეველი მთლიანობა დასტურდება.
პროკურორის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ასევე მოწმე სოსო ნადარეიშვილი, რომლისგანაც საქმის მასალების მიხედვით, ციანიდამდე დეკანოზი გველის შხამს ითხოვდა. პროკურორი ამბობს, რომ როდესაც ნადარეიშვილმა შხამის ჩამოტანის რთული საბაჟო პროცედურები განუმარტა, დეკანოზი გველის შხამით აღარ დაინტერესებულა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment