Saturday, January 5, 2019

გიბრუნდება თუ არა თანხა, როცა ორმოცი/მეტი წლის ხარ და დაგროვებითი პენსიის სქემიდან გამოხვედი


დასაქმებულს, რომელიც 2019 წლის პირველი იანვრისთვის იყო 40 და მეტი წლის, მაგრამ არ სურს იყოს დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილე, შეუძლია, 2019 წლის პირველი აპრილიდან პირველ ივნისამდე პერიოდში, მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს სქემიდან. პირველი ივნისის შემდეგ კი მას სქემიდან გასვლის უფლება აღარ ექნება და ავტომატურად დარჩება ამ სქემის მონაწილედ.
დაგროვებითი პენსიის სქემაში ჩართვა სქემიდან გამოსულ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოსვლა აღარ.
სქემიდან გასვლის უფლება არ აქვთ იმ დასაქმებულებს, რომლებსაც 2019 წლის პირველი იანვრისთვის არ შესრულებიათ 40 წელი.
რაც შეეხება საპენსიო შენატანს [ხელფასის 2% თვეში], რომელიც დამსაქმებელს შეაქვს დასაქმებულის სახელით მის საპენსიო ანგარიშზე – სქემიდან გასვლის შემთხვევაში, შეტანილი თანხა, შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაიბეგრება და უკან დაუბრუნდება დასაქმებულს. თანხის დაბრუნების წესს საპენსიო სააგენტო განსაზღვრავს.
💢💢ანუ, თუ თქვენ პირველი იანვრისთვის იყავით 40 ან მეტი წლის, ამასთან თქვენი დაუბეგრავი ხელფასი არის 1000 ლარი და მაისის ბოლოს გადაწყვიტეთ გახვიდეთ სქემიდან, თქვენს საპენსიო ანგარიშზე ჯამში შეტანილი 100 ლარიდან [20-20 ლარი ყოველთვიურად], უკან დაგიბრუნდებათ 80 ლარამდე [საშემოსავლოსა და მომსახურების თანხის გამოკლებით].
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე შეტანილ თანხას [2-2%] უკან დაიბრუნებს დამსაქმებელიც და სახელმწიფო ხაზინაც, იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე უარს იტყვის სქემაში მონაწილეობაზე.
 დაგროვებით საპენსიო სქემაში 2019 წლის პირველი იანვრიდან ავტომატურად ჩაერთო ყველა დასაქმებული – 60 წლამდე კაცები და 55 წლამდე ქალები. ეს კანონის მოთხოვნაა და დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის 2%-ს დამსაქმებელი მის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად გადარიცხავს მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში. ასე გაგრძელდება მომდევნო თვეებშიც, თუ დასაქმებული მიმდინარე წლის აპრილში ან მაისში არ გამოვა სქემიდან.
რაც შეეხება 60-დან 65 წლამდე კაცებს და 55-დან 60 წლამდე ქალებს, მათ საშუალება აქვთ დაგროვებითი პენსიის სქემაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართონ საპენსიო სააგენტოს.
http://batumelebi.netgazeti.ge 

პირველკლასელთა რეგისტრაციის ეტაპებს მეოთხე ეტაპიც დაემატა – ცვლილება კანონში და სკოლების ვალდებულებები

ცვლილება შევიდა „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის შესახებ განათლების მინისტრის ბრძანებაში და ასევე, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში.
ცვლილებები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სასარგებლოდ განხორციელდა.
საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობას, სექტორების მიხედვით, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესაბამისი საჯარო სკოლა, რომელიც ვალდებულია თითოეულ პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის არაუმეტეს 10% განსაზღვროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. რიცხოვნობის განსაზღვრისას დამრგვალება ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სასარგებლოდ. რიცხოვნობის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება ინტეგრირებულ კლასში ჩასარიცხი ბავშვების რაოდენობა. იმ საჯარო სკოლებისთვის, რომლებშიც ფუნქციონირებს/გაიხსნება ინტეგრირებული კლასი/კლასები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 10%-ის გარდა უნდა ჩაირიცხოს არაუმეტეს 8 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე.
საჯარო სკოლა ვალდებულია სექტორების შესაბამისად პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა) რიცხოვნობის შესახებ მონაცემები ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.
აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, პირველ კლასში ჩასარიცხად განსაზღვრული ეტაპები ერთით გაიზარდა და რეგისტრაცია განხორციელდება ოთხ ეტაპად:
ა) პირველ ეტაპზე – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის;
ბ) მეორე ეტაპზე – იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ საჯარო სკოლაში, რომელთა მშობელი/მეურვე/მზრუნველი ამ საჯარო სკოლის თანამშრომელია, რომელთა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;
გ) მესამე ეტაპზე – იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრეს (საყოველთაო რეგისტრაცია);
დ) მეოთხე ეტაპზე – ამ პუნქტის „ა“-„გ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების საჯარო სკოლაში წარუდგენლობის გამო გამოთავისუფლებულ ან თავისუფალ ადგილებზე.
„ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ  შემთხვევებში,  პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე, რეგისტრაციას/რეგისტრაციის გაუქმებას უზრუნველყოფს ის საჯარო სკოლა, სადაც მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს სურს რომ ჩაირიცხოს მოსწავლე.
პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენლი უთითებს პირის სავარაუდო სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებაზე და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის შეფასების მოთხოვნის მიზნით ავსებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მომართვის ფორმას, რომელსაც დაურთავს შესაბამის დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობა, ასევე პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის  კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზით პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეუფასებლობა,  არის სკოლის მიერ პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლე უნდა დარეგისტრირდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ვადაში.
სკოლა ვალდებულია, ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის რეგისტრაციიდან მოხსნა ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადების გამოცხადებამდე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რეგისტრაციის გამოცხადების, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და დასკვნის მომზადების ვადები დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“
edu.aris.ge

გარდაიცვალა მერიის თანამშრომელი, რომელიც ქარის შედეგად გადმოვარდნილი სახურავის ქვეშ მოყვა


გარდაიცვალა ბათუმის მერიის თანამშრომელი იოსებ/სოსო შერვაშიძე. ის გუშინ, 4 იანვარს, ბათუმში, ჭავაჭავაძის ქუჩაზე, ქარის შედეგად ჩამოვარდნილი მრავალბინაიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის  ქვეშ მოყვა.
ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს: „სოსო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. მან იმ დღეს სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვისას საკუთარი სიცოცხლე გასწირა. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სოსოს იცნობდა“.
გუშინ ქარმა ბათუმში რამდენიმე სახლს გადახადა სახურავი და დაზიანდა რამდენიმე მანქანა, ასევე მოგლიჯა ხე-მცენარეები.
http://batumelebi.netgazeti.ge

თვეში 100 ათას ლარზე მაღალი ხელფასი საქართველოში 85 ადამიანს აქვს


2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით, თვეში 100 ათას ლარზე მაღალი ხელფასი საქართველოში 85 ადამიანს აქვს. ნოემბერში მათ, ჯამში, 52.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც ერთ დასაქმებულზე საშუალოდ 620 ათასი ლარია. ამის შესახებ 1tv.ge წერს.
მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების სტატისტიკა თვეების მიხედვით ცვალებადია. წელს მათთვის ყველაზე წარმატებული მარტი აღმოჩნდა, როდესაც 100 ათას ლარზე მეტი შემოსავალი 202-მა ადამიანმა მიიღო, ჯამურმა შემოსავალმა კი 130.7 მილიონი ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის ნოემბრის მონაცემებით, 90 ათასიდან 100 ათას ლარამდე ხელფასი 16 დასაქმებულს აქვს;
80 ათასიდან 90 ათას ლარამდე – 25 დასაქმებულს;
70 ათასიდან 80 ათას ლარამდე – 32 დასაქმებულს;
60 ათასიდან 70 ათას ლარამდე – 46 დასაქმებულს;
50 ათასიდან 60 ათას ლარამდე – 109 დასაქმებულს;
40 ათასიდან 50 ათას ლარამდე – 177 დასაქმებულს;
30 ათასიდან 40 ათას ლარამდე – 331 დასაქმებულს;
25 ათასიდან 30 ათას ლარამდე – 322 დასაქმებულს;
20 ათასიდან 25 ათას ლარამდე – 573 დასაქმებულს;
15 ათასიდან 20 ათას ლარამდე – 1220 დასაქმებულს;
12 ათასიდან 15 ათას ლარამდე – 1595 დასაქმებულს;
9600 ლარიდან 12 ათას ლარამდე – 2314 დასაქმებულს;
7200 ლარიდან 9600 ლარამდე – 4922 დასაქმებულს.
სტატისტიკური მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება დაბალხელფასიან სეგმენტში. 4800 ლარიდან 6 ათას ლარამდე ხელფასი 9193 დასაქმებულს აქვს; 3600 ლარიდან 4800 ლარამდე 17 741 დასაქმებულს; 2400 ლარიდან 3600 ლარამდე – 42 748 დასაქმებულს; 1200 ლარიდან 2400 ლარამდე 167 148 დასაქმებულს.
1200 ლარამდე ხელფასი საქართველოში 553 648 დასაქმებულს უფიქსირდება, რაც დასაქმებულთა 68 პროცენტს შეადგენს.
http://infonews.ge

"სასწაულის მოლოდინში ვართ" - როგორია მანანა იმედაძის რძლის მდგომარეობა, რომელიც ღორის გრიპის ვირუსს ებრძვის


კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალი სალომე ქემაშვილი H1N1 (ე.წ. ღორის გრიპი) ვირუსით ინფექციურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში სიკვდილს ებრძვის. ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ქალი აპარატზეა შეერთებული.

როგორც "პრაიმტაიმს" მანანა იმედაძემ განუცხადა, მდგომარეობა ძალიან მძიმეა და სასწაულის მოლოდინში არიან, თუმცა ახლახანს იმედის ნაპერწკალი გაუჩნდათ. 

"გათიშულია აბსოლუტურად, აპარატზეა შეერთებული. იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა იმის გამო, რომ ხელოვნურად უქმნიდნენ სხეულის 35 გრადუს ტემპერატურას, ეს მოიხსნა და ტემპერატურამ თავისთავად 36,7-ზე აიწია. ეს ნიშნავს, რომ რაღაც სასიცოცხლო ფუნქცია ამუშავდა. სასწაულის მოლოდინში ვართ" - უთხრა "პრაიმტაიმს" იმედაძემ და დასძინა, რომ სალომეს რაიმე ქრონიკული დაავადება არ ჰქონია. 

როგორც გაირკვა, სალომე ბორჯომში იყო და იქ აუწია სიცხემ, ღებინება დაეწყო და სამკურნალოდ იქვე მიიყვანეს საავადმყოფოში, მოგვიანებით კი რეანომობილით თბილისში ჩამოიყვანეს.
primetime.ge

[ვიდეო] "იცოდით, რომ სოჭი ადრე საქართველოსი იყო?" - ქეთა თოფურიამ რუს ტელეწამყვანს მოულოდნელად კითხვა შეუბრუნა






"იცოდით, რომ სოჭი ადრე საქართველოსი იყო?" - ქეთა თოფურიამ, რომელიც საკუთარ ჯგუფთან ერთად ყუბანის ადგილობივი არხის ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად იმოყფებოდა, რუს ტელეწამყვანს მოულოდნელად კითხვა შეუბრუნა.
 ვიდეო

დავლიოთ თუ არა წყალბადის ზეჟანგი - რას გვირჩევენ ამერიკელი ექიმები?

ქართულ ინტერნეტსივრცეში ბოლო დროს ისტერიულად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ,
რომ წყალბადის ზეჟანგი არის უნიკალური სამკურნალო საშუალება მრავალი დაავადების წინააღმდეგ, ვრცელდება ვიდეორგოლებიც, რომელთა ავტორები გვირჩევენ წყალბადის ზეჟანგის რეგულარულ მიღებას ინფექციების პროფილაქტიკისთვის, ალერგიის, სიმსუქნის და სიმსივნის სამკურნალოდაც კი.

გვესაუბრება ექიმი თამარ მამაცაშვილი, მკურნალი.გე-ს მთავარი რედაქტორი:

- ჩვენ დავინტერესდით, არსებობდა თუ არა ანალოგიური ინფორმაცია ამერიკის მოსახლეობაში, შევისწავლეთ არაერთი საინფორმაციო წყარო და აღმოჩნდა, რომ ამ პრობლემით ამერიკელი ექიმებიც არიან შეშფოთებულნი. იქაური მოსახლეობაც მოხიბლა ცნობამ იმის შესახებ, რომ წყალბადის ზეჟანგი უნივერსალური სამკურნალო საშუალება ყოფილა და იქაც მასობრივად დაიწყეს მისი მიღება.
ექიმები გაოცებულები არიან, რომ 21-ე საუკუნეში ასეთ საკითხზე უხდებათ განგაშის ატეხვა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ ადამიანები ადვილად ექცევიან საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული არასწორი მოწოდებების გავლენის ქვეშ.

ამერიკელი ექიმები  აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ არ გამოიყენონ წყალბადის ზეჟანგი დასალევად, რადგან შეიძლება შედეგად
რეანიმაციაში ამოყონ თავი. უკვე აღინიშნა ადამიანთა მოწამვლის არაერთი შემთხვევა. იყო კუჭისა და საყლაპავის ლორწოვანის დამწვრობის შემთხვევები, განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა, როდესაც ადამიანები წყალბადის ზეჟანგის კონცენტრირებულ (35%-იან ან უფრო მეტი კონცენტრაციის) ხსნარს მოიხმარენ.

მისი ორგანიზმში მოხვედრისას კუჭში გამოთავისუფლდება დიდი რაოდენობით ჟანგბადი, რომელიც უკეთეს შემთხვევაში კუჭის ლორწოვანის გაღიზიანებას და ღებინებას იწვევს, უარეს შემთხვევაში კი უფრო სერიოზული დაზინებები შეიძლება გამოიწვიოს, არის რისკი, რომ ჟანგბადის ბუშტუკები კაპილარული ქსელით მოხვდება სისხლის მიმოქცევის წრეში, გადაინაცვლებს ტვინისკენ და გამოიწვევს კრუნჩხვას და ინსულტის მსგავს დაზიანებას. ასეთ შემთხვევაში წყალბადის ზეჟანგის მიღება შეიძლება ლეტალურადაც კი დასრულდეს.

მინესოტის მომწამლავ ნივთიერებათა კონტროლის სისტემის ტოქსიკოლოგი ენ არენსი აღნიშნავს, რომ არავითარი მეცნიერულად დადასტურებული მონაცემები წყალბადის ზეჟანგის იმ ეფექტების შესახებ, რის რეკლამირებასაც ეწევიან სხვდასხვა საიტები, არ არსებობს. მისი მიღება მხოლოდ პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.

წყალბადის ზეჟანგი არის ანტისეპტიკური საშუალება. კანის დაზიანებულ უბანთან, ან ლორწოვან გარსთან კონტაქტისას, გამონთავისუფლდება აქტიური ჟანგბადი, ამ დროს ხდება მექანიკური გასუფთავება და ორგანული ნივთიერებების ინაქტივაცია (პროტეინები, სისხლი, ჩირქი).
ანტისეპტიკური მოქმედება არ არის მასტერილებელი, მისი გამოყენებისას ხდება მიკროორგანიზმების მხოლოდ დროებითი შემცირება.
დიდი რაოდენობით ქაფის წარმოქმნა ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას და წვრილი სისხლძარღვებიდან სისხლდენის შეჩერებას.

მიღების ჩვენებებია:
ლორწოვანი გარსების ანთებითი დაავადებები, ჩირქოვანი ჭრილობები, ზედაპირული ჭრილობებიდან კაპილარული სისხლდენა, სისხლდენა ცხვირიდან. დეზინფექციისა და დეზოდორირებისათვის: სტომატიტი, ტონზილიტი, გინეკოლოგიური დაავადებები.


იმის გამო, რომ ჩვენში წყალბადის ზეჟანგის დასალევად გამოყენების მოწოდება რუსული საიტებიდან შემოვიდა, გთავაზობთ ინფორმაციას რუსული წყაროდანაც:

რატომ არ შეიძლება წყალბადის ზეჟანგის დალევა?

ინტერნეტში ვრცელდება სასწაულებრივი რეცეპტები, რომლებიც წყალბადის ზეჟანგის დალევას გვთავაზობენ. ზოგიერთი მათგანი ნაკლებად საშიშია, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ზეჟანგი ყველა ცოცხალ ორგანიზმს ანადგურებს, მისი ზემოქმედებით ნადგურდება არ მხოლოდ მავნე, არამედ ორგანიზმისთვის საჭირო სასარგებლო ბაქტერიებიც, დალევის შედეგად კი განადგურდება კუჭ-ნაწლავის მიკროფლორა და თქვენ შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ.

ინსტრუქციაში მითითებულია, რომ ზეჟანგი მხოლოდ გარეეგანი ხმარებისთვის გამოიყენება და მისი დალევა აკრძალულია.
ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ზეჟანგის განზავებით დაბალ კონცენტრაციამდე შესაძლებელი გახდება მისი დალევა. მაგრამ მედიცინას ჯერ არ შეუსწავლია რა მოქმედებას მოახდენს ადამიანის ორგანიზმზე განზავებული წყალბადის ზეჟანგი. არ არის გამორიცხული, რომ დროთა განმავლობაში მისი მიღების შემდეგ გარკვეული პათოლოგიური ცვლილებები განვითარდეს.

ნუ დაგვავიწყდება, რომ გარეგანი გამოყენებისასაც კი წყალბადის ზეჟანგი ზოგჯერ ძლიერ დამწვრობას ან ალერგიულ რეაქციას იწვევს და მის გამოყენებას არაერთი უკუჩვენება აქვს.
ამიტომ აჯობებს მკაცრად მივსდიოთ პრეპარატის ინსტრუქციას.
mkurnali.ge