Saturday, January 5, 2019

პირველკლასელთა რეგისტრაციის ეტაპებს მეოთხე ეტაპიც დაემატა – ცვლილება კანონში და სკოლების ვალდებულებები

ცვლილება შევიდა „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის შესახებ განათლების მინისტრის ბრძანებაში და ასევე, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში.
ცვლილებები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სასარგებლოდ განხორციელდა.
საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობას, სექტორების მიხედვით, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესაბამისი საჯარო სკოლა, რომელიც ვალდებულია თითოეულ პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის არაუმეტეს 10% განსაზღვროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. რიცხოვნობის განსაზღვრისას დამრგვალება ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სასარგებლოდ. რიცხოვნობის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება ინტეგრირებულ კლასში ჩასარიცხი ბავშვების რაოდენობა. იმ საჯარო სკოლებისთვის, რომლებშიც ფუნქციონირებს/გაიხსნება ინტეგრირებული კლასი/კლასები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 10%-ის გარდა უნდა ჩაირიცხოს არაუმეტეს 8 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე.
საჯარო სკოლა ვალდებულია სექტორების შესაბამისად პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა) რიცხოვნობის შესახებ მონაცემები ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.
აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, პირველ კლასში ჩასარიცხად განსაზღვრული ეტაპები ერთით გაიზარდა და რეგისტრაცია განხორციელდება ოთხ ეტაპად:
ა) პირველ ეტაპზე – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის;
ბ) მეორე ეტაპზე – იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ საჯარო სკოლაში, რომელთა მშობელი/მეურვე/მზრუნველი ამ საჯარო სკოლის თანამშრომელია, რომელთა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;
გ) მესამე ეტაპზე – იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრეს (საყოველთაო რეგისტრაცია);
დ) მეოთხე ეტაპზე – ამ პუნქტის „ა“-„გ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების საჯარო სკოლაში წარუდგენლობის გამო გამოთავისუფლებულ ან თავისუფალ ადგილებზე.
„ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ  შემთხვევებში,  პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე, რეგისტრაციას/რეგისტრაციის გაუქმებას უზრუნველყოფს ის საჯარო სკოლა, სადაც მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს სურს რომ ჩაირიცხოს მოსწავლე.
პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენლი უთითებს პირის სავარაუდო სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებაზე და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის შეფასების მოთხოვნის მიზნით ავსებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მომართვის ფორმას, რომელსაც დაურთავს შესაბამის დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობა, ასევე პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის  კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზით პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეუფასებლობა,  არის სკოლის მიერ პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლე უნდა დარეგისტრირდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ვადაში.
სკოლა ვალდებულია, ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის რეგისტრაციიდან მოხსნა ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადების გამოცხადებამდე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რეგისტრაციის გამოცხადების, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და დასკვნის მომზადების ვადები დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment