Friday, December 5, 2014

სტუ-ში ტარდება პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისა და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატისადმი მიძღვნილი ბრიფინგი

5 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში, პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისა და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატისადმი მიძღვნილი ბრიფინგი ჩატარდება.   ბრიფინგში მონაწილეობას მიიღებენ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, აკად. არჩილ ფრანგიშვილი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პროფ. ზურაბ გასიტაშვილი, ჟიურის თავმჯდომარე, პროფ. ჰამლეტ მელაძე, ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე, პროფ. ზურაბ წვერაიძე, ღონისძიების დირექტორი, თეოდორე ზარქუა, აგრეთვე, სანკტ-პეტერბურგიდან საგანგებოდ მოვლენილი სპეციალისტები: ეგორ კულიკოვი (მსოფლიოში მე-3 რეიტინგის მფლობელი, ილია ვეკუას თასზე საერთაშორისო ოლიმპიადების არაერთგზის გამარჯვებული) და მიხეილ დვორკინი (მსოფლიო რეიტინგლისტის ერთ-ერთი ლიდერი და მრავალი საერთშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული და პრიზიორი).

7 დეკემბერს, პარალელურად სანკტ-პეტერბურგში, ბარნაულში, ტაშკენტსა და თბილისში, ტარდება 2014-2015 წლების სეზონის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი უმაღლეს სასწავლებელთა შორის ე.წ. ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის ზონისთვის. ეს ზონა თითქმის მთლიანად ფარავს პოსტსაბჭოთა სივრცეს (უკრაინისა და მოლდავეთის გამოკლებით) და ნამდვილად უძლიერესია მსოფლიოს ნახევარფინალურ ზონებს შორის. საკმარისია ითქვას, რომ უკვე 10 წელიწადზე მეტია, რაც მედალოსნების ნახევარი ამ ზონას წარმოადგენს.

თბილისში თავს მოიყრიან სამხრეთ კავკასიის საუკეთესო სტუდენტი-პროგრამისტები. ნახევარფინალის ყველა მონაწილე ავტომატურად მონაწილეობს სამხრეთ კავკასიის ღია გუნდურ ჩემპიონატში. ამ ჩემპიონატში წელს მონაწილეობის მისაღებად მოწვეულია რამდენიმე უძლიერესი გუნდი უკრაინიდან. მონაწილეებს შორის იქნება საუკეთესო ქართველი მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდი.

სამხრეთ კავკასიის პირადი პირველობა ჩატარდება 8 დეკემბერს.

მსოფლიო ჩემპიონატი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის სამართლიანად მიიჩნევა ყველაზე პრესტიჟულ ინტელექტუალურ შეჯიბრებად მსოფლიოში. იგი ტარდება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის, ასოციაცია ACM (Association for Computing Machinery)-ის მიერ და ცნობილია დასახელებით ACM ICPC (International Collegiate Programming Contest).

სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში პირველად 2008-2009 წლების სეზონში გავიდა. სასიხარულოა, რომ ეს იყო საქართველოს წარმომადგენელი და ორმაგად სასიხარულოა, რომ იგი პრიზიორთა შორის აღმოჩნდა. ეს იყო თსუ- გუნდი (ნიკა ჯიმშელეიშვილი, ელდარ ბოგდანოვი, გიორგი ლეკვეიშვილი, მწვრთნელი თეოდორე ზარქუა), რომელმაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ცხადია, ასეთი ძლიერი ზონიდან ფინალში გასვლა უაღრესად რთულია. ჯერჯერობით სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელი მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში მეორედ არც გასულა.

პირველი ნახევარფინალი სამხრეთ კავკასიის გუნდებისთვის  2000 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა. ღონისძიების პირველი დირექტორი იყო სტუ- თანამშრომელი ზურაბ გოგიშვილი. სტუ- უმასპინძლა ამ ღონისძიებას 2001 და 2002 წლებშიც. 2003, 2004 და 2006  წლებში სამხრეთ კავკასიის გუნდებმა თავი მოიყარეს ერევანში, სადაც შეჯიბრებას უმასპინძლა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ამ წლებში ღონისძიების დირექტორი იყო ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ვაგრამ დუმანიანი. 2005, 2007 და 2008 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი სამხრეთ კავკასიის გუნდებისთვის ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. 2009 წელს ღონისძიებას უმასპინძლა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა.
2010 წელს, 8-წლიანი პაუზის შემდეგ, შეჯიბრების მასპინძელი კვლავ საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა. ამ წლიდან მოყოლებული, შეჯიბრებას მხოლოდ სტუ მასპინძლობს. ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობს სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, ჟიურის თავმჯდომარეა პროფ. ჰამლეტ მელაძე, ტექნიკური კომპიტეტის თავმჯდომარეა პროფ. ზურაბ წვერაიძე, ხოლო  შეჯიბრების დირექტორია პროფ. თეოდორე ზარქუა.

თეოდორე ზარქუას განცხადებით, ძალთა რეალური შეფასება იძლევა იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ მძაფრი ბრძოლა სამხრეთ კავკასიის საუკეთესო გუნდის სახელის მოსახვეჭად სულ ცოტა 6 უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებს შორის. ესენია ერევნის რუსულ-სომხური სახელმწიფო უნივერსიტეტი, .ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი  და ბაქოს უნივერსიტეტიქავგაზი”.

მისი განცხადებით, მძაფრი ბრძოლა სამხრეთ კავკასიის პირველობისთვის ხელს შეუწყობს ისეთი შედეგის მიღწევას, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლისთვის იქნება აუცილებელი. ამ შეჯიბრებაზე საქართველოს წარმოადგენს თსუ, სტუ, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმიფო უნივერსიტეტი, თსუ- ფრანგულ-ქართული ინფორმატიკის ინსტიტუტი და, პირველად, საქართველოს უნივერსიტეტი. თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილეობას მიიღებს სულ 61 გუნდი. აქედან 28 წარმოადგენს საქართველოს, 14 სომხეთს და 19 აზერბაიჯანს. აქამდე ამდენი გუნდი სამხრეთ კავკასიის ნახევარფინალურ ჯგუფში არ ყოფილა.

სავარაუდოდ, სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატზე უმაღლესი ადგილებისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩაებმება მოსწავლეთა ნაკრები გუნდი. ამ გუნდმა (ელენე მაჩაიძე, გიორგი სხირტლაძე, ალექსანდრე ცხოვრებოვი) ერთი კვირის წინ მოიპოვა რუსეთის მოსწავლეთა ღია გუნდური ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლები (საქართველოს უძლიერესმა გუნდებმა იასპარეზა სტუ-იდან) და ახლო მომავალში მისგან თვალსაჩინო შედეგებს ველოდებით ჯერ მოსწავლეთა, ხოლო შემდეგ  სტუდენტთა საერთაშორისო ოლიმპიადებზე.


No comments:

Post a Comment