Monday, December 8, 2014

სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სტუდენტთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა

8 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ თსუ I კორპუსის ეზოში სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სტუდენტთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნეს. ღონისძიებას თსუ სტუდენტები და პროფესორები დაესწრნენ.
მემორიალის გახსნის შემდეგ სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე თსუ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, ასოცირების შეთანხმების სამოქმედი გეგმის პრიორიტეტებისა და 2015 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა.
სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სტუდენტთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის ავტორია იაკობ ნიკოლაძე. ნამუშევარი, რომელიც დიდმა ქართველმა ხელოვანმა 1908 წელს შექმნა, ბრინჯაოში მოქანდაკე გურამ ნიკოლაძემ ჩამოასხა .
უნივერსიტეტის სტუდენტობა ყოველთვის წინა ხაზზე იდგა ჩვენი სამშობლოს სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე და ხშირად, სამწუხაროდ, მათი თავგანწირვა მსხვერპლითაც მთავრდებოდა.
მემორიალი ეძღვნება ყველა უნივერსიტეტელის ხსოვნას, ვინც 1918 წლიდან მოყოლებული აქტიურად იბრძოდა საქართველოს თავისუფლებისათვის.
მემორიალის აღმართვის იდეა უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით, რომლის განხორციელებას აქტიურად დაუჭირა მხარი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ.

No comments:

Post a Comment