Tuesday, May 24, 2016

როგორ გამოიყურება აბიტურიენტების კომპიუტერები – მზადება გამოცდებისთვის 2016

24 ტონიანი ტვირთი – 12 ათასი ლეპტოპი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით გასაგზავნად მზადდება. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აქედან 10 ათასია საჭირო, 2 ათასი კი რეზერვია იმ შემთხვევისათვის, თუ გამოცდების მსვლელობისას რომელიმე მათგანი მწყობრიდან გამოვიდა.

ცენტრში ამჟამად მოწყობილობები იმგვარ კონდინციამდე მიჰყავთ, რომ მისი ჩართვისას აბიტურიენტს მხოლოდ ტესტზე მუშაობა შეეძლოს და არა ინტერნეტის ან სხვა დოკუმენტების გამოყენება.
ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი ტექნიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიგზავნება, რათა ეროვნული გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონულად
ჩატარდეს.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული სიახლისათვის ისინი დიდი ხანია ემზადებიან.
„მოგეხსენებათ, აპლიკანტებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით უწევთ გამოცდების ჩაბარება. მათთვის ის მოწყობილობები, ლეპტოპები მზადდება, რომლითაც უნდა ჩააბარონ. ლეპტოპი თითოეულ აპლიკანტს ინდივიდუალურად ექნება. მათში შესაბამისი პროგრამა უკვე იტვირთება, რომლშიც იმუშავებენ“,-აღნიშნა მიმინოშვილმა.

სანფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჭანკოტაძე:
„როცა აბიტურიენტი გამოცდაზე შევა, მას უკვე დახვდება ჩართული ლეპტოპი, რომლის ეკრანზეც გამოცდაზე მოქცევის წესები იქნება გამოსული. იგი დაადასტურებს, რომ წესებს გაეცნო და პროგრამაში სპეციალური კოდის შეყვანით საგამოცდო დავალებები გამოჩნდება.
„კომპიუტერის ცოდნაში დიდი კომპეტენციები მას არ სჭირდება. საკმარისია უბრალოდ ეკრანზე ინსტრუქციებს გაეცნოს და ორი ისრის საშუალებით ერთი დავალებიდან მეორეზე გადაინაცვლოს. ასე რომ, კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური ცოდნაც საკმარისია.
„მომავალში გამოცდები უკვე სრულად ელექტრონულად ჩატარდება. ბევრ სხვა რამესთან ერთად ელექტრონული ვერსიის უპირატესობაა ის, რომ მასზე შეიძლება უფრო მრავალფეროვანი ტექსტური დავალებები იყოს წარმოდგენილი, მაგალითად აპლიკანტმა არეგულიროს შრიფტის ზომა და ა.შ.“

როგორც მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნული გამოცდებისათვის 47 ათასამდე  მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. თუმცა, თუ რომელიმე მეთორმეტე კლასელი გამოსაშვები გამოცდების ბარიერს ვერ გადალახავს, ის ეროვნული გამოცდებიდან მოიხსნება.
მისივე თქმით,  გამოსაშვები გამოცდების მსგავსად, პრეტესტის გავლის საშუალება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვისაც აქვთ, ვინაიდან ელექტრონული ტესტის ბუკლეტის ნიმუში მათ ვებ-გვერდზე დევს. ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება გაეცნოს თუ როგორია და ივარჯიშოს.
„რაც შეეხება თავად ამ ლეპტოპებსა და პროგრამას, მის გასაცნობად არაერთი აპრობაცია ჩავატარეთ და არაერთმა აბიტურიენტმა მიიღო მასში მონაწილეობა. ახლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი გაქვს დაგეგმილი – 28 მაისს ტარდება აპრობაცია და ეს იქნება რეალური საგამოცდო პროცესის სრული იმიტაცია. მსურვლთა რეგისტრაცია გამოვაცხადეთ და ზუსტად ნახევარ საათში ყველა ადგილი შეივსო. იძულებული გავხდით დამატებითი ადგილებიც გამოგვეცხადებინა და ისიც დაახლოებით 3 წუთში შეივსო. მათთვის სექტორებს 175 სკოლის საგამოცდო ცენტრში ვამზადებთ,“ – აღნიშნა მიმინოშვილმა.

EDU.ARIS.GE-ს მკითხვალმა უკვე იცის, რომ წელს ეროვნული გამოცდები მაღლივში აღარ ჩატარდება, თუმცა, თბილისში საგამოცდო ცენტრების რაოდენობა გაზრდილია. გამოცდებისთვის მზადდება 175-ე სკოლა, რომელსაც ა. და ბ ბლოკი აქვს, 173-ე, 39-ე, 117-ე და ტექნიკური უნივერსიტეტი. საგამოცდო ცენტრი აღარც 161-ე სკოლაში იქნება.
მაია მიმინოშვილმა 2016 წლის პოპულარულ არჩევით საგნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა დამატებით საგნად ისტორიის ჩაბარება არჩია, მას გეოგრაფია მოსდევს. 
როგორც აღმოჩნდა, თითქმის ორჯერ შემცირდა იმ აბიტურიენტების რიცხვი, რომლებმაც უპირატესობა მათემატიკას მიანიჭეს. მიმინოშვილის თქმით, თუკი შარშან მათემატიკას დამატებით საგნად დაახლოებით 16 ათასი აბიტურიენტი აბარებდა, წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 9 ათასს შეადგენს. არაპოპულარულ საგნებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიც შედის.

ამ ეტაპისათვის მან ვერ დაგვისახელა მოთხოვნად სპეციალობები იმ მიზეზით, რომ აბიტურიენტებს ჯერ კიდევ აქვთ სპეციალობის არჩევის დრო და ძალიან ბევრ მათანს ეს არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია.
რაც შეეხება მოთხოვნად უნივერსიტეტებს, როგორც აღმოჩნდა, ამ კუთხით სახელმწიფო სასწავლებლებიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს, ხოლო კერძო სასწავლებლებიდან თავისუფალი უნივერსიტეტი.
თუმცა, ისევე როგორც სპეციალობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის არჩევის დროც ჯერ კიდევ არის და ამიტომ, აღნიშნული სურათი შესაძლოა შეიცვალოს კიდეც.

ეროვნული გამოცდები 1 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება და 21 ივლისს დასრულდება.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment