Sunday, May 15, 2016

ირინე დარჩია: “იცით, რა აწუხებთ სტუდენტებს?”


მოგესალმებით, ქალბატონო ირინე. გმადლობთ, რომ დრო დამითმეთ. მოხარული ვარ, რომ დღეს უმაღლესი განათლების საკითხებზე კომპეტენტურ პირს ვესაუბრები.      
  საქართველოში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით ხარვეზები რომ ნამდვილად არსებობს, ვფიქრობ, ამაზე არავინ ვდაობთ. მაგრამ სადავოა, ის თუ რამდენად ეფექტიანად მუშაობს განათლების სისტემა, რამდენად ამართლებს ის მეთოდები, რაც შემუშავებული აქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მოტივირებული სტუდენტები მუდამ საზღვარგარეთ განათლების მიღება/გაგრძელებაზე ოცნებობენ და არამხოლოდ ოცნებობენ! მიდიან კიდეც და სულ უფრო და უფრო რწმუნდებიან, რომ საქართველო-ეს ის ქვეყანა არ არის, სადაც საერთაშორისო დონის განათლების მიღება შესაძლებელია. მათ აზრს შეიძლება  აბსოლუტური მხარდაჭერა ვერ გამოვუცხადოთ, მაგრამ ცხადია, უმაღლეს სასწავლებლებთან და განათლებასთან დაკავშირებით ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო.
 – ქალბატონო ირინე, თქვენ, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე კომპეტენტურმა პირმა, გვესაუბრეთ იმ ძირეულ პრობლემებზე, რომელთა არსებობაც საშუალებას არ გვაძლევს ევროპულ, მაღალ სტანდარტებს მივუახლოვდეთ და საქართველოში სწავლა დასაფასებელი, ხოლო წარჩინებული სტუდენტი სათანადოდ დაფასებული იყოს (ვგულისხმობ, დასაქმების რეალურ პერსპექტივას)?
–   დავიწყოთ იმით, რომ საგანმანათლებლო ბაზა საქართველოში საკმაოდ მრავალფეროვანია, ყოველშემთხვევაში რაოდენობრივად მაინც. ჩვენ გვაქვს 74 ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რაც საკმარისზე მეტია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო. რა თქმა უნდა, რაოდენობა ხარისხს არ განსაზღრავს. საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულების რაოდენობა არ არის პრობლემა, მთავარია ეს დაწესებულება აკმაყოფილებდეს დაინტერესებულ მხარეს: ზოგადად, საზოგადოებას, სტუდენტს, დამსაქმებელს და ა.შ. სანამ ვისაუბრებ  საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის  ევროპულ სტანდარტებთან ინტეგრაციაზე, მანამდე განვსაზღვროთ თუ რას გულისხმობს ევროპული სტანდარტი. თავდაპირველად, 1999 წელს დაიწყო ე.წ. „ბოლონიის პროცესი“, შემდეგ 2010 წელს შეიქმნა  ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცე თავისი გარკვეული ღირებულებებით, რომელსაც ერთხმად აღიარებს ამ საგანმანათლებლო სივრცის წევრი ქვეყნები. ზოგისთვის რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველო საკმაოდ თავსებადია ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ღირებულებებისა და პრინციპების თვალსაზრისით. ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ ერთ ენაზე და ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დიპლომები აღიარებულია ევროპაში. ხარისხი და სტანდარტი არც ევროპასა და ამერიკაშია ერთიანი. ჩვენთანაც, რასაკვირველია, არათანაბარი სიტუაციაა. ზოგი უნივერსიტეტი გარკვეული მიმართულებით უფრო მეტად არის დაახლოებული ევროპულ სტანდარტთან და ზოგი- უფრო ნაკლებად. საქართველოში განათლების სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები მდგომარეობს ხარისხში.  მაღალ ხარისხში კი მოიაზრება  შემდეგი რამ: 1) თანამედროვე ინფრასტრუქტურა; 2) კარგი საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემო; 3) უახლესი ლიტერატურა, პერიოდული გამოცემები; 4) მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელიც თავად არის დაკავებული კვლევებით, აქვს წვდომა უახლეს თანამედროვე მიღწევებზე და თავად ქმნის ახალ ცოდნას. ასევე, აუცილებელია, თანამედროვე შინაარსის პროგრამები. ჩვენთან ხარისხის დადგენას ემსახურება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სისტემა, რომელმაც სასწავლო დაწესებულებებს მინიმალური სტანდარტი დაუწესა. თავდაპირველად, ჩვენ გვქონდა უფრო რაოდენობრივ მაჩვენებელზე ორიენტირებული სისტემა, რომელიც 2010 წელს შეიცვალა და დღემდე მოქმედებს. იგი ორიენტირებულია უკვე არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ არსებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სისტემა მოძველებულია და განახლებას საჭიროებს.
  –  რით არის განპირობებული არსებული პრობლემები  და როგორ გეგმავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მათ აღმოფხვრას?
–  პრობლემები განპირობებულია თვითონ სასწავლო პროგრამის შინაარსით, სასწავლებლის სტრატეგიულ გეგმასა და შედეგზე ნაკლები ორიენტირებით. მოძველებული სისტემის მიხედვით, სასწავლო პროგრამა ორიენტირებული იყო სადამსჯელო სისტემის შემუშავებაზე. ასევე, პრობლემას ქმნის ხარისხის მართვის სამსახურში არსებული ინტერესთა კონფლიქტი. ქართული აკადემიური საზოგადოება არის ვიწრო, სადაც ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ან ერთმანეთის მტრები  ვართ ან მეგობრები. ამიტომ, ხშირად ვერ ვართ ობიექტურები.  ეს პრობლემები კი, რასაკვირველია, უნივერსიტეტების მიერ გაცემული განათლების ხარისხზე აისახება. თუმცა, უკვე გადადგმულია ნაბიჯები, რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრას. პირველი და მთავარი,  რაც უკვე  გაკეთდა, არის ავტორიზაციის ახალი სტანდარტები . თუ აქამდე იყო 3 სტანდარტი, ახლა იგი 7 სტანდარტით შეიცვალა, ანუ  სასწავლო დაწესებულების შეფასება მოხდება გაცილებით უფრო კომპლექსურად და სიღრმისეულად, შედეგზე ორიენტირებულად, ვიდრე ეს ხდებოდა მანამდე. აღარ იქნება საკმარისი ვნახო ის, რა წერია ქაღალდზე, არამედ ავტორიზაციის  ექსპერტი ხდება  იძულებული, შეამოწმოს თუ რა შედეგს დებს უნივერსიტეტი. ეს ცვლილებები კანონში უკვე განხორციელებულია. შემდეგში  ავტორიზაცია სასწავლებლებს სწორედ ამ ახალი სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიენიჭებათ . ასევე, ერთ-ერთი პრობლემა რაც გვქონდა იყო ის, რომ არ არსებობდა დარგობრივი სტანდარტები და პროგრამის შინაარსი იყო სუბიექტური შეფასებისა და დავის საგანი. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად დამტკიცებულია დარგობრივი საბჭოების მუშაობის რეგლამენტი და უკვე არსებობს ასეთი საბჭოები, რომელიც უმაღლესი  სასწავლებლების წარმომადგენლებთან ერთად შექმნიან უნივერსიტეტებში დარგობრივ მახასიათებლებსა და აუცილებელ სტანდარტებს. აგრეთვე, მნიშვნელოვანია უცხოელი  ექსპერტების ჩართულობა და ამ თვალსაზრისით, ხარისხის მართვის სამსახურისთვის გამოყოფილია 5 მილიონი ლარი, რათა ხელი შეეწყოს ხარისხის მართვის უზრუნველოყოფის ინტერნაციონალიზაციას.

  –  ბოლო წლებში ზრდის ტენდენციით ხასიათდება  განათლების სექტორის დაფინანსება. რა მნიშვნელოვან  რეფორმებზე იქნა ხარჯები გაწეული  და  რეალურად,, მივიღეთ   თუ  არა ხარჯების შესაბამისი შედეგი?
–  დიახ, დაფინანსება ძალიან არის გაზრდილი, თუმცა განათლების სისტემა ცოტა უმადური სისტემაა- წლები უნდა გავიდეს, რომ დავინახოთ, გაამართლა თუ არა შემუშავებულმა პროექტმა. თუმცა ამ ეტაპზე რა შედეგიც მივიღეთ დაფინანსებისგან არის ის, რომ მეცნიერების დარგის დაფინანსება გაიზარდა 82%-ით, გაიზარდა სოციალური პროგრამით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა და შესაბამისი ხარჯებიც; 21 სპეციალობა გახდა უფასო და სტუდენტები მთლიანად ფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ. ახლა უკვე ამოქმედდება მასწავლებლების მომზადების ერთწლიანი პროგრამა. ბოლო 2 წლის განმავლობაში 50 მილიონი ჩაიდო  სასწავლებლების ინფრასტრუქტურის განვითარებაში. დაფინანსება გასამმაგდა, თუმცა ხარისხობრივი შედეგის ჩვენება დროზეა დამოკიდებული.
 –  განათლების სისტემა, საგანმანათლებლო პროგრამა და სახელმწიფო უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა რამდენად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის? რა იგეგმება ამ მიმართულებით?
– ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რამდენიმე უნივერსიტეტში უკვე მიმდინარეობს რეაბილიტაცია. ავტორიზაციის დღემდე არსებული სტანდარტი სწორედ სასწავლებლების ინფრასტრუქტურის შშმ პირებისთვის ადაპტირებასაც  მოიცავს. ერთბაშად და ერთდროულად ყველა უნივერსიტეტის რეაბილიტაცია შეუძლებელია, რადგან ეს დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუმცა ყველა უნივერსიტეტს აქვს თავისი შიდა რეგულაციები და როცა უნივერსიტეტს ჰყავს უნარშეზღუდული პირი, მისთვის უნდა გაკეთდეს ადაპტირებული სველი წერტილები, ლექციები ჩაუტარდეს პირველ სართულზე და ბიბლიოთეკაც განთავსდეს ამავე სართულზე. ხოლო, როცა ხდება ძველი შენობების სრული რეაბილიტაცია, თავისთავად გათვალისწინებულია ინსფრასტრუქტურის ადაპტირება. სხვათა შორის, ჩვენ ახლა ვმუშაობთ ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე და სწავლების სამივე საფეხურისთვის საკანონმდებლო რეგულაციები გამკაცრდება.
 – სტუდენტთა  დიდი ნაწილი უმაღლეს სასწავლებელში მხოლოდ იმიტომ აბარებს, რომ ბაკალავრის დიპლომი ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, აპირებს თუ არა კარგად სწავლას და შემდეგ პროფესიით მუშაობას. ეს ტენდენცია კი, დამეთანხმებით, მნიშვნელოვანწილად დაბლა სცემს განათლებისა და თვითშეგნების ხარისხს. როგორ შეიძლება ეს მდგომარეობა შევცვალოთ? რა როლი ეკისრება   ბარიერს ერთი და ორი ქულით გადალახული სტუდენტის  მიმღებ სასწავლებელს?
– ყველა უნივერსიტეტს აქვს თავისი პოლიტიკა. ზოგი მუშაობს ხარისხზე, ზოგი კი რაოდენობაზე. ეს არის უნივერსიტეტის შიდა პოლიტიკის ნაწილი. სახელმწიფო უნივერსიტეტს სთხოვს მხოლოდ იმას, რომ შეფასების სისტემა იყოს ობიექტური და იმ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ მეტი შესაძლებლობა და უნარი საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისა და საკუთარი თავის აღმოჩენის, უნდა მიეცეს მეტი ხელშეწყობა და იყვნენ წახალისებულნი. ობიექტურობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა – ეს არის უნივერსიტეტზე დაკისრებული ვალდებულება და დანარჩენს განსაზღვრავს უნივერსიტეტის შიდა პოლიტიკა. ამ კუთხით, ყველა უნივერსიტეტში განსხვავებული მდგომარეობაა. უნივერსიტეტის შიდა პოლიტიკის შეფასებისას, შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორი არის ისიც, თუ რამდენად მკაცრია უნივერსიტეტის მოთხოვნები სტუდენტის მიღების დროს. რაც უფრო მკაცრია მოთხოვნები, მით უფრო პრესტიჟულია უნივერისტეტი, სტუდენტი  კი ხარისხიან განათლებას იღებს. ხოლო, როცა უნივერისტეტი ლიბერალურია ბარიერების დაწესებაში, ჰყავს უფრო მეტი ნაკლებად მომზადებული  დიდი რაოდენობის სტუდენტი და შესაბამისად, ნაკლებად ხარისხიან პროდუქტს გვთავაზობს. ჩემი სუბიექტური აზრით, სასურველია ყველა უნივერსიტეტს დაწესებული ჰქონდეს მაღალი ბარიერი და სწავლებისა და მოთხოვნის მკაცრი მეთოდი, თუმცა ხშირად სიმკაცრე სწავლის ხარისხს არ განსაზღრავს.
– თქვენ აღნიშნეთ, რომ იგეგმება მასწავლებლების გადამზადების პროგრამა, რა ხდება ლექტორების შემთხვევაში? ბევრი არ ფლობს თანამედროვე და ეფექტიანი სწავლების უნარ-ჩვევებსა და საკითხისამდი სპეციფიური მიდგომის ცოდნასა და კვალიფიკაციას…
– ლექტორების გადამზადებაზე თავად უნივერსიტეტმა უნდა იზრუნოს, ეს უნდა იყოს მისთვის პრიორიტეტული. ხარისხიანი განათლების გაცემა დამოკიდებულია აკადემიური პერსონალის მუდმივ განვითარებასა და კვალიფიკაციის დონის ამაღლებაზე. სამწუხაროდ, უნივერსიტეტების წარმომადგენლები ამაზე დიდად არ ზრუნავენ. დიდი მნიშვნელობა აქვს ლექტორებისა და სტუდენტების, რექტორისა და სტუდენტების აქტიურ კომუნიკაციას. ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს, რა სურს მის სტუდენტს, რა არ მოსწონს და რისი გაუმჯობესება სურს. ჩვენ დღეს კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს. შეიძლება სტუდენტს ზოგ საკითხში არ დაეთანხმო, მაგრამ უნდა განსაზღვრო, როგორ შეიძლება მისი სურვილის დაკმაყოფილება  ალტერნატიული გზით. სტუდენტმა ჩემზე უკეთ იცის, მისთვის რა სჯობს და რა უნდა შეიცვალოს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჩვენ გვეშინია ცვლილებების და არ ვუსმენთ მათ სურვილებს. იცით, რატომ გამწვავდა ბოლო დროს მდგომარეობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში? იცით, რა აწუხებთ სტუდენტებს? მათ აკლიათ კომუნიკაცია, აკლიათ თანამშრომლობა ხარისხის მართვის სამსახურთან. ეს უკანასკნელი, სტუდენტს აღიქვამს, როგორც კლიენტს, რომელმაც რაღაც პროდუქი უნდა წაიღოს. სტუდენტს არ აღიქვამენ, როგორც კოლეგასა და თანამშრომელს, რომლის მოსაზრებები ანგარიშგასაწევია. და კიდევ, ხარისხიან განათლებას ქმნის პროფესორისა და სტუდენტის ნაყოფიერი თანამშრომლობა, მაშინ, როცა მათ არ უჭირთ კომუნიკაცია და  პრობლემებზე საუბარი.
– როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერული სწავლების დანერგვა უმაღლეს სასწავლებლებში? მართალია, ბევრი რამ სტუდენტზეა დამოკიდებული მაგრამ, საგნებს თითქოს  ზედაპირულად ვსწავლობთ და  სწავლების მეთოდი მოკლებულია მეცნიერული, სიღრმისეული კვლევის პრინციპებს.
– რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს მცდარი შეხედულება, რომ სამეცნიერო კვლევების ჩატარება მხოლოდ მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე უნდა ვრცელდებოდეს, ეს კი ეწინააღმდეგება ერთიანი ევროპული სწავლების სისტემის ღირებულებას. სწავლებისა და მეცნიერული კვლევის შერწყმა აუცილებელია საბაკალავრო დონეზე. თუმცა უნდა განვასხვავოთ დარგის სპეციფიკა. ყველა დარგს ერთნაირად არ მოეთხოვება სამეცნიერო კვლევების ჩატარება. ზოგიერთი დარგი უფრო მეტად არის პრაქტიკაზე ორიენტირებული, მაგალითად ბიზნესის ადმინისტრირება, იგივე ჟურნალისტიკა და მეტ-ნაკლებად სამართალი. მაგრამ არის უფრო წმინდად მეცნიერული და  ფუნდამენტური შინაარის მქონე დარგები, რომელზეც მასშტაბურად ვრცელდება სამეცნიერო კვლევების ჩატარების პროგრამა. ცხადია, ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციაზე. მართალია, უნივერსიტეტებში ტარდება სამეცნიერო კონფერენციები, თუმცა ეს საკმარისი არ არის. გარდა ამისა, მეცნიერების პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ სკოლიდან და მინდა გითხრათ, რომ ძალინ აქტიურად ტარდება ოლიმპიადები, ტრენინგები,  კონფერენციები მოსწავლეებისთვის, რათა ნათლად წარმოჩნდეს მეცნიერული დარგის უდიდესი მნიშვნელობა. მეცნიერების განვითარება განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდები ამ დარგით დაინტერესდნენ. სწორედ ამ მიზნით გახდა 21 ფაკულტეტი უფასო.
    – გვყავს ძალიან ბევრი ჟურნალისტი, იურისტი, ეკონომისტი, სამაგიეროდ ძალიან ცოტა ფიზიკოსი, ქიმიკოსი, ბიოლოგი და ა.შ. ჯერჯერობით ვერ ამართლებს განათლების სისტემის რეფორმა, რომ 21 სამეცნიერო დარგის  ფაკულტეტი უფასოდ ისწავლება…
– დიახ, გეთანხმებით. იმიტომ გახდა უფასო, რომ თქვენ მიერ ჩამოთვლილი დარგის სპეციალისტების დეფიციტი იყო. იმედი გვაქვს, რომ ეს დაფინანსება   ახალგაზრდებში მოტივაციის ზრდას უფრო და უფრო შეუწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ყველა, ვინც აბარებს უფასო ფაკულტეტზე, შეიძლება დიდი, გენიოსი მეცნიერი არ გამოვიდეს, მაგრამ როცა არის სტუდენტების კრიტიკული მასა, მაშინ შანსი მეტია, მეცნიერების დარგით დაინტერესებული სტუდენტების რაოდენობა გაიზარდოს. მას შემდეგ, რაც ჩვენ ბოლონიის პროცესში ჩავერთეთ, ვზრუნავდით განათლების სისტემის სტრუქტურულ განვითარებაზე, ახლა კი ჩვენ დავიწყეთ შინაარსობრივი პოლიტიკის განსაზღვრა,  და შედეგზე ორიენტირებული სწავლების დანერგვა. ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, უბრალოდ დროის საკითხია.
–  მე გავეცანი 2010 წლისა და 2014 წლის საერთაშორისო რეიტინგს და საქართველოს არცერთი უნივერსიტეტი არც 400 და არც 800 მსოფლიო საუკეთესო უნივერსისტეტბს შორის არ არის. რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილდებდეთ, რომ რანჟირების სისტემაში მოვხვდეთ?
– არსებობს სხვადასხვა რეიტინგი. 2015 წლის ერთ-ერთი რეიტინგის მიხედვით, საქართველოს მხოლოდ ერთი უნივერსიტეტი მოხვდა საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის და ეს არის თსუ (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ფიზიკის მიმართულებით. იმისათვის, რომ მოხვდე რანჟირების სისტემაში, უნდა გქონდეს ძალიან მაღალი დონის სამეცნიერო პროდუქცია. ჩვენ ეტაპობრივად ამ მიმართულებით მივდივართ და ამის დასტურია ის, რომ ორი ქართული სამეცნიერო ჟურნალი  ელსევიერის ბაზაში შევიდა. პოტიზიური გამონაკლისები და დინამიკა ნამდვილად არსებობს!
–   და ბოლოს, შევეხები ყველა დამამთავრებელი კურსის სტუდენტისთვის მტკივნეულ თემას: სტუდენტთა უმეტესი ნაწილი გამოცდილების არქონის გამო პროფესიით ვერ საქმდება- გამოუცდელი კურსდამთავრებულის სამასახურში აყვანა არცერთ დამქირავებელს არ უნდა, სტაჟირების გავლა ძირითად შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან დამქირავებელი დროს არ კარგავს. როგორ უწყობს ხელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტუდენტებს სტაჟირების გავლისა და დასაქმების თვალსაზრისით?
 –   ეს მართლაც პრობლემური საკითხია. ხელშეწყობით ნამდვილად ვუწყობთ ხელს სტუდენტებს, რადგან თბილისის მერიას და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემუშავებული აქვს სტაჟირების პროგრამა დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, თუმცა რაოდენობა შეზღუდულია და უპირატესობა მოტივირებულ და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს ენიჭებათ. ის, რომ საქართველოს თითოეულმა სტუდენტმა საჯარო სამსახურში სტაჟირება გაიაროს-შეუძლებელია. ამის პრაქტიკა არ არსებობს არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ზოგადად, დასაქმება კომპლექსური და მასშტაბური პრობლემაა, ამიტომ მისი აღმოფხვრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეროგატივა არ არის. მთავარია, ქვეყანაში ძლიერი ეკონომიკური ბაზის შექმნა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სტუდენტთა დასაქმება და არა მხოლოდ, სტუდენტთა. ამ შემთხვევაში, ძირითადი როლი უნივერსიტეტს ეკისრება, რადგან სწორედ უნივესიტეტმა უნდა მისცეს სტუდენტს იმ დონის განათლება, რომ კურსდამთავრებულმა შრომით ბაზარზე თავის დამკვიდრება ადვილად შეძლოს. ასევე, თვითონ უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს სტუდენტების პრაქტიკული მეცადინეობა სხვადასხვა კომპანიებთან და ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. მე მინდა, ერთ ტენდენციაზე გავამახვილო ყურადღება. ჩვენ, საქართველოში გვგონია, რომ სამსახური მაინცდამაინც მაღალი თანამდებობით უნდა დავიწყოთ და პირველივე ჯერზე პროფესიით ვიმუშავოთ. არასაკმარისი გამოცდილების მიუხედავად, გვინდა ვიყოთ ვთქვათ, მენეჯერები, დირექტორები, მინისტრები და ა.შ. თავდაპირველად, სხვა სფეროში ძალების მოსინჯვა სულაც არ არის სამარცხვინო და დასაძრახი. ის, რომ სხვა სფეროშიც გამოდგის საქმე კარგად, ეს ნიშნავს, რომ უმაღლესი განათლება მართლაც კარგად გაქვს მიღებული და გამოგადგა.
  – მაგრამ იმისათვის, რომ  ვთქვათ, მე მოლარე-კონსულტანტად ვიმუშავო, სულაც არ  მჭირდება ჟურნალისტიკის ბაკალავრის დიპლომი და ცოდნა. მთავარია ელემენტარულ უნარ-ჩვევებს ვფლობდე…

–  დიახ, მართალი ხართ, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა დავუშვათ, საბანკო საქმით ხართ დაინტერესებული და თავდაპირველად, ბუღალტერად მოგიწიოთ მუშაობა – სულაც არ არის დასაძრახი. მთავარია, დასაქმებული იყო და მუდმივად მუშაობდე კვალიფიკაციის ამაღლებაზე. საკუთარ მაგალითზე გეტყვით, მე პროფესიით კლასიკური ფილოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ვარ, მაგრამ ბოლო 11 წელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტორში ვმუშაობ.  ეს კი საკუთარ თავზე მუდმივი შრომით მივაღწიე. ამით იმის თქმა მინდა, რომ პირველი ეტაპისთვის ადამიანმა არაპროფესიით მუშაობაზე არ უნდა თქვას უარი. ნებისმიერი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი, თუ შრომას და ბრძოლას არ შევწყვეტთ.


საუბარს უძღვებოდა ჟურნალისტი მარიკა @ჰედუ კიკალია

No comments:

Post a Comment