განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
პრემიერმა თამარ სანიკიძის შემცვლელად ალექსანდრე ჯეჯელავა წარადგინა. "მინდა წარმოგიდგინოთ სანდრო ჯეჯელავა, რომელიც გახლავთ ძალიან გამოცდილი ადამიანი. ის იყო კომაროვის სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული კურსდამთავრებული. ამის შემდეგ მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ ESM-ის ბიზნეს სკოლა, რომელიც დღეს "თავისუფალი უნივერსიტეტის" სახელით არის ცნობილი, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების, ისე ინოვაციების სფეროში და რაც ყველაზე მთავარია, განათლების სფეროში - კონკრეტულად იმ მიმართულებით, რომელიც მთლიანად ეხმიანება ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის მიმართულებებს. მხედველობაში მაქვს პროფესიული განათლების და კადრების გადამზადების სფერო და ა.შ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
43 წლის ჯეჯელავა "მართვის აკადემიის" თავმჯდომარე და ლიდერ-ტრენერი გახლავთ. არის მათემატიკურ მეცნიერებეთა მაგისტრი, სერტიფიცირებული საერთაშორისო ქოუჩი და პროექტების მენეჯერი. პროექტების მენეჯმენტში 20-წლიანი გამოცდილება აქვს.
ასევე, აქვს 10-წლიანი გამოცდილება აკადემიურ სწავლებასა და პროფესიონალურ ტრენინგებში, რომლებიც მოიცავს: ლიდერობას, ზოგად და პროექტების მენეჯმენტს, საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტს, გაყიდვების მართვას, დროის მართვას, სტრატეგიულ მენეჯმენტს და ა.შ.
ჯეჯელავა საკუთარ ბიოგრაფიას ასე გადმოსცემს: 1991 წელს დავიწყე მუაობა კომპანია "კომპი-ში", 1993 წელს გადავედი საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც 2000 წლამდე ვიმუშავე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ეროვნული ბანკის შემდეგ "ინტელექტ ბანკში" ვიმუშავე ორი წელი ჯერ IT-ს უფროსად, შემდეგ გენერალური დირექტორის მოადგილედ. ამ ბანკში პირველად ჩამბარდა მარკეტინგი, PR და კიდევ რამდენიმე სტრატეგიული პროექტი.
2002 წელს შევუერთდი კომპიუტერული კომპანია "UGT"-ს გუნდს ტექნიკური დირექტორის როლში და შემდგომ წლებში რამდენიმეჯერ შევიცვალე საქმიანობის მიმართულება. 2007 წელს გადავწყვიტე, რომ თავისუფალი (freelance) პროექტის მენეჯერობისკენ წავსულიყავი და ერთი დამსაქმებლისთვის აღარ მემუშავა. მქონდა რამოდენიმე პროექტი ყირგიზეთში, სასომხეთში, საქართველოში. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტი "თიბისი" ბანკში იყო. 2008 წელს შემომთავაზეს "თიბისი" ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობამ ჯერ IT მიმართულებით, ხოლო 2010 წლიდან, დამატებით, HR მიმართულებით. 2010 წლის ბოლოს მე და ჩემმა პარტნიორებმა დავაფუძნეთ "მართვის აკადემია," რომელიც დღემდე ჩემი ძირითადი სამსახურია" - ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა The Tbilisi Times-თან 2015 წლის ინტერვიუში.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment