Thursday, December 8, 2016

ვინ დაიშვება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საატესტატო გამოცდების გარეშე

საზღვარგარეთ აღიარებული პროგრამების კურსდამთავრებულებისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაშვების პროცედურა გამარტივდება – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა.
შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტზე უკვე დარეგისტრირებულია. მარიამ ჯაშის განმარტებით, დღეს საქართველოში არაერთი წარმატებული საერთაშორისო სკოლა ფუნქციონირებს, რომელთა კურსდამთავრებულებსაც უკვე აქვთ გავლილი სხვადასხვა ქვეყნების საატესტატო გამოცდები და აღნიშნული ინიციატივით სწორედ ამ გამოცდების გამარტივებული წესით აღიარება მოხდება და აბიტურიენტები პირდაპირ დაიშვებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე საპარლამენტო უმცირესობიდან სერგო რატიანი.
“საქართველოში არსებობს სკოლები, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო პროგრამა და ამ პროგრამაში შედის ასევე გამოცდები. მაგალითად, ფრანგული სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას იმ გამოცდებში, რომელიც არის დამკვიდრებული ამა თუ იმ ქვეყანაში. ამიტომ, ამის აღიარება უნდა მოხდეს და არაა აუცილებელი საატესტატო გამოცდები ჩააბარონ ამ ახალგაზრდებმა, ეს არის ნორმალური ინიციატივა,” -აღნიშნა რატიანმა EDU.ARIS.GE -სთან საუბრისას.
ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ მომზადებული დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში ვკითხულობთ: მე-6 მუხლის 1 პრიმა პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც: ა) ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტირებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით დაძლია.; ბ). ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა დაძლია ამ კანონის მე-2 მუხლის “ჟ” ქვეპუნქტის “ჟ.ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგადააგანმანათლბლო დაწესებულებაში”.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებაზე საკომიტეტო მოსმენები უახლოეს მომავალში დაიწყება.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment