Thursday, December 15, 2016

რა ცვლილებებია სქემაში – „მასწავლებელი სკოლიდან წავა სხვა მიზეზებით, ეს სქემა სახლში არ გაუშვებს არავის“

„მასწავლებლის სქემაში ახალი ცვლილებების მიხედვით, შეიძლება ითქვას, პრაქტიკოს პედაგოგს აღარ ვემუქრებით. აღარ ვეუბნებით, „სამ წელიწადში სახლში წადი“. ეს ძალიან დიდი ცვლილებაა. მასწავლებელი სახლში წავა სხვა მიზეზებით. ეს სქემა სახლში არ გაუშვებს არავის. სქემა არის პროფესიული განვითარების და ამიტომ მასწავლებელი დაკავებული იქნება პროფესიული განვითარებით და არა სახლში გაშვებით. სახლში გაშვების სქემა ცალკე იქნება“,- აღნიშნული განცხადება საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სახელმწიფო კომისიის სამუშაო შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კომისიის წევრებმა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
მინისტრმა ასევე ისაუბრა, კიდევ რა ძირითადი ცვლილებები შედის მასწავლებლის სქემაში:
„მეორე, რაც იცვლება ისაა, რომ თუ მხოლოდ საგნის გამოცდა იყო შემდგომ კატეგორიაში გადასვლის საფუძველი, ახლა ასე აღარ იქნება. საგნის გამოცდას დაემატება პროფესიული უნარების გამოცდა. დაემატება ტრენინგი პროფესიულ უნარებში, პედაგოგიკაში, საგანში. დაემატება შიდა სასკოლო დაკვირვება. კიდევ სხვა კომპონენტები და ამ ჯამური ქულით მიიღებს პედაგოგი უფროსი მასწავლებლის სტატუსს. მერე შენარჩუნებისას კიდევ ახალი კრიტერიუმები იქნება.  ჩვენ ვცდილობთ, ბარიერის გადალახვა მასწავლებლებისთვის გახდეს უფრო რეალისტური, იმიტომ რომ ახლა ძალიან ცალმხრივია.
კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ გამოცდას ბარიერი არ აქვს. მასწავლებელმა შეიძლება აიღოს 1, 20 ან 80 ქულა და ჰქვია, რომ ჩააბარა გამოცდა. ანუ 1 ქულაზე, 20 ქულაზე, ან 80 ქულაზე აბარებს გამოცდას. ცხადია, ვინც 1 ქულაზე ჩააბარებს გამოცდას, ის შემდგომ საფეხურზე ვერ გადავა. ,,ჩავიჭერი“, ან „ჩაჭრილები“, რომელიც ძალიან შეურაცხმყოფელია და  ნეგატიური, აღარ იქნება“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
სახელმწიფო კომისიის წევრმა რევაზ აფხაზავამ ცვლილებები შეაფასა და განაცხადა, სქემა უფრო მოქნილი და შედეგზე ორინტირებული გახდა. მისი თქმით, რეალურად მასწავლებლის სქემა თავიდან ბოლომდე პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გახდა და მას სადამსჯელო საკითხები ჩამოსცილდა.
„მასწავლებლის სკოლიდან გაშვება ცალკე საკითხია და გვპირდებიან, რომ ამ მიმართულებით ცალკე დოკუმენტები შეიქმნება. ახალ სქემას დაემატება პროფესიული უნარების გამოცდა. სავადებულო დაკვირვება იქნება. შიდა დაკვირვება უნდა გაიაროს მასწავლებელმა წელიწადში ორჯერ. თვითონ სკოლის შიგნით, მასწავლებლებისგან და დირექტორისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ უნდა შეაფასოს მასწავლებელი. გვეცოდინება,  რომ ამ მასწავლებლის გაკვეთილზე მინიმუმ 2-ჯერ არის დირექტორი ნამყოფი და მასაც ექნება პასუხისმგებლობა გაზიარებული და აღარ იტყვის, რომ მე არ ვიცოდი, მასწავლებელი გაკვეთილზე ვერაფერს რომ ვერ აკეთებდა.
მასწავლებელი აუცილებად უნდა გავიდეს ორივე გამოცდაზე. მნიშვნელობა არ აქვს რამდენ ქულას დააგროვებს. გამოცდით შეიძლება 15 ქულით დაგროვება. თუ საკმარის ქულებს ვერ დააგროვებს გამოცდით, შეიძლება, რომ შესაბამისი აქტივობით ჩანაცვლდეს. მას შესაძლებლობა ექნება აიღოს დამატებით საგნის ტრენინგი. თუ უნარების გამოცდას ვერ აბარებს, აიღოს პროფესიული უნარების გამოცდის ტრენინგი. ეს ალტერნატივები გაჩნდა, რაც კარგია. 4 კრედიტი დაგროვდება 2-2 კრედიტიანი საგაკვეთილო დაკვირვებით. გარე დაკვირვება ზედა საფეხურზე არის. გამოცდაზე დაგროვებული კრედიტი პლუს შიდა შეფასება და თუ ეს არ ეყოფა  უფრსოსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, შეუძლია სხვა აქტივობები აიღოს“,- გვითხრა რევაზ აფხაზავამ.
EDU.ARIS.GE ექსკლუზიურად გთავაზობთ პრაქტიკოსი მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც მას კრედიტ-ქულების დაგროვებაში დაეხმარება.
საქმიანობები საგნობრივი და პროფესიული მიმართულებით იყოფა:
საგნობრივ მიმართულებას მიეკუთვნება: საგნობრივი ტრენინგების გავლა საჭიროებებიდან გამომდინარე (1 კ/ქ. 25 საათი); სასწავლო რესურსის შექმნა (1 კ/ქ); გამოცდილების გაზიარების მიზნით კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და ამ შეხვდრებში მონაწილეობა (0,5 -1 კ/ქ); კონკურსებისთვის, ოლიმპიადებისთვის, შეჯიბრებებისთვის( მათ შორის სპორტული და სახელოვნებო) მოსწავლის მომზადება (1 კ/ქ); ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში (1 კ/ქ);
პროფესიულ მიმართულებას მიეკუთვნება შემდეგი აქტივობები: პროფესიული უნარების ტრენინგების გავლა საჭიროებიდან გამოდინარე (1 კრედიტ-ქულა. 25 საათი); ტრენინგი საგნობრივ მეთოდიკაში (1 კრედიტ-ქულა. 25 საათი); საკლუბო/საწრეო მუშაობა (1-2 კ/ქ); სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა (1 კრედიტ-ქულა). ფასილიტატორობასაც კრედიტ-ქულა ენიჭება. 3 კრედიტი თუ წელიწადში ეხმარება არაუმეტეს 15 მასწავლებელს და 5 კრედიტი, თუ 15-ზე მეტს ეხმარება. მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრობა (გარდა ფასილიტატორისა) წელიწადში 2 კ/ქ.
რევაზ აფხაზავას თქმით, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება შედარებით გამარტივდა, მაგრამ შენარჩუნება გართულდა. მისი თქმით, მოტივაციის თვალსაზრისით ეს კარგია. ანუ მასწავლებელი შედარებით მარტივად მოიპოვებს სტატუსს, მაგრამ მერე უნდა იმუშაოს ამ სტატუსის შესანარჩუნებლად. აფხაზავა აცხადებს, რომ ახალ სქემაში წამყვანზე და უფროს მასწავლებლებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, თუმცა იქაც სტატუსის შენარჩუნება გართულდება.
სახელმწიფო კომისია ამ სქემასთან დაკავშირებით აღარ შეიკრიბება. ის ცვლილებებს სქემაში ერთ კვირაში დაამტკიცებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა (დოკუმენტი)
ცისანა არის©
edu.ars.ge

No comments:

Post a Comment